English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 1 ∘ სულხან ტაბაღუა
კავშირი ფისკალურ წესებსა და Covid19 შოკს შორის საქართველოს მაგალითზე (მაკრო მიდგომა)

ვრცელი რეზიუმე

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მის შემადგენლობაში მყოფი ქვეყანები, მათ შორის საქართველოც, ეკონომიკურ სისტემის მოდერნიზაციას შეუდგა. რაც ბუნებრივია დაიწყო ეკონომიკური საქმიანობის საკანონმდებლო ჩარჩოს ცვლილებებით და საბაზრო ეკონომიკის განვითარებისთვის შესაბამისი გარემოს შექმნით. საწყისი პერიოდიდან საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის ძირითად მიმართულებად ეკონომიკური თავისუფლების ზრდა განისაზღვრა. ეკონომიკური თავისუფლება, როგორც ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი პრინციპი დაკავშირებულია: მთავრობის მცირე ზომასთან, პასუხისმგებლიან მაკროეკონომიკურ პოლიტიკასა და დაბალ გადასახადებთან. აღნიშნული გარემოებები განისაზღვრა შესაბამისი კანონმდებლობით და  ქვეყნის ეკონომიკური პროგრამების მთავარი პოსტულატად იქცა.

გრძელვადიანი ეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და ეკონომიკური ზრდის მხარდასაჭერად, ქვეყნების უმეტესობამ შესაბამისი კანონმდებლობის საფუძველზე დააწესა სამართლებრივი შეზღუდვები მნიშვნელოვან ფისკალურ პარამეტრებზე. ეკონომიკურ ლიტერატურაში ამ ტიპის შეზღუდვა ცნობილია, როგორც „ფისკალური წესები“, რომელიც თავის მხრივ მოიცავს რაოდენობრივ და პროცედურულ ფისკალურ წესებს. ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, მსოფლიოს მასშტაბით იზრდება იმ ქვეყნების რაოდენობა, რომლებმაც მიიღეს წესებზე დაფუძნებული ფისკალური პოლიტიკა. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით 2021 წლის ბოლოსთვის, დაახლოებით 105 ქვეყნაში ფუნქციონირებდა მინიმუმ ერთი ფისკალური წესი.

ფისკალური წესების ცვლილების პროცესი გარკვეულ კორელაციაში გლობალურ თუ ცალკეული რეგიონის დონეზე განვითარებულ სხვადასხვა ტიპის კრიზისებთან.  პანდემიამდე (Covid19) ფისკალური წესების გავრცელება მსოფლიოში სამ ეტაპს ითვლის: პირველი, მოიცავს 1990-იანი წლების პირველ ნახევარს და უკავშირდება სასესხო კრიზისებისა და საბიუჯეტო კორექტირების აუცილებლობას ევროზონის ქვეყნებში; მეორე ეტაპი, 2000-იანი წლებში  განვითარებად ქვეყნებში აღმოცენებული პრობლემები; 2008-2009 წლების მსოფლიო ფინანსურმა კრიზისმა ცხადყო, რომ სახელმწიფოები არ იცავდნენ დადგენილ ფისკალურ წესებს, რის შედეგადაც დაიწყო მესამე ეტაპი - არსებული წესების გადახედვა, მათი მოქნილობის, ეკონომიკურ რყევებზე მეტად ეფექტიანი რეაგირების შესაძლებლობის გაზრდით. ამასთან, ნათელია, რომ Covid19-ის მსგავსი შემთხვევები მოითხოვს ისეთი საგამონაკლისო წესების არსებობას, რომლებიც შესაძლებლობას იძლევა მოხდეს ფისკალური „წესებიდან დროებითი გადახვევა“.

წინამდებარე კვლევის ფარგლებში მაკროეკონომიკური მიდგომის საფუძველზე გაანალიზებულია ფისკალური წესების თეორიული საფუძვლები, მახასიათებლები და ტიპები, მოცემულია კავშირი Covid19-ის შოკისა და ფისკალური წესებზე. წარმოდგენილია საქართველოში მოქმედი ფისკალური წესების თავისებურებები, ყურადღება გამახვილებულია ფისკალური წესების ანტიკრიზულ ბუნებასა და როლზე მაკროეკონომიკური სტაბილურობის ხელშეწყობის პროცესში. ასევე, საქართველოსათვის ეკონომეტრიკული ანალიზის საფუძველზე წარმოდგენილია მცდელობა ფისკალური წესებიდან გადახრის შეფასების.