English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 2 ∘ ლევან შუბითიძე
ეკონომიკური კრიზისი და რეგიონული უსაფრთხოება: ირან–ამერიკა–ისრაელის კონფლიქტის გლობალური შედეგები 2026 წლის თებერვლის შემდეგ

DOI kodi: 10.52340/ekonomisti.2026.02.14

ანოტაცია.    წინამდებარე სტატია იკვლევს ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის გაღრმავებული დაპირისპირების ეკონომიკურ და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ შედეგებს. ნაშრომი ეყრდნობა საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიის თეორიულ ჩარჩოს და განიხილავს ამ ორმხრივ დაძაბულობას, როგორც კომპლექსური მრავალსაფეხურიან კონფლიქტის მოდელს, რომელიც ერთდროულად მოქმედებს ეკონომიკურ, სამხედრო-სტრატეგიულ და ნორმატიულ სიბრტყეებზე.

   ანალიზის პირველ ნაწილში განხილულია ამერიკის მიერ დაწესებული ეკონომიკური სანქციების გავლენა ირანის მაკროეკონომიკაზე: ეროვნული ვალუტის გაუფასურება, ინფლაცია, ნავთობის ექსპორტის კატასტროფული კლება და სახელმწიფო შემოსავლების შემცირება. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სანქციების არარაციონალური ეფექტის პრობლემას — კერძოდ, იმ ფაქტს, რომ ეკონომიკური ზეწოლა ყველაზე მძიმედ სამოქალაქო მოსახლეობაზე ახდენს გავლენას, ვიდრე მმართველ ელიტაზე.

    ამავე ნაწილში განხილულია მიმდინარე ვითარება, კერძოდ, 2026 წლის 28 თებერვალს აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანის ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ განხორციელებული ერთობლივი სამხედრო ოპერაცია, რომლის ფარგლებშიც საჰაერო ძალებმა ფართომასშტაბიანი სარაკეტო დარტყმები მიაყენეს ირანის სხვადასხვა სტრატეგიულ ობიექტსა და ქვეყნის პოლიტიკურ-სამხედრო ესტაბლიშმენტს.

  ამერიკა-ისრაელის სამხედრო დარტყმებების საპასუხოდ თეირანმა დახურა ჰორმუზის სრუტე — მსოფლიოს ნავთობის 20%-ისა და თხევადი გაზის 20%-ის გამტარი არტერია. ჰორმუზის სრუტის ბლოკადამ ნათლად დაადასტურა, რომ ირანი, მიუხედავად ეკონომიკური იზოლაციისა, გლობალური ენერგეტიკული სისტემის შეუცვლელ და სახიფათო კვანძად რჩება.

    ანალიზის მეორე ნაწილი ეძღვნება ენერგეტიკულ ბაზრებზე არსებულ ცვლილებებს: ირანის მარგინალიზაციას გლობალური ნავთობის ბაზარზე, ალტერნატიული ენერგეტიკული კოალიციების ჩამოყალიბებას და სპარსეთის ყურის სახელმწიფოებს შორის ახალი ეკონომიკური იერარქიის ჩამოყალიბებას. ამ პროცესებს პარალელურად განხილულია ირანის სტრატეგიული ადაპტაციის მექანიზმები — ჩინეთთან ენერგეტიკული პარტნიორობა, სანქციების გვერდის ავლის სქემები და ბარტერული ვაჭრობის გაფართოება.

   ნაშრომის მესამე ნაწილი ეხება ახლო აღმოსავლეთის გეოპოლიტიკური გარემოს ტრანსფორმაციას: ირანის პროქსი ქსელების გაფართოებას, ბირთვული პოტენციალის პროვოკაციულ ზრდას და რეგიონული დესტაბილიზაციის ვექტორებს იემენში, ლიბანში, სირიასა და ერაყში. ყურადღება გამახვილებულია უსაფრთხოების დილემის კლასიკურ დინამიკაზე, სადაც ერთი მხარის თავდაცვითი ნაბიჯები მეორე მხარეს საფრთხედ ეჩვენება.

   ბოლოს, ნაშრომი განიხილავს, თუ როგორ ჩართავს ეს კონფლიქტი გლობალურ სახელმწიფო-მოქმედ პირებს — რუსეთს, ჩინეთს, ინდოეთს, ევროკავშირს და ა.შ. — და რა სისტემური გამოწვევები ექმნება საერთაშორისო სტაბილურობას, მრავალმხრივ ინსტიტუტებს და გლობალური მმართველობის არქიტექტურას. სტატია ასკვნის, რომ ირანის შემთხვევა წარმოადგენს იმის ნათელ მაგალითს, თუ როგორ შეიძლება ეკონომიკური კრიზისი გარდაიქმნას კუმულაციურ უსაფრთხოების კრიზისად, რომლის შედეგები გასცდება ორ მხარეს შორის ორმხრივი ურთიერთობის ჩარჩოს. 

შესავალი

   ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობა 1979 წლის ისლამური რევოლუციიდან მოყოლებული ერთ-ერთ ყველაზე მრავალფეროვან და სახიფათო გეოპოლიტიკურ ღერძს წარმოადგენს. ეს დაპირისპირება გამოირჩევა განსხვავებული განზომილებებით: სამხედრო-სტრატეგიულით, იდეოლოგიურით, ენერგეტიკულით და ეკონომიკური ომის ასპექტით. ამ ორ სახელმწიფოს შორის დაპირისპირება ათწლეულების განმავლობაში წარმოადგენს საერთაშორისო უსაფრთხოების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევას. 2026 წლის 28 თებერვალს დაწყებულმა სამხედრო ესკალაციამ, რომელშიც აქტიურად იყო ჩართული ისრაელიც, კონფლიქტი ახალ ეტაპზე გადაიყვანა და გლობალურ ეკონომიკურ სისტემაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ირან–ამერიკის დაპირისპირება ათწლეულების განმავლობაში მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ახლო აღმოსავლეთის უსაფრთხოების არქიტექტურაზე, გლობალურ ენერგეტიკულ ბაზრებზე და საერთაშორისო ეკონომიკური სტაბილურობის პროცესებზე.

   ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ სამხედრო ძალა და „მაქსიმალური ზეწოლა“ ირანის მიერ შექმნილი გამოწვევების გადაჭრას შეძლებს, მაშინ როცა ევროპელთა უმეტესობა დიპლომატიურ მიდგომას ემხრობა, რომელიც უფრო მეტად შეესაბამება საერთაშორისო სამართალს.[1] 2026 წლის თებერვლის შემდეგ განვითარებულმა სამხედრო ესკალაციამ, რომელშიც აქტიური როლი შეასრულა ისრაელმაც, კონფლიქტი თვისებრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანა. სამხედრო მოქმედებების გაფართოებამ და სტრატეგიულ ობიექტებზე განხორციელებულმა დარტყმებმა მნიშვნელოვნად გაზარდა რეგიონული დესტაბილიზაციის საფრთხე, რაც პირდაპირ აისახა საერთაშორისო ნავთობის ფასებზე, ლოგისტიკურ ჯაჭვებზე, ფინანსურ ბაზრებსა და გლობალური ეკონომიკის მდგრადობაზე. აღნიშნულმა პროცესებმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა, რომ რეგიონული სამხედრო კონფლიქტები თანამედროვე საერთაშორისო სისტემაში მხოლოდ ლოკალური უსაფრთხოების გამოწვევად აღარ განიხილება და ისინი გლობალური ეკონომიკური კრიზისების კატალიზატორებადაც შეიძლება იქცეს.

   გლობალური პოლიტიკური ეკონომიის თეორიული ჩარჩო გვთავაზობს, რომ ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულება, ჩვეულებრივ, ამცირებს სამხედრო კონფლიქტის ალბათობას.[2] თუმცა ირანის შემთხვევა ამ ლოგიკას ეწინააღმდეგება: ეკონომიკური სანქციები, ნავთობის ექსპორტის ბლოკადა და ფინანსური იზოლაცია პარადოქსულად ამძაფრებს დაძაბულობას, ვიდრე ამცირებს მას. დასავლეთის მიერ დაწესებული ეკონომიკური სანქციები, ენერგორესურსების ექსპორტის შეზღუდვა და ფინანსური იზოლაცია არა მხოლოდ ვერ გახდა დეესკალაციის ეფექტიანი მექანიზმი, არამედ გარკვეულწილად ხელი შეუწყო რეგიონული დაძაბულობის გაღრმავებას. შესაბამისად, ირან–ამერიკა–ისრაელის კონფლიქტი წარმოადგენს მნიშვნელოვან მაგალითს იმისა, თუ როგორ შეიძლება ეკონომიკური ზეწოლის პოლიტიკა უსაფრთხოების გარემოს დამატებითი ესკალაციის ფაქტორად გადაიქცეს.

ეკონომიკური სანქციები: მექანიზმები და შედეგები

   ირანი მსოფლიოს ნავთობის დადასტურებული მარაგების დაახლოებით 9%-ს ფლობს,[3] რაც მას ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციის (OPEC) ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან წევრ სახელმწიფოდ აქცევს. ამერიკის სანქციების გამო, ირანის ნავთობის ექსპორტი 2018 წლიდან 2020 წლამდე დღეში 2.5 მილიონი ბარელიდან 400,000 ბარელამდე შემცირდა.[4]

   ენერგეტიკული ბაზრის ამ ცვლილებამ მრავლოვანი ეფექტი გამოიწვია: ერთი მხრივ, ირანი ეკონომიკური ვაკუუმის წინაშე დადგა, მეორე მხრივ კი, სპარსეთის ყურის სახელმწიფოებმა, განსაკუთრებით საუდის არაბეთმა, ბაზარზე ირანული ნავთობის ადგილი შეავსეს. ეს ფენომენი კიდევ უფრო გაამძაფრა ირანსა და მის რეგიონულ მეტოქეებს შორის ეკონომიკურმა კონკურენციამ.

   ასევე აღსანიშნავია რომ, ენერგეტიკული ბაზრის ეს კრიზისი გარკვეულ სარგებელს აძლევდა რუსეთს, რადგან ნავთობისა და გაზის მაღალმა ფასებმა რუსეთის ენერგეტიკული ფასები გაზარდა.[5] ჩინეთმა კი გააძლიერა თავისი გავლენა ახლო აღმოსავლეთის ენერგეტიკულ ბაზარზე და აქტიურად განაგრძო ირანული ნავთობის შესყიდვა.

მაკროეკონომიკური გავლენა და ინფლაცია

   ამერიკის სანქციებმა ირანის ეკონომიკაზე კატასტროფული გავლენა მოახდინა.[6] ირანის რიალი (IRR) 2018–2020 წლებში 60%-ზე მეტი გაუფასურდა, ხოლო ინფლაცია 40%-ს გადააჭარბა. IMF-ის შეფასებით, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 2019 წელს 6%-ით შემცირდა.

   სხვადასხვა ინტერნაციონალური კვლევის მიხედვით, ეკონომიკური სანქციები, მიუხედავად მათი პოლიტიკური მიზნებისა, ყოველთვის ყველაზე მძიმედ ქვეყნის მოსახლეობის ფართო ფენებზე აისახება ნეგატიურად — განსაკუთრებით კი ჯანდაცვასა და კვებაზე.

   2026 წლის კონფლიქტის შემდეგ საერთაშორისო ენერგეტიკულ ბაზრებზე მნიშვნელოვანი რყევები დაფიქსირდა.[7] ჰორმუზის სრუტეში გადაადგილების შეფერხებამ ნავთობისა და გაზის ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია. ენერგეტიკული კომპანიები იძულებულნი გახდნენ გაზრდილი უსაფრთხოების ხარჯები და ლოგისტიკური რისკები გაეთვალისწინებინათ, რამაც მსოფლიო ბაზარზე ინფლაციური პროცესები დააჩქარა.

   ირანის ეკონომიკა, რომელიც უკვე მრავალი წლის განმავლობაში იმყოფებოდა ამერიკული სანქციების ზეწოლის ქვეშ, კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ, მაღალი ინფლაციის დონემ და უცხოური ინვესტიციების შემცირებამ ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობა მნიშვნელოვნად შეასუსტა. მიუხედავად ამისა, ირანი ცდილობდა და ცდილობს ეკონომიკური ადაპტაციის მექანიზმების გამოყენებას, მათ შორის ჩინეთთან ენერგეტიკული თანამშრომლობის გაღრმავებასა და სანქციების გვერდის ავლის ალტერნატიული ფინანსური სისტემების გამოყენებას.

რეგიონული უსაფრთხოება და დესტაბილიზაციის ვექტორები

   ეკონომიკური ზეწოლის პასუხად, ირანმა განავითარა ეგრეთ წოდებული "წინააღმდეგობის ღერძის" (Axis of Resistance) სტრატეგია, რომელიც მოიცავს ლიბანის ჰეზბოლას, ჰამასს, ჰუთებს იემენში და სხვა შეიარაღებულ დაჯგუფებების მხარდაჭერას, რაც ახლო აღმოსავლეთის უსაფრთხოების გარემოს კიდევ უფრო არასტაბილურს ხდის.[8]

  ვალი ნასრის ირანის დიდი სტრატეგიის (Iran’s Grand Strategy) ანალიტიკური ჩარჩოს შესაბამისად, ირანის პროქსი-ქსელების გამოყენება — სუნიტ-შიიტური გეოპოლიტიკური დაძაბულობის პირობებში — წარმოადგენს „წინსვლითი თავდაცვის" (Forward Defense) დოქტრინის გამოხატულებას,[9] რომლის მიხედვითაც თეირანი სისტემატურად ცდილობს საფრთხის ეპიცენტრი ეროვნული ტერიტორიის პერიფერიაზე — ერაყის, სირიის, ლიბანისა და იემენის გავლით — შეინარჩუნოს, რათა სტრატეგიული სიღრმე ეროვნული სახელმწიფოს სუვერენული ტერიტორიის ფარგლებს გარეთ განამტკიცოს.

   ეკონომიკური კრიზისისა და რეგიონული უსაფრთხოების ჭრილშიერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გამოწვევა კვლავ ირანის ბირთვული პროგრამა რჩება. საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით, კონფლიქტის შემდგომ პერიოდში ბირთვული ესკალაციის რისკი მნიშვნელოვნად გაიზარდა. უსაფრთხოების დილემის კლასიკური მოდელის მიხედვით, ერთი მხარის თავდაცვითი მოქმედებები მეორე მხარისთვის საფრთხედ აღიქმება, რაც სამხედრო დაძაბულობის მუდმივ ზრდას იწვევს. ირანის ბირთვული პროგრამა დაპირისპირების ყველაზე საშიშ განზომილებას წარმოადგენს. 2023 წლის მონაცემებით, ირანი 60%-ამდე გამდიდრებულ ურანს აწარმოებს, რაც ოფიციალური მონაცემებით, იარაღის-დონის ურანიდან მხოლოდ ტექნიკური ნაბიჯითაა დაშორებული.

   სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის (SIPRI)[10] ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით, ბირთვული შეიარაღების გავრცელების რისკი ახლო აღმოსავლეთში 2020-იანი წლების დასაწყისიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა, ნაწილობრივ სწორედ ირანის ბირთვული პოტენციალის გაფართოების გამო.

   მიუხედავად იმისა, რომ 2025 და 2026 წლებში განხორციელებული საჰაერო დარტყმების შემდეგ აშშ-ისა და ისრაელის ოფიციალური წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ირანის ბირთვულ ინფრასტრუქტურას მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა და ქვეყნის ბირთვული პროგრამა გარკვეული პერიოდით შეფერხდა,[11] დამოუკიდებელი ექსპერტების შეფასებით, დაზიანების ზუსტი მასშტაბი და ირანის ბირთვული პოტენციალის გრძელვადიანი შემცირების ხარისხი კვლავ შეფასებისა და დისკუსიის საგნად რჩება.

გლობალური სახელმწიფო-მოქმედი პირების ჩართულობა

   ირან–ამერიკის დაპირისპირება თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობებში მხოლოდ ორმხრივი კონფლიქტის სახეს აღარ ატარებს და იგი ეტაპობრივად გადაიქცა გლობალური ძალთა კონკურენციის მნიშვნელოვან კომპონენტად რომელშიც შედიან ევროპის, აზიის, ამერიკის, ავსტრალიისა თუ აფრიკის ქვეყნები. აღნიშნულ პროცესში განსაკუთრებული როლი ენიჭება ისეთ სახელმწიფო აქტორებს, როგორებიც არიან ჩინეთი, რუსეთი და ბოლო პერიოდში ინდოეთი. ეს სახელმწიფოები ირანის მიმართ საკუთარი სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ და რეგიონულ უსაფრთხოების გარემოზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ.

    ანტიამერიკული სტრატეგიიდან გამომდინარე, ირანმა თანდათანობით დაიწყო ზრუნვა აზიურ ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავებაზე.[12] ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, რომელიც დასავლური სანქციების მიუხედავად ირანული ნავთობის ერთ-ერთ უმსხვილეს იმპორტიორად ჩამოყალიბდა, ირანთან თანამშრომლობას როგორც ეკონომიკური, ისე გეოპოლიტიკური ინტერესების ჭრილში განიხილავს. ირანის საერთაშორისო იზოლაცია და დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციები ჩინეთს საშუალებას აძლევს ენერგორესურსები შედარებით დაბალ ფასად შეიძინოს, რაც პეკინისთვის დამატებით ეკონომიკურ და ენერგეტიკულ უპირატესობას ქმნის. ამავდროულად, ჩინეთი ცდილობს ახლო აღმოსავლეთში საკუთარი პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენის გაფართოებას, განსაკუთრებით ისეთი ინიციატივების მეშვეობით, როგორიცაა „ერთი სარტყელი — ერთი გზა“ (Belt and Road Initiative).[13] შესაბამისად, ირანი ჩინეთისთვის არა მხოლოდ ენერგეტიკული პარტნიორია, არამედ ევრაზიულ სივრცეში სტრატეგიული გავლენის განმტკიცების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტიც.

   გრეჰამ ელისონი თავის ნაშრომში ამ ფენომენს "თუკიდიდეს ხაფანგის" კონტექსტში განიხილავს: ამერიკული ჰეგემონიის შესუსტება და ჩინური ძლიერება ქმნის სტრუქტურულ პირობებს, სადაც ირანი პეონის ფუნქციაში ორი სუპერძალის გლობალური კონკურენციის ველად იქცევა.[14]

   რუსეთ–ირანის სამხედრო-ტექნოლოგიური თანამშრომლობის გაღრმავება, განსაკუთრებით უპილოტო საფრენი აპარატების (დრონების) სფეროში, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს როგორც რეგიონულ უსაფრთხოებაზე, ისე საერთაშორისო ეკონომიკურ გარემოზე. აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის (OFAC) ანგარიშების მიხედვით, აღნიშნული თანამშრომლობა დაკავშირებულია სანქციების რეჟიმის შესაძლო დარღვევებთან და წარმოადგენს საერთაშორისო შეზღუდვების გვერდის ავლის მცდელობას.[15] მიუხედავად არსებული სანქციებისა და სამართლებრივი მექანიზმებისა, საერთაშორისო სისტემა ხშირად ვერ ახერხებს მსგავსი ტრანზაქციების ეფექტიან შეზღუდვას, რაც დამატებით ზრდის გეოპოლიტიკურ დაძაბულობას. აღნიშნული პროცესები უარყოფითად აისახება გლობალურ ეკონომიკურ სტაბილურობაზე, ენერგეტიკულ ბაზრებსა და რეგიონული უსაფრთხოების არქიტექტურაზე.

დასკვნა

  ირან–ამერიკა–ისრაელის კონფლიქტისეკონომიკური კრიზისი მნიშვნელოვნად სცდება მხოლოდ სამხედრო უსაფრთხოების განზომილებას და პირდაპირ გავლენას ახდენს გლობალურ ეკონომიკურ გარემოზე. ირან–ამერიკა–ისრაელის კონფლიქტის ესკალაციის ფონზე იზრდება ნავთობის ფასების მერყეობა, საფრთხე ექმნება საერთაშორისო სავაჭრო და სატრანსპორტო მარშრუტებს, განსაკუთრებით ჰორმუზის სრუტის მიმართულებით, ხოლო გლობალური ფინანსური ბაზრები დამატებითი გაურკვევლობის პირობებში ექცევა. შესაბამისად, რეგიონული უსაფრთხოების კრიზისი თანამედროვე საერთაშორისო ეკონომიკურ სისტემაში უკვე გლობალური ეკონომიკური არასტაბილურობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად ყალიბდება.

   ირანსა და ამერიკას შორის კონფლიქტი კარგი მაგალითია, თუ როგორ ქმნის ეკონომიკური კრიზისი უსაფრთხოების კრიზისს. სანქციები, ვიდრე ირანს შეაფერხებდნენ, ქვეყანას სტრატეგიული ადაპტაციისკენ უბიძგებენ — პროქსი ქსელების გაფართოება, ბირთვული პოტენციალის გაძლიერება და ალტერნატიული სატრანზიტო-ეკონომიკური პარტნიორების ძიება.

  ჯოზეფ ნაის ჭკვიანი ძალის კონცეფციის მიხედვით,[16] ეფექტიანი საგარეო პოლიტიკა მოითხოვს მყარი და რბილი ძალების ოპტიმალურ კომბინაციას. ირანის კონტექსტში ამერიკის ამჟამინდელი სტრატეგია ამ ბალანსს ვერ პოულობს — რაც, საბოლოოდ, უფრო მეტ გეოპოლიტიკურ არასტაბილურობასა და ეკონომიკური სისტემის ფრაგმენტაციას იწვევს.

   საბოლოო ჯამში, კონფლიქტის ესკალაცია მნიშვნელოვან ზეწოლას ახდენს გლობალურ ენერგეტიკულ ბაზრებსა და საერთაშორისო სავაჭრო სისტემაზე, რაც ზრდის ნავთობის ფასების მერყეობას, აძლიერებს ინფლაციურ პროცესებს და საფრთხეს უქმნის მსოფლიო ეკონომიკური ზრდის სტაბილურობას. შესაბამისად, ირან–ამერიკა–ისრაელის დაპირისპირება აღარ წარმოადგენს მხოლოდ რეგიონული უსაფრთხოების პრობლემას — იგი თანამედროვე საერთაშორისო ეკონომიკური სისტემის მდგრადობისა და გლობალური პოლიტიკური წესრიგის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევად ყალიბდება. 

ლიტერატურა

  1. სანიკიძე გ., „ირანი და სამხრეთ კავკასიის ქვეყნები“, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი, 2022წ. https://library.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2022/05/Irani-da-Samx.Kavk_.Qveynebi_B-o-o-k.pdf?utm_source=chatgpt.com
  2. Alison G., “The Thucydides Trap: Are the U.S. and China Headed for War?”, Harvard, Kennedy School, 24 Sep., 2015. https://www.belfercenter.org/publication/thucydides-trap-are-us-and-china-headed-war?utm_source=chatgpt.com
  3. Apostolopoulou, E., “China\\'s Belt and Road Initiative Sustainability in the New Silk Road”, University of Cambridge, 2022. https://www.cisl.cam.ac.uk/files/chinas_belt_and_road_initiative090622_en.pdf
  4. Feiler, G., “The Iranian Economy: Dying or Growing?” Geocase, 22Sep. 2022. https://www.geocase.ge/en/publications/820/the-iranian-economy-dying-or-growing
  5. Gordon, H.P., “Can the United States and Europe still cooperate in the Middle East?”, Brookings, 22 May, 2026. https://www.brookings.edu/articles/can-the-united-states-and-europe-still-cooperate-in-the-middle-east/
  6. Joseph S. Nye Jr.,” Get Smart: Combining Hard and Soft Power”, Foreign Affairs, July/August, 2009. https://doi.org/10.1007/978-981-99-0714-4_8
  7. Nasr, V., “The Shia Revival: How Conflicts within Islam Will Shape the Future”, Council on Foreign Relations, August, 2006. https://www.cfr.org/books/shia-revival
  8. Nasr, V., “Iran\\'s Grand Strategy: A Political History”, Princeton University Press, 2025. https://books.google.ge/books?id=cfQyEQAAQBAJ&printsec=frontcover&source=gbs_ge_summary_r&cad=0#v=onepage&q&f=false
  9. News Agencies, “Iran’s currency plunges to record low as US sanctions loom”, Aljazeera, 29Jul 2018. https://www.aljazeera.com/economy/2018/7/29/irans-currency-plunges-to-record-low-as-us-sanctions-loom
  10. Russett B., Oneal R. J., Triangulating Peace: Democracy, Interdependence, and International Organizations. Norton, New York, 2001. https://www.jstor.org/stable/26156533
  11. SIPRI, “Nuclear disarmament, arms control and non-proliferation”, Yearbook, 2024. https://www.sipri.org/yearbook/2024/08?utm_source=chatgpt.com 
  12. TRENDS Research and Advisory, “The Impact of the U.S.-Israel-Iran Conflict on the Global Economy”, 27Apr. 2026. https://trendsresearch.org/insight/the-impact-of-the-u-s-israel-iran-conflict-on-the-global-economy/
  13. Worldometer, "Iran Oil," accessed May 26, 2026, worldometers.info. https://www.worldometers.info/oil/iran-oil/?tag1=Entail&tag2=Entail&tg=SEO&utm_source=chatgpt.com#google_vignette
  14. World Bank, “Global Economic Prospects”, World Bank Group, Washington D.C., 2025. https://thedocs.worldbank.org/en/doc/8bf0b62ec6bcb886d97295ad930059e9-0050012025/original/GEP-June-2025.pdf
  15. Wiley, C., Bollfrass, A.K., “Iran’s Nuclear Programme After the Strikes”, The International Institute for Strategic Studies, 15Jul. 2025. https://www.iiss.org/online-analysis/online-analysis/2025/07/irans-nuclear-programme-after-the-strikes/
  16. U.S. Department of the Treasury – “Sanctions and Iran-Russia Military Cooperation”, Office of Foreign Assets Control, 18 Dec, 2025. https://ofac.treasury.gov/recent-actions/20251218


[1] Gordon, H.P., “Can the United States and Europe still cooperate in the Middle East?”, Brookings, 22 May, 2026. https://www.brookings.edu/articles/can-the-united-states-and-europe-still-cooperate-in-the-middle-east/

 

[2] Russett B., Oneal R. J., Triangulating Peace: Democracy, Interdependence, and International Organizations. Norton, New York, 2001. https://www.jstor.org/stable/26156533

[4] Feiler, G., “The Iranian Economy: Dying or Growing?” Geocase, 22Sep. 2022. https://www.geocase.ge/en/publications/820/the-iranian-economy-dying-or-growing

[5] World Bank, “Global Economic Prospects”, World Bank Group, Washington D.C., 2025. https://thedocs.worldbank.org/en/doc/8bf0b62ec6bcb886d97295ad930059e9-0050012025/original/GEP-June-2025.pdf

[6] News Agencies, “Iran’s currency plunges to record low as US sanctions loom”, Aljazeera, 29Jul 2018. https://www.aljazeera.com/economy/2018/7/29/irans-currency-plunges-to-record-low-as-us-sanctions-loom

[7] TRENDS Research and Advisory, “The Impact of the U.S.-Israel-Iran Conflict on the Global Economy”, 27Apr. 2026. https://trendsresearch.org/insight/the-impact-of-the-u-s-israel-iran-conflict-on-the-global-economy/

 

[8] Nasr, V., “The Shia Revival: How Conflicts within Islam Will Shape the Future”, Council on Foreign Relations, August, 2006. https://www.cfr.org/books/shia-revival

[9] Nasr, V., “Iran\\'s Grand Strategy: A Political History”, Princeton University Press, 2025. https://books.google.ge/books?id=cfQyEQAAQBAJ&printsec=frontcover&source=gbs_ge_summary_r&cad=0#v=onepage&q&f=false

[10] SIPRI, “Nuclear disarmament, arms control and non-proliferation”, Yearbook, 2024. https://www.sipri.org/yearbook/2024/08?utm_source=chatgpt.com  

[11] Wiley, C., Bollfrass, A.K., “Iran’s Nuclear Programme After the Strikes”, The International Institute for Strategic Studies, 15Jul. 2025. https://www.iiss.org/online-analysis/online-analysis/2025/07/irans-nuclear-programme-after-the-strikes/

[12] სანიკიძე გ., „ირანი და სამხრეთ კავკასიის ქვეყნები“, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი, 2022წ. https://library.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2022/05/Irani-da-Samx.Kavk_.Qveynebi_B-o-o-k.pdf?utm_source=chatgpt.com

[13] Apostolopoulou, E., “China\\'s Belt and Road Initiative Sustainability in the New Silk Road”, University of Cambridge, 2022. https://www.cisl.cam.ac.uk/files/chinas_belt_and_road_initiative090622_en.pdf

[14] Alison G., “The Thucydides Trap: Are the U.S. and China Headed for War?”, Harvard, Kennedy School, 24 Sep., 2015. https://www.belfercenter.org/publication/thucydides-trap-are-us-and-china-headed-war?utm_source=chatgpt.com

[15] U.S. Department of the Treasury – “Sanctions and Iran-Russia Military Cooperation”, Office of Foreign Assets Control, 18 Dec, 2025. https://ofac.treasury.gov/recent-actions/20251218

[16] Joseph S. Nye Jr.,” Get Smart: Combining Hard and Soft Power”, Foreign Affairs, July/August, 2009. https://doi.org/10.1007/978-981-99-0714-4_8