ე კ ო ნ ო მ ი ს ტ ი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის რეცენზირებადი, ბეჭდურ-ელექტრონული, საერთაშორისო სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალი
|
|||||||||||||||||||||||||||||||||
|
|
ჟურნალი ნომერი 2 ∘
ირაკლი არჩვაძე ∘
ფულადი ტრანზაქციების გავლენა ეკონომიკურ ზრდაზე კვლავწარმოების ციკლის კონტექსტში (საქართველოს მაგალითზე) DOI kodi: 10.52340/ekonomisti.2026.02.18 ანოტაცია. სტატიაში გაანალიზებულია ფულადი ტრანზაქციების, კერძოდ რემიტანსების, როლი ერთობლივი მოთხოვნის ფორმირებასა და ეკონომიკური ციკლის დინამიკაში საქართველოს მაგალითზე. მიუხედავად იმისა, რომ რემიტანსები არ განიხილება ეკონომიკური ზრდის უშუალო ფაქტორად, ისინი მნიშვნელოვან ირიბ გავლენას ახდენენ მოხმარებაზე, შემოსავლების განაწილებასა და ეკონომიკური აქტივობის ციკლურ რყევებზე. კეინსიანური თეორიული ჩარჩოსა და მაკროეკონომიკური აღწერითი ანალიზის გამოყენებით ნაჩვენებია, რომ საქართველოში რემიტანსები ძირითადად ფუნქციონირებს როგორც მოკლე-დან საშუალოვადიანი მოთხოვნით სტიმული და ნაწილობრივი ავტომატური სტაბილიზატორი ეკონომიკური დაღმასვლის პერიოდში, მაშინ როდესაც მათი წვლილი გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდაში შეზღუდულია სტრუქტურული და ინსტიტუციური ცვლილებების გარეშე. სტატიაში დასაბუთებულია, რომ რემიტანსები და პირდაპირი უცხოური ინვესტიციები უნდა განიხილებოდეს როგორც ურთიერთშემავსებელი და არა კონკურენტული ეკონომიკური ფაქტორები. სტატიის მიზანია რემიტანსების გავლენის დროითი და ციკლური ხასიათის ანალიზი საქართველოს ეკონომიკის მაგალითზე და მათი როლის შეფასება მოკლევადიან ეკონომიკურ დინამიკასა და გრძელვადიანი ზრდის კონტექსტში. საკვანძო სიტყვები: რემიტანსები; ერთობლივი მოთხოვნა; ეკონომიკური ზრდა; ბიზნეს-ციკლი; პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. JEL კლასიფიკაცია: E21, E32, F24, O11 შესავალი ეკონომიკური ზრდის განმაპირობებელი ფაქტორების კვლევა თანამედროვე მაკროეკონომიკის ერთ-ერთ ცენტრალურ საკითხს წარმოადგენს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა იმ მექანიზმებს, რომლებიც გავლენას ახდენენ ერთობლივ მოთხოვნაზე და, შესაბამისად, ეკონომიკური აქტივობის დინამიკასა და ბიზნეს-ციკლზე. ამ კონტექსტში ფულადი ტრანზაქციები, განსაკუთრებით საზღვარგარეთიდან მიღებული რემიტანსები, მნიშვნელოვან, თუმცა ძირითადად ირიბ როლს ასრულებს. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური ზრდის კლასიკურ მოდელებში რემიტანსები იშვიათად განიხილება როგორც უშუალო ფაქტორული ელემენტი, ისინი მონაწილეობენ კვლავწარმოების პროცესის სხვადასხვა ფაზაში გაშუალებულად - სხვა ფაქტორების[1] განაწილების[2], გაცვლის[3] და მოხმარების ეტაპებზე[4] - და ამ გზით გავლენას ახდენენ ეკონომიკური აქტივობის მასშტაბებსა და ციკლურ რყევებზე. საქართველოსთვის აღნიშნული საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია, ვინაიდან რემიტანსების თანაფარდობა ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის მიმართ მნიშვნელოვნად აღემატება გლობალურ საშუალო მაჩვენებლებს (ბოლო მონაცემებით, 252% vs. 40%). ამასთან, სადისკუსიო საკითხად რჩება კითხვა, რამდენად ხანგრძლივია რემიტანსების გავლენა ეკონომიკურ ზრდაზე და უკავშირდება თუ არა იგი ბიზნეს-ციკლის ფაზებსა და საშუალო ხანგრძლივობას. საკითხის კვლევის დონე კვლევები დიდწილად აჩვენებენ, რომ რემიტანსების გავლენა ეკონომიკურ ზრდაზე არის პოზიტიური, თუმცა მას აქვს პერიოდული და კონტექსტური ხასიათი. ამასთან, მაღალმა ტრანზაქციულმა შემოდინებებმა შესაძლოა გამოიწვიოს ინფლაციური წნეხი და იმპორტზე დამოკიდებულობის ზრდა, რაც ამცირებს მათი დადებითი ეფექტის მდგრადობას. ზოგი კვლევა აფიქსირებს მოკლევადიან დადებით ეფექტებს რემიტანსებისა და მოთხოვნის ზრდის მიზეზით, განსაკუთრებით მაღალი შემოსავალი/მაღალი მოთხოვნის ქვეყნებში, მაგრამ საერთო მონაცემებში ეფექტები ხშირად განსხვავებულია ქვეყნების მიხედვით და დამოკიდებულია იმაზე, როგორაა ტრანზაქციები გამოყენებული. ეკონომიკურ ზრდაზე რემიტანსების გავლენა დიდწილად განისაზღვრება იმით, თუ რამდენადაა შესაძლებელი მათი გადაქცევა ფინანსურ საშუალებებადან საბიუჯეტო, საგანმანათლებლო, ჯანდაცვით ინვესტიციებში გადამისამართება. რემიტანსების გამოყენება ყოველდღიურ მოხმარებაში, რა თქმა უნდა, მონაწილეობს ეროვნული ეკონომიკის შესაბამისი წლის ზრდაში, მაგრამ ნაკლებად შეაქვთ წვლილი ეკონომიკური ზრდის გრძელვადიან ტრენდში. იმ ქვეყნებში კი, სადაც ამ ფულს იყენებენ ინვესტიციებში ან წარმოებაში, რემიტანსების ეკონომიკურ ზრდაზე დადებითი გავლენა შეიძლება შენარჩუნდეს 5-10+ წლის განმავლობაში, ანუ ეკონომიკური ციკლის პერიოდზე უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში (Matuzeviciute and Butkus, 2016). ცალკეულ კვლევებში ხაზგასმულია, რომ რემიტანსების წილი ქვეყნის მშპ-ში მნიშვნელოვანწილად ზრდის საერთო მოთხოვნას და შეუძლია წაახალისოს ეკონომიკური აქტივობა კრიზისულ პერიოდშიც (Migration and Remittances during the Global Financial Crisis and Beyond” - World Bank (2012); I. Ullah, N. P. Joshi და სხვ. - “The role of remittances in building resilience…” (Systematic Review, 2025) თეორიული ჩარჩო: რემიტანსები და ერთობლივი მოთხოვნა კეინსიანური მაკროეკონომიკური თეორიის მიხედვით, მოკლევადიან პერიოდში ეკონომიკური აქტივობის ძირითად მამოძრავებელ ძალას ერთობლივი მოთხოვნა წარმოადგენს. ფულადი ტრანზაქციები ზრდის მოსახლეობის განკარგვად შემოსავალს, რაც ზღვრული მოხმარების მიდრეკილების პირობებში იწვევს მოთხოვნის ზრდასა და მულტიპლიკაციურ ეფექტს. კონცეპტუალურად, ერთობლივი მოთხოვნა შეიძლება წარმოდგენილ იქნას შემდეგი გამარტივებული ფორმით: AD = Yₜ + R სადაც Yₜ წარმოადგენს ქვეყნის შიგნით გენერირებულ დასაბეგრ შემოსავალს, ხოლო R - საზღვარგარეთიდან მიღებულ რემიტანსებს. აღნიშნული ფორმულა არ წარმოადგენს სრულფასოვან მაკროეკონომიკურ მოდელს, თუმცა იძლევა საშუალებას შეფასდეს რემიტანსების წილობრივი მონაწილეობა ერთობლივი მოთხოვნის ფორმირებაში. ქვეყნაში მთლიანი დასაბეგრი შემოსავალი შეიძლება განვსაზღვროთ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში საშემოსავლო გადასახადების მონაცემებისა და საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის საფუძველზე. მაგალითად, 2024 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო გადასახადმა შეადგინა 6627.7 მლნ. ლარი, საიდანაც მაღალი ალბათობით, მოსახლეობის ფისკალური ქოლგის ქვეშ მოხვედრილი შემოსავლების მოცულობა იქნება 33138.5 მლნ. ლარი. კონცეპტუალურად, რემიტანსების მოცულობის ობიექტურად დასადგენად ვთვლით, რომ უნდა დავეყრდნოთ ეროვნული ბანკის მონაცემებს და არა საქსტატის მონაცემებს, რამეთუ შინამეურნეობათა შემოსავალ-ხარჯების სტატისტიკა ნაკლებად დამაჯერებელია იმის გამო, რომ უცხოეთიდან მიღებულ გზავნილების წილი შინამეურნეობათა მთლიან სახსრებში ჯერადად ნაკლებია ეროვნული ბანკის მიერ დეკლარირებულ მონაცემებთან შედარებით (მხოლოდ 2024 წელს - აცდენა თითქმის 11-ჯერადია! - საქსტატის მიხედვით - 840.0 მლნ. ლარი, ეროვნული ბანკის მონაცემებით კი, ლარში დენომინირებული გზავნილები - 9145.3 მლნ. ლარი) და ამ განსხვავებას ფაქტობრივად ზრდის ტენდენცია აქვს, რაც დასტურდება ქვემოთ მოტანილი დიაგრამით.[5] დიაგრამა 1 დიაგრამა შედგენილია ავტორის მიერ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და ეროვნული ბანკის მონაცემების საფუძველზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, შესაძლებელია არა მარტო საქართველოს მოსახლეობის რეალური ერთობლივი მოთხოვნის მასშტაბების, არამედ რემიტანსების წილობრივი მონაწილეობის დადგენაც აღნიშნული მოთხოვნის ფორმირებაში. ამასთან, საქართველოს შინამეურნეობათა შემოსავალ-ხარჯების სტატისტიკის მნიშვნელოვანი ჩამორჩება ოფიციალურად დეკლარირებულ ფულად გზავნილებთან ხაზს უსვამს რემიტანსების სისტემურ მნიშვნელობას ქვეყნის ერთობლივი მოთხოვნის ფორმირებასა და მის დინამიკაში. დიაგრამა 2 დიაგრამა შედგენილია საქართველოს ეროვნული ბანკისა და ფინანსთა სამინისტროს მონაცემების საფუძველზე. ფულადი ტრანზაქციების (რემიტანსების) დროითი და სტრუქტურული ეფექტები ფულადი ტრანზაქციების გავლენა ეკონომიკურ ზრდაზე დამოკიდებულია არა მხოლოდ მათ მოცულობაზე, არამედ გამოყენების სტრუქტურასა და პერიოდულობაზე. ერთჯერადი ტრანზაქციები, როგორც წესი, აყალიბებენ მოკლევადიან მოთხოვნით ეფექტს, რომელიც სწრაფად ქრება მოხმარების დაკმაყოფილების შემდეგ. რეგულარული რემიტანსები კი ქმნის შედარებით სტაბილურ მოთხოვნას, თუმცა მათი გავლენა გრძელვადიან ზრდაზე შეზღუდულია, თუ ისინი არ გარდაიქმნება პროდუქტიულ ინვესტიციებად. რემიტანსების სტაბილური ნაკადები აუმჯობესებს ქვეყნის კრედიტუნარიანობას და სავალუტო რეზერვებს, ირიბად კი ქვეყანას უფრო მიმზიდველს ხდის უცხოელი ინვესტორებისთვის. ამავე დროს, ძლიერი ინსტიტუტები და ინვესტიციებისადმი ხელსაყრელი პოლიტიკა შეიძლება ფულადი გზავნილების ნაკადები აქციოს უფრო მასშტაბური პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისკენ გადადგმულ ნაბიჯად გამჭვირვალობის გაუმჯობესებით, რისკის შემცირებით და უცხოეთში უკვე შემდგარი ქართული დიასპორული სეგმენტიდან ინვესტიციების წახალისებით. გლობალური მასშტაბით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 1.5-ჯერ აღემატება შრომითი მიგრანტების მიერ განხორციელებული რემიტანსების მოცულობას. იგივე პრინციპი მოქმედებს საქართველოში, მაგრამ ჩვენთან პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ფულადი ტრანზაქციების მხოლოდ დაახლოებით 40 პროცენტია. განსხვავებული წარმომავლობის ეს ორი ფინანსური ნაკადი, განსხვავებული გამოყენების სტრუქტურისა და მულტიპლიკატორული ეფექტების გამო, თავისთავად არ განსაზღვრავს მათ მარგინალურ ეფექტს ეკონომიკურ ზრდაზე. მიუხედავად რემიტანსების შედარებით მაღალი მოცულობისა საქართველოში პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებთან (FDI) შედარებით, მათი გავლენა ეკონომიკურ ზრდაზე არ არის მოცულობის პროპორციული. მიუხედავად იმისა, რომ ორივე გარე კაპიტალის მნიშვნელოვანი წყაროა, ისინი განსხვავდებიან დანიშნულებით, სტრუქტურითა და ეკონომიკური გავლენით. თუმცა, მათ შეუძლიათ ურთიერთქმედება რამდენიმე გზით - როგორც დადებითად, ასევე უარყოფითად. - ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ იხარჯება ეს ფული, რამდენად ზრდის წარმოებას, ქმნის თუ არა კაპიტალს, სამუშაო ადგილებს, ექსპორტის პოტენციალს, აქვს თუ არა გრძელვადიანი ეფექტი.ამ ორ ფინანსურ წყაროს განსხვავებული გავლენის არხები, მულტიპლიკატორული ეფექტები და დროითი პროფილები გამორიცხავს მოცულობითი თანაფარდობის პირდაპირ ინტერპრეტაციას ზრდის კონტექსტში. ამ ასპექტით, FDI ქმნის ფიზიკურ და ადამიანურ კაპიტალს, სამუშაო ადგილებს, ზრდის პროდუქტიულობას, მოაქვს ტექნოლოგიები და მენეჯმენტის ცოდნა, უზრუნველყოფს გლობალურ მიწოდების ჯაჭვებში ინტეგრაციას, ანუ გააჩნია მულტიპლიკატორული და სტრუქტურული ეფექტი, უფრო მეტად უკავშირდება პროდუქტიულობის ზრდას და გრძელვადიან სტრუქტურულ ცვლილებებს. რემიტანსები კი ძირითადად ემსახურება შიდა მოთხოვნის სტაბილიზაციას (მაგ., საკვები, განათლება, ჯანდაცვა) და საკრედიტო შეზღუდვების შემსუბუქებას, ქვეყნის კრედიტუნარიანობის გაუმჯობესებას, სავალუტო რეზერვების ზრდას, რაც საბოლოო ჯამში, ხელს უწყობენ უფრო მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს ფორმირებას. ფულადი ტრანსფერების, რემიტანსების დეცენტრალიზებული ხასიათი, მათი განკარგვის და გამოყენების მასშტაბის, დროის და მიმართულების ექსკლუზიური უფლება მიმღები შინამეურნეობების (რეციპიენტების) მიერ, განაპირობებს იმას, რომ სახელმწიფო თავისი პროგრამების რეალიზაციისას უფრო მეტად ორიენტირებული და ფოკუსირებულია პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებსა და სესხებზე, ვიდრე მიგრანტების ფულადი გზავნილებით რაიმე ფორმით პირდაპირ სარგებლობაზე. მთლიანობაში, რემიტანსებისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დამოკიდებულება შეიძლება გამოისახოს პრინციპით: ჩანაცვლება vs. კომპლიმენტარობა. მაღალი ფულადი გზავნილების მქონე რეგიონებში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შესაძლოა შემცირდეს, თუ ფულადი გზავნილები შეამცირებს სტრუქტურული რეფორმების აუცილებლობას ან თუ ისინი აფინანსებენ არაფორმალურ საწარმოებს, რომლებიც არ იზიდავენ მსხვილმასშტაბიან ინვესტორებს. დიასპორაზე ორიენტირებული საინვესტიციო პროგრამების მქონე ქვეყნებში ხშირად აღინიშნება საზღვარგარეთის მოქალაქეების უფრო მაღალი ჩართულობა როგორც ფულად გზავნილებში, ასევე პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიმართულებით. ცხრილი 1 რემიტანსებისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შედარება და ურთიერთქმედება
ცხრილის შედგენაში ავტორის მიერ გამოყენებულია: geostat.ge, nbg.ge, The effect of remittances and FDI inflows on income distribution in developing economies. Economic Analysis and Policy, Vol. 72 (2021), p. 255-267.34 რემიტანსებმა საქართველოში დიდწილად ნამდვილად ჩაანაცვლა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. - მიუხედავად იმისა, რომ 2024 წელს 2000 წელთან შედარებით საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გაიზარდა 12.1-ჯერ ($109.8 მლნ.-დან $1333.8 მლნ.-მდე), უცხოეთიდან საქართველოში განხორციელებული რემიტანსების უფრო სწრაფი ზრდის გამო ამ უკანასკნელთა თანაფარდობა პუი-სთან გაიზარდა 2000 წლის 63.4 პროცენტიდან 2024 წლის 252.0 პროცენტამდე. დიაგრამა 3
დიაგრამა შედგენილია ავტორის მიერ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და ეროვნული ბანკის მონაცემების საფუძველზე. მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ საერთაშორისო ფულადი გზავნილები გამოიყენება ეკონომიკის იმ სფეროებში ინვესტიციებისთვის, რომლებიც ყველაზე ნაკლებად აკმაყოფილებს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების და საბანკო სესხების მოზიდვის სტანდარტულ მოთხოვნებს - მათი „საინვესტიციო სივრცე“ ძირითადად შინამეურნეობები და მცირე ბიზნესია (მოხმარების, მათ შორის იმპორტზე მოთხოვნის ზრდა, სერვისებზე მოთხოვნა, მცირე ბიზნესის სტიმულირება...), მაშინ როდესაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების პოლიგონი, როგორც წესი, საშუალო და მსხვილი ბიზნესია (ახალი საწარმოები, ტექნოლოგიების გადმოტანა, სამუშაო ადგილები, ექსპორტის ზრდა). დროის ხანგრძლივობის მიხედვით პირველი უფრო მოკლევადიანია, მეორე კი, ძირითადად - გრძელვადიანი. საექსპორტო პოტენციალი რემიტანსებს შედარებით დაბალი, პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს კი, პირიქით - უფრო მაღალი აქვთ. აღნიშნული კომპონენტები სხვადასხვა მხრიდან უზრუნველყოფენ ეკონომიკურ ზრდას. რემიტანსებს საინვესტიციო დატვირთვა აქვთ არა მაკრო-, არამედ მიკროდონეზე. მათი გამოყენება გულისხმობს მათი მიმღები (რეციპიენტი) პირების მიერ მათ გამოყენებას როგორც მიმდინარე მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად, ისე ძვირადღირებული ტექნიკის, საცხოვრისისა და უძრავი ქონების სხვა ელემენტების შესაძენად, ანუ უზრუნველყოფენ ერთობლივი მოთხოვნის და შესაბამისად, ეროვნული პროდუქტის ზრდას. ამიტომ, ეკონომიკური ზრდის არანაკლებ 1/5, ფულადი გზავნილების, რემიტანსების დამსახურებაა. მაგრამ, მთლიანობაშირემიტანსები ქმნის მოკლევადიან, მოხმარებით ზრდას, FDI კი უზრუნველყოფს ძლიერ, გრძელვადიან და სტრუქტურულ ზრდას. აღნიშნული ასპექტების გათვალისწინებით, ფულადი ტრანზაქციები და პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, რეალურად კონკურენტები კი არა, არამედ როგორც უკვე ითქვა, ურთიერთშემავსებლები, კომპლიმენტარულ დამოკიდებულებაში მყოფი კომპონენტები არიან. რემიტანსები და ინფლაციური არხი რემიტანსებით განპირობებული მოთხოვნის ზრდა იმ პირობებში, როდესაც შიდა წარმოების შესაძლებლობები შეზღუდულია, ქმნის ინფლაციური ზეწოლის რისკს. საქართველოს შემთხვევაში ეს ეფექტი განსაკუთრებით ვლინდება იმპორტზე ორიენტირებულ მოხმარებაში, რაც ზრდის საგარეო სავაჭრო დეფიციტს და აძლიერებს ინფლაციურ წნეხს გაცვლითი კურსის არხით. - იმპორტის მოცულობა საშუალოდ 2.3-ჯერ აღემატება საქართველოს ექსპორტს, მისი მოცულობა ამ საუკუნეში გაიზარდა 26.9-ჯერ, მაშინ როდესაც ნომინალური მშპ - მხოლოდ 15.0-ჯერ. რემიტანსები გავლენას ახდენენ შრომის ბაზრის ქცევით პარამეტრებზეც. სტაბილური ფულადი გზავნილები შესაძლოა ამცირებდეს შრომის მიწოდების სტიმულს გარკვეულ სოციალურ ჯგუფებში, განსაკუთრებით დაბალპროდუქტიულ სექტორებში, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ზღუდავს სამუშაო ძალის დასაქმების მასშტაბებს და ამ უკანასკნელის პროდუქტიულობის ზრდას. ფინანსური სისტემის განვითარების დაბალი დონე და არასაკმარისი შემოსავლები, სოციალური დახმარების პაკეტზე დამოკიდებული შინამეურნეობების ჯერ კიდევ მაღალი წილი ზღუდავს რემიტანსების ტრანსფორმაციას დანაზოგებად და საინვესტიციო რესურსებად. შედეგად, მათი გავლენა ეკონომიკურ ზრდაზე ძირითადად მოკლევადიან მოთხოვნით არხზე კონცენტრირდება. რემიტანსები და ბიზნეს-ციკლის დინამიკა საქართველოში კლასიკური მაკროეკონომიკური თეორიის მიხედვით, ბიზნეს-ციკლის საშუალო ხანგრძლივობა (ჟუგლარის ციკლი[6]) შეადგენს დაახლოებით 7–11 წელს და ძირითადად განპირობებულია ინვესტიციებისა და საკრედიტო აქტივობის ციკლური რყევებით (Schumpeter 1939). საქართველოს ეკონომიკაში, სადაც ერთობლივი მოთხოვნა მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია რემიტანსებზე, ეს ტრანზაქციები აძლიერებს ციკლის აღმავლობის ფაზას და ამცირებს დაღმასვლის სიღრმეს. მიუხედავად ამისა, მათი გავლენა ძირითადად მოკლე-დან საშუალოვადიან ხასიათს ატარებს და ვერ განსაზღვრავს ჟუგლარის ციკლის ხანგრძლივობას, რომელიც ფორმირდება ინვესტიციური, პროდუქტიული და ინსტიტუციური ფაქტორების ერთობლიობით. შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკაში ფულადი ტრანზაქციები უფრო ციკლის გამაძლიერებელ ან შემამსუბუქებელ მექანიზმად გვევლინება, ვიდრე მისი სტრუქტურული განმსაზღვრელი ფაქტორად. რემიტანსები არ ქმნის ეკონომიკურ ციკლს დამოუკიდებლად, თუმცა ფუნქციონირებს როგორც ციკლის გამაძლიერებელი ან შემამსუბუქებელი მექანიზმი. COVID-19 პანდემიის პერიოდში ფულადი გზავნილების ზრდამ მნიშვნელოვნად შეამსუბუქა ეკონომიკური ვარდნა, რაც მათ კონტრციკლურ როლზე მიუთითებს. საქართველოში რემიტანსები წარმოადგენენ მნიშვნელოვან შემოსავალს, რომელიც პირდაპირ აძლიერებს ერთობლივმოთხოვნას, კერძოდ დაზოგვის საშუალოდ უფრო მაღალი წილი იხარჯება მოხმარებაზე და მოთხოვნის ზრდაზე. ეს ეფექტი ძლიერად ჩანს განსაკუთრებით რეცესიის პერიოდში, როდესაც სხვა შემოსავლის წყაროები მცირდება და ფულის ტრანზაქციები ხდება მოთხოვნის ერთ-ერთ მთავარი სტიმულატორი. უფრო მეტიც, საქართველოში განხორციელებულ რემიტანსებს ახასიათებს დუალისტური ბუნება: შიდა ეკონომიკური დაღმასვლის პერიოდში, ეკონომიკური კრიზისების პერიოდში ისინი კონტრციკლურ როლს ასრულებს და ამსუბუქებს შოკებს, ისინი, როგორც წესი, იზრდება და ასრულებს „უსაფრთხოების ბალიშის“ ფუნქციას, ხოლო დონორი ქვეყნების (- საიდანაც ხორციელდება ძირითადად ჩვენი თანამემამულე შრომითი მიგრანტების მიერ ფულადი სახსრების რეპატრიაცია სამშობლოში) კრიზისისას – პროციკლურად მცირდება, რაც ზრდის საქართველოს გარე დამოკიდებულებასა და ფისკალურ მოწყვლადობას. ეს განსაკუთრებით მკაფიოდ ვლინდება ეკონომიკური კრიზისების, წარმოების შემცირების და პანდემიის პერიოდში, როგორც ამას ჰქონდა ადგილი, მაგალითად, 2020 წელს COVID-19-ის დროს. იმ წელს საქართველოს სამამულო პროდუქტი წინა წელთან შედარებით შემცირდა: ნომინალურად - 6.3 პროცენტით, რეალურად კი თითქმის იმავე დონეზე დარჩა (+0.1%). ფულადი გზავნილები კი გაიზარდა: აშშ დოლარებში - 8.8 პროცენტით, ლარებში დენომინირებული - 20.0 პროცენტით. უნდა ვივარაუდოთ, რომ აღნიშნული ტრანზაქციების გარეშე ეკონომიკის ვარდნა კიდევ უფრო თვალსაჩინო იქნებოდა: ჩვენი შეფასებით, 2020 წელს ტრანზაქციების მატების გარეშე იქნებოდა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის არა 6.3-პროცენტიანი ვარდნა, არამედ, სულ ცოტა, ორჯერ მეტი -12.7 პროცენტი. ცხრილი 2 რემიტანსების გავლენა მთლიანი სამამულო პროდუქტის (მსპ) ზრდაზე 2020 და 2024 წლებში (წინა წელთან შედარებით; პროცენტი)
ცხრილი შედგენილია ავტორის მიერ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და ეროვნული ბანკის მონაცემების საფუძველზე. ამასთან, ფულადი ტრანზაქციების გავლენის ზემოხსენებული დუალისტური ბუნება, ერთი მხრივ, „ათავისუფლებს“ მას ეკონომიკური ციკლთან თანხვედრის აუცილებლობისაგან, მეორე მხრივ კი მნიშვნელოვნად ამცირებს დროითი მასშტაბს, რომლის დროსაც ხერხდება ასეთი თანხვედრა. მხედველობაშია მისაღები ისიც, რომ გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდა ძირითადად განისაზღვრება ისეთი ფაქტორებით, როგორებიცაა კაპიტალის დაგროვება, შრომის პროდუქტიულობა, ტექნოლოგიური პროგრესი და ინსტიტუციური გარემო. საქართველოში მიღებული ფულადი ტრანზაქციები ილექება როგორც ძირითადი მოხმარებით ხარჯებში და ხშირ შემთხვევაში არ გარდაიქმნება პროდუქტიულ ქონებაში ან ინვესტიციებში. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში მათ საგრძნობლად გადაუსწრეს პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს, გაზარდეს მოთხოვნის ეფექტი, მაგრამ თავიანთი პირდაპირი გავლენით ზემოხსენებულ ფაქტორებთან შედარებით, გაცილებით მაინც მოკრძალებულ როლს ასრულებენ გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდაში. დასკვნა რემიტანსების ეკონომიკის სიდიდესთან თანაფარდობის მაღალი მაჩვენებელი მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს მოსახლეობის ერთობლივი მოთხოვნის ფორმირებაში. ამ კონტექსტში, ფულადი ტრანზაქციები ფუნქციონირებს როგორც მაღალი სენსიტიური მოთხოვნის წყარო, რაც ზრდის ეკონომიკის მგრძნობიარობას გლობალურ შოკებზე. ფულადი ტრანზაქციების გავლენა ეკონომიკურ ზრდაზე ძირითადად მოკლე-დან საშუალოვადიან ხასიათს ატარებს და მოთხოვნის არხით ვლინდება. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ციკლურად ურთიერთქმედებენ კვლავწარმოების პროცესთან და გავლენას ახდენენ ბიზნეს-ციკლის ფაზებზე, მათი როლი შეზღუდულია გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფაში სტრუქტურული და ინსტიტუციური ცვლილებების გარეშე. რემიტანსების გავლენა მშპ-ზე არ არის ყოველთვის წრფივი, თუმცა ხსენებული თანაფარდობის ზრდასთან ერთად ხშირად მატულობს დადებითი ეფექტიც (ზრდის მხარდაჭერა). რემიტანსების ეფექტი დამოკიდებულია არა მარტო მათ პერიოდულობაზე (ერთჯერადი, რეგულარული, სეზონური), არამედ დაზოგვისა და მოხმარების სტრუქტურაზე, პოლიტიკურ/სტრუქტურულ ფაქტორებზე, სექტორულ გამოყენებაზე (მიმდინარე შესყიდვები vs. ინვესტიცია), საბანკო სეგმენტის განვითარებასა და სხვა ეკონომიკურ პირობებზე. ფულადი ტრანზაქციები დამოუკიდებლად მართალია, არ ქმნის 7-11-წლიანი საშუალო ხანგრძლივობის ე.წ. ჟუგლარის ციკლს, მაგრამ აძლიერებს ან ასუსტებს ციკლის ფაზებს. კერძოდ, აღმავლობის ფაზაში ზრდის მოთხოვნას და აჩქარებს ზრდას, დაღმასვლისას კი მოქმედებს როგორც ავტომატური სტაბილიზატორი. ამიტომ რემიტანსების გავლენა ემთხვევა ციკლის ცალკეულ ფაზებს, მაგრამ მისი ხანგრძლივობა მოკლეა ციკლის მთლიან ხანგრძლივობასთან შედარებით. ფულადი ტრანზაქციები თავისთავად არ ზრდის ავტომატურად პროდუქტიულობას, ძირითადად ორიენტირებულია მოთხოვნაზე, ხშირად გადადის იმპორტში, შეიძლება გამოიწვიოს ინფლაციური წნეხი, ამიტომ, მათი ეფექტი ციკლურია, დროებითია, მძლავრია, მაგრამ არა მდგრადი. ის არ განსაზღვრავს ბიზნეს-ციკლის საშუალო ხანგრძლივობას და ვერ უზრუნველყოფს გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდას სტრუქტურული ცვლილებების გარეშე. ამასთან, იგი უშუალოდ ვერ განსაზღვრავს და აყალიბებს გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის ისეთ ფაქტორებს, როგორებიცაა კაპიტალის დაგროვება, პროდუქტიულობა, ტექნოლოგიები, ინსტიტუციები. ეკონომიკური ციკლის ხანგრძლივობის კონტექსტში მხედველობაში უნდა იქნას მიღებული აგრეთვე სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც, როგორც წესი, ციკლის რყევებს ამცირებს. საქართველოში რემიტანსების თანაფარდობა მშპ-სთან საკმაოდ მაღალია და წარმოადგენენ მნიშვნელოვან ფულად ტრანზაქციას, რომელიც ზრდის ერთობლივ მოთხოვნას და მომხმარებელ აქტივობას, თუმცა ამავე დროს უკავშირდება სტრუქტურულ დამოკიდებულებას და ეკონომიკის მგრძნობიარობას გლობალური შოკებისა და ვოლატილობის მიმართ. გამოყენებული ლიტერატურა GBC (Georgian Business Consulting). 2023. „საქართველოს ეკონომიკა სულ უფრო დამოკიდებულია ფულად გზავნილებზე.“ 27 ნოემბერი. Gerber, Theodore P., and Karine Torosyan. 2010. Remittances in Georgia: Correlates, Economic Impact, and Social Capital Formation. Tbilisi: International School of Economics at Tbilisi State University. Girma, Abebe Gule. 2024. “The Impact of Remittances on Economic Growth: Evidence from African Countries.” International Research Journal of Economics and Management Studies 3 (8). Gnomon Wise. 2025. “Reasons Behind Georgia’s Economic Growth in 2024.” 28 მარტი. Guide for Compilers and Users, 2003. - https://www.imf.org/external/np/sta/ed/guide.htm ISET Policy Institute. 2025. Remittances and Household Consumption in Georgia: Evidence from Household Survey Data. Research Note, 19 დეკემბერი. Fullenkamp Connel Professor of the Practice and Director of Undergraduate Studies, Duke University. Do remittances drive economic growth? Feb 10, 2015 https://www.myvideo.ge/radio/fm-ardaidardo-96.7 Matuzeviciute Kristina and Butkus Mindaugas Remittances, Development Level, and Long-Run Economic Growth Economies 2016, 4(4), 28; https://doi.org/10.3390/economies4040028 https://www.mdpi.com/2227-7099/4/4/28?utm_source=chatgpt.com Migration and Remittances during the Global Financial Crisis and Beyond” – World Bank (2012) Migration and Development Brief 40 June 2024. WB Group, 2024. - https://documents1.worldbank.org/curated/en/099714008132436612/pdf/IDU1a9cf73b51fcad1425a1a0dd1cc8f2f3331ce.pdf?utm_source=chatgpt.com OECD and CRRC-Georgia. 2017. Interrelations between Public Policies, Migration and Development in Georgia. OECD Development Pathways. Paris: OECD Publishing. Pradhan, Kalandi Charan, Lingaraj Mallick, and Kalu Naik. 2025. “Remittance and Economic Growth Nexus in BRICS Countries: Evidence from PSTR with Endogeneity.” Research in Economics 79 (2): 101032. Schumpeter, Joseph A. 1939. Business Cycles: A Theoretical, Historical and Statistical Analysis of the Capitalist Process. New York: McGraw-Hill. Tbilisi Business University AI Center (BTU AI). 2025. “How Important Are Money Transfers for Georgia’s Economy?” 14 თებერვალი. The effect of remittances and FDI inflows on income distribution in developing economies. Economic Analysis and Policy, (2021) Vol. 72. Ullah, N. P. Joshi and Ko. — “The role of remittances in building resilience through adaptive capacities amid environmental and socioeconomic vulnerabilities: A systematic literature review (Systematic Review, 2025). https://www.sciencedirect.com/science/article/pii/S221209632500083X?utm_source=chatgpt.com საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემები. [1] ეკონომიკურ ზრდაზე მოქმედი ძირითადი ფაქტორები: კაპიტალის დაგროვება, შრომითი რესურსები, ტექნოლოგიური პროგრესი, ბუნებრივი რესურსი, ინსტიტუციური გარემო. [2] შემოსავლების განაწილების სამართლიანობა, შრომისა და კაპიტალის ანაზღაურების ბალანსი, საგადასახადო სისტემა და სოციალური პოლიტიკა. [3] ბაზრის მოცულობა და კონკურენცია, ფასების მექანიზმი, საგარეო ვაჭრობა და ექსპორტის შესაძლებლობები, ფინანსური სისტემა და კრედიტზე წვდომა. [4] მოსახლეობის შემოსავლები და მსყიდველუნარიანობა, მოხმარების სტრუქტურა, დაზოგვის დონე. [5] განსხვავება ეროვნულ სტატისტიკურ მონაცემებს, ერთი მხრივ და საერთაშორისო მონაცემებს შორის, მეორე მხრივ, მნიშვნელოვან წილად განპირობებულია განსხვავებებით მეთოდოლოგიასა და დეფინიციებში, რაც კარგადაა ახსნილი სამეცნიერო-მეთოდოლოგიურ ლიტერატურაში. იხ.: IMF/World Bank-ის სახელმძღვანელო:Guide for Compilers and Users, 2003), აგრეთვე Migration and Development Brief 40 June 2024 და სხვ. [6] [6] ჟუგლარის ციკლი მე-19 საუკუნის ფრანგი ეკონომისტის კლემან ჟუგლარის (Clément Juglar)სახელის მიხედვით (Juglar cycle) - ეკონომიკური ციკლის ერთ-ერთი კლასიკური ტიპი, რომელიც აღწერს საშუალო ვადიანბიზნეს-ციკლურ რყევებს ეკონომიკაში, რომლის ძირითადი მახასიათებლებია დაახლოებით 7-11-წლიანი ხანგრძლივობა, ინვესტიციების ციკლური მოძრაობადა საკრედიტო გაფართოება და შეკუმშვა, ხოლო ციკლის ფაზებია აღმავლობა (Expansion), ბუმი (Boom), კრიზისი (Crisis) და რეცესია/დაღმასვლა (Recession) |
||||||||||||||||||||||||||||||||