English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 2 ∘ ელენე ჩიქოვანი
უმუშევართა დასაქმებისა და სოციალური დაცვისუფლების რეალიზაციის გარანტიები საქართველოში

DOI kodi: 10.52340/ekonomisti.2026.02.06

ანოტაცია. სტატიაში გამოკვლეულია დასაქმების უფლების რეალიზაციის მიმართულებით არსებული გამოწვევები საქართველოში, რომელიც ეხება ისეთ ნორმებს, როგორიცაა: ნებაყოფილობით არჩეული სამუშაოს შესრულების გზით საარსებო  სახხრების გამომუშავების შესაძლებლობა, უმუშევრის სტატუსის განსაზღვრა, ხელშეწყობა დასაქმებაში, უმუშევრობის პერიოდში საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფის პირობების დაცვა.

გაანალიზებულია ქვეყანაში განხორციელებული შრომის ბაზრის აქტიური და პასიური პოლიტიკის ჩავარდნები რეფორმის საწყის ეტაპზე. დახასიათებულია უმწეოთა სოციალური დაცვის პოლიტიკასთან ინტეგრირებული შრომის ბაზრის პოლიტიკის ნაკლოვანებები, რაც განაპირობებს ამ უფლების საყოველთაობის პრინციპების დარღვევას  და  ფარავს მხოლოდ უმუშევართა ნაწილს მოქალაქთა სოციალური დაცვის კონსტიტუციური ნორმების,  ადამიანის „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ   საერთაშორისო პაქტისა“ და „ევროპის სოციალური ქარტიის  განახლებული ვერსიის“ მიერ განსაზღვრული  პრინციპების საწინააღმდეგოდ.  დასაბუთებულია უმუშევრობის  რისკისაგან დაზღვევის  ხარჯების გადანაწილების საბაზრო მექანიზმების შემუშავების აუცილებლობა და რეკომენდირებულია უმუშევრობის პერიოდში   გასაცემლების გაცემის შესაძლებლობის უზრუნველყოფა დასაქმების პერიოდში გაწეული შენატანების ხარჯზე,  მსოფლიოში არსებული გამოცდილების გათვალისწინებით.  

***

ევროპის სოციალური ქარტიის განახლებული ვერსიის მიხედვით (რომელიც ძალაში შევიდა 1999 წელს), განსაზღვრულია ადამიანის იმ ძირითად უფლებათა წრე, რომლის მოთხოვნის უფლებაც აქვს მოქალაქეს. სოციალური გარანტიებით ქვეყნის მოსახლეობის დაკმაყოფილების ხარისხი განსხვავებულია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების მიხედით, რაც ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დონეზე არის დამოკიდებული და გარანტიების უზრუნველყოფის მიდგომებისა და მექანიზმების განვითარების განსხვავებული მიდგომებითა და ხარისხით არის განპირობებული, რისი სრულყოფილი მიღწევის შესაძლებლობაც, ეკონომიკის განვითარების შესაბამის დონესა და მისი ეტაპობრივი მიღწევისათვის აუცილებელ გრძელვადიან პერიოდს მოითხოვს. აღნიშნული გარემოება განსაკუთრებით გასათვალისწინებელია საბაზრო ეკონომიკაზე გარდამავალი პერიოდის პოსტსაბჭოთა ქვეყნებისათვის, როგორსაც საქართველო წარმოადგენს. ამასთან,  მნიშვნელოვანია ამ მიმართებით აღებული  სამთავრობო კურსი და მექანიზმები იძლეოდეს მდგომარეობის მუდმივი გაუმჯობესების გარანტიას.

 სოციალური გარანტიების წრე, რომლის მიღების უფლებაც მოქალაქეს გააჩნია საკმაოდ ფართეა. ამ  მიმართებით საქართველოს მთავრობა ცდილობს გაატაროს პრაქტიკული ღონისძიებები ქვეყნის ეკონომიკის განვითარების  კვალდაკვალ მდგომარეობის შემდგომი გაუმჯობესების მიმართულებით. საკითხთა ფართე წრე ართულებს ცალკეული სტატიის ფარგლებში სოციალური გარანტიების მოქმედი მექანიზმებისა და მოსახლეობის დაცულობის სრულფასოვანი ანალიზის შესაძლებლობას, რაც  სცილდება ერთი სტატიის ფარგლებს. ამდენად,  საჭიროა ყურადღება გავამახვილოთ  სოციალური გარანტიების იმ  წრის რეალიზაციის მიმართულებით არსებული მდგომარეობის შეფასებაზე, რასაც საბაზისო მნიშვნელობა გააჩნია ადამიანის სხვა ძირითადი უფლებების რეალიზაციისათვის და მოითხოვს სპეციალური ყურადღების კონცენტრირებას შესაბამისი სამთავრობო პოლიტიკის ფორმირებისა და  რეალიზაციის დროს. ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ აღნიშნული მიდგომა მეტნაკლები სიმწვავით ეხება საბაზრო ეკონომიკაზე გარდამავალი პერიოდის ყველა ქვეყანას, რომელთაც ბუნებრივია  გეგმური ეკონომიკის ნგრევისა და საბაზრო ეკონომიკაზე ტრანსფორმირების ეკონომიკური და პოლიტიკური(მათ შორის ომისა და ეთნოკონფლიქტების) მიზეზების გამო  ვერ ექნება სოციალური გარანტიების აბსოლუტური და ეფექტური უზრუნველყოფის შესაძლებლობები. თუმცა, ყოველი ქვეყნისათვის სწორი პოლიტიკის გატარების აუცილებელ პირობას წარმოადგნს ადამიანის საყოველთაო უფლებების გათვალისწინებით საერთაშორისო კანონმდებლობასთან ადაპტირებული ძირითადი, ეროვნული,  საკანონმდებლო ბაზისა და  მექანიზმების ჩამოყალიბება, რომლებიც გრძელვადიან პერიოდში აღნიშნული გარანტიების დამკვიდრებას უზრუნველყოფს. პირველ რიგში ეს ეხება ნებაყოფილობით არჩეული სამუშაოს შესრულების გზით საცხოვრებელი სახხრების გამომუშავების შესაძლებლობას,   საყოველთაო უფლებას შრომის სამართლიან პირობებზე, უფლებას შრომის სამართლიან  ანაზღაურებაზე;   საყოველთაო უფლებას შრომის უსაფრთხო და ჰიგიენურ პირობებზე, რაც საბაზისო მიდგომებს აყალიბებს სოციალური გარანტიების მთლიანი სისტემის რეალიზაციის საქმეში. ნებაყოფილობით არჩეული სამუშაოს შესრულების გზით საცხოვრებელი სახსრების გამომუშავების შესაძლებლობა და შესაბამისად, დასაქმების უფლების რეალიზაცია სოციალური გარანტიების სისტემის ფორმირებისათვის საბაზო უფლებას წარმოადგენს. ამ მიმართებით საკვანძო მნიშვნელობა გააჩნია შესაბამისი სამთავრობო პოლიტიკის ფორმირებისა და რეალიზაციის სფეროში გამოყენებულ მიდგომებს.

უმუშევრების სოციალური დაცვის პოლიტიკა ნებისმიერ ქვეყანაში შრომის ბაზრის აქტიური და პასიური პოლიტიკის ინსტრუმენტების  მეშვეობით ფორმირდება. სამოქალაქო ომებისა და ეთნიკური კონფლიქტების შედეგად დანგრეული ეკონომიკის პირობებში რეფორმის საწყის ეტაპზე საქართველოს ეკონომიკა მოუმზადებელი აღმოჩნდა აქტიური შრომის ბაზრის პოლიტიკის განსახორციელებლად. დამსაქმებლელთა და დასაქმებულთა შენატანების მობილიზაციის სფეროში არსებულმა პრობლემებმა და დასაქმების ფონდის დეფიციტმა, აქტიურ პოლიტიკასთან ერთად, პასიური შრომის ბაზრის პოლიტიკის წარუმატებლობაც განაპირობა. მიუხედავად იმისა, რომ რეფორმის საწყის ეტაპზე უმუშევართა სოციალური დაცვა და შესაბამისად, პასიური შრომის ბაზრის პოლიტიკის რეალიზაცია უმუშევართა დახმარებისა და შემწეობის გაცემის კონტექსტში ხორციელდებოდა, ეკონომიკური სტაგნაციის პირობებში ქვეყნის მთავრობა იძულებული გახდა უარი ეთქვა პასიური შრომის ბაზრის პოლიტიკის რეალიზაციაზეც და მხოლოდ მოგვიანებით, ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპებისა და ფინანსური სტაბილურობის პირობებში მეწარმეობის მხარდაჭერის ღონისძიებების, სამუშაო ადგილების სუბსიდირების, უმუშევართა მომზადება/გადამზადების ღონისძიებების აქტივიზაციის  მეშვეობით შეძლო აქტიური შრომის ბაზრის პოლიტიკის განხორციელებაზე გადასვლა(ჩიქოვანი, ბარამიძე, 2024).  

დასაქმების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ახალი მიდგომები განისაზღვრა “საქართველოს კანონით დასაქმების ხელშეწყობის შესახებ”(კანონი დასაქმების ხელშეწყობის შესახებ, 2020). კანონის  მიხედვით  სახელმწიფო უზრუნველყოფს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისათვის დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამების თანაბარ ხელმისაწვდომლობას, სამუშაოს მაძიებლის სტიმულირებას დასაქმებისათვის, სამუშაოს მიღებისათვის ან თვითდასაქმებისათვის. კანონის მიხედვით განმარტებულია დასაქმების ხელშეწყობის ინდივიდუალიზაცია, რაც გულისხმობს დასაქმების ხელშეწყობის ღონისძიებების ორიენტირებას სამუშაოს მაძიებლის ინდივიდუალურ უნარებსა და შესაძლებლობებზე, პიროვნულ  და პროფესიულ განვითარებაზე. ამასთან, მოწყვლადი ჯგუფებისა და მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობის მიმართ, რომლებსაც დასაქმების ხელმისაწვდომლობაში სირთულეები ექმნებათ, სახელმწიფო უზრუნველყოფს განსაკუთრებული მიდგომების გამოყენებას. კანონის მიხედვით შემოტანილ იქნა დასაქმების 4 ფორმა - დასაქმება შრომის ანაზღაურების სუბსიდირებით,  დასაქმება, სტაჟირება და შრომითი მიგრაცია(მუხლი 13). (კანონი დასაქმების ხელშეწყობის შესახებ, 2020).

უმუშევართა სოციალური დაცვისა და მათი დასაქმების ახალ მიდგომებს ამკვიდრებს „დასაქმებისხელშეწყობის 2022 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 17 თებერვლის N81 დადგენილების შესაბამისად შემოღებული  სამთავრობო  ღონისძიებები, რომლის მიხედვითაც გათვალისწინებულია შრომის  ბაზარზე სამუშაოს მაძიებლისა და დამსაქმებლისათვის უფასო საშუამავლო მომსახურების მიწოდება-განვითარება; მოწყვლადი, დაბალკონკურენტუნარიანი ჯგუფების დასაქმების ხელშემწყობი მექანიზმების შემუშავება და დანერგვა; დასაქმების ფორუმების მოწყობა; ვაკანსიების მონიტორინგისა და თვისებრივი კვლევების განხორციელება მინიმუმ წელიწადში  ერთხელ,  სააგენტოს საქმიანობის შესახებ ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიების წარმოება; სოციალურ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა (მთავრობის დადგენილება N81, 2022.წ).   ზემოაღნიშნული დადგენილება შრომის ბაზრის აქტიურ პოლიტიკაზე გადასვლისა და დასაქმების  ხელშემწყობ   ღონისძიებათა  განვითარებას ითვალისწინებს, რაც დადებით მოვლენად შეიძლება ჩაითვალოს. ამასთან, ქვეყანაში ყურადღების მიღმა არის დარჩენილი უმუშევრთა სოციალური დაცვის ღონისძიებები პასიური შრომის ბაზრის პოლიტიკის ფარგლებში, რაც მისი გაუქმების შემდეგ  ქვეყანაში არ განხორციელებულა, ხოლო დასაქმების ხელშემწყობი 2022 წლის პროგრამის ღონისძიებების ბენეფიციარები აღმოჩნდნენ მხოლოდ ის უმუშევრები, რომელთა ოჯახის წევრებიც უმუშევრობის და /ან სხვა მიზეზების გამო უმწეოთა დახმარების მიმღებთა მეთოდოლოგიის შესაბამისად განსაზღვრული  რეიტინგული ქულების თანახმად სოციალურად დაუცველთა კატეგორიებს იქნა მიკუთვნებული.  შესაბამისად, მოქალაქეთა სოციალური დაცვის კონსტიტუციური ნორმების, „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ   საერთაშორისო პაქტისა“ და „ევროპის სოციალური ქარტიის  განახლებული ვერსიის“ მიერ განსაზღვრული გარანტიების გვერდის ავლით და საბაზრო ეკონომიკის პრინციპების იგნორირების გზით საქართველოში სახელმწიფო ბიუჯეტს დაეკისრა სიღარიბის დაძლევის პროგრამასთან ინტეგრირებული სხვა მიმართულებების დაფინანსებაც(მათ შორის უნუშევართა შემწეობის, უმწეოთა შემწეობისა და ასაკით პენსიონერთა პენსიების დაფინანსება), რითაც  ხარჯიანი აღმოჩნდა სახელმწიფო ბიუჯეტისთვისაც. დასაქმების აქტიური პოლიტიკის დაფინანსება კი მთავრობამ მიანდო ისეთ პროგრამებს, როგორიცაა პროგრამა „აწარმოე საქართველოში“, ასევე  საპარტნიორო ფონდისა და მცირე ბიზნესის მზარდაჭერის პროგრამების ფარგლებში განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებები.  მიუხედავად მთავრობის  მიერ განსაზღვრული სწორი ორიენტირებისა, გეზი აიღოს აქტიური შრომის ბაზრის პოლიტიკის გატარებაზე,  ეს პროცესი ქვეყანაში არსებული სოციალური და ეკონომიკური პრობლემების ფონზე წინააღმდეგობებით ხასიათდება და რთული გადასაწყვეტია მისი ხარჯიანობის გამო. პრობლემის მოსაგვარებლად სახელმწიფომ უნდა შექმნას  უმუშევართა სოციალური დაცვის საბაზრო მექანიზმები, რომელიც, ერთის მხრივ, დასაქმების აქტიური პოლიტიკის რეალიზაციისაკენ ხოლო, მეორეს მხრივ, შრომის უფრო მეტი მოტივაციის შექმნისკენ იქნება მიმართული(ჩიქოვანი, ბარამიძე:2024).

  საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციისა და „დასაქმების ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონის“ მიხედვით  უმუშევართა  სოციალური დაცვის ძირითადი მიმართულებები მოიცავს ისეთ ნორმებს, როგორიცაა ხელშეწყობა დასაქმებაში, მათი საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფის პირობების დაცვა, უმუშევრის სტატუსის განსაზღვრა, მოქალაქეთა შრომითი უფლებების დაცვა საზღვარგარეთ (კონსტიტუცია 1995;  კანონი დასაქმების ხელშეწყობის შესახებ, 2020). უმუშევართა სოციალური დაცვის ღონისძიებების მთავარი მიზანი უმუშევრებისთვის დასაქმების ხელშეწყობაა. ეს ახალი სამუშაო ადგილების შექმნასთან ერთად უმუშევართა მომზადება/გადამზადების სისტემის ჩამოყალიბებას მოითხოვს, რასაც მოიცავს შრომის ბაზრის  აქტიური პოლიტიკის ღონისძიებების სისტემა. ამასთან, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყანაში არ არის რეალიზებული უმუშევრობის რისკისაგან მოსახლეობის დაცვის საბაზრო მექანიზმები, რაც საშუალებას მისცემს ქვეყანას უმუშევრობის რისკის დაზღვევის ხარჯები თვით უმუშევარსა და  დამსაქმებლებს ასევე, სახელმწიფოს შორის იქნეს გადანაწილებული, რომელშიც განმსაზღვრელ როლს შეასრულებს დასაქმების პერიოდში გაწეული შენატანების ხარჯზე უმუშევრობის პერიოდში  უმუშევრობის გასაცემლების გაცემის შესაძლებლობის უზრუნველყოფა მსოფლიოში არსებული გამოცდილებისა და პრაქტიკის გათვალისწინებით. ამ მიმართებით აუცილებელია  მსოფლიოში  უმუშევრობის დაზღვევის სხვადასხვა პრაქტიკის შესახებ  არსებული  გამოცდილების დანერგვა ქვეყანაში და აღნიშნული სფეროს სახელმწიფოს მიერ მკაცრად რეგულირება.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. საერთაშორისო პაქტი, 1976. ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი (ძალაში შევიდა 1976 წელს), https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/1483577?publication=0.
  2. ევროპის სოციალური ქარტია, 1999: ევროპის სოციალური ქარტიის განახლებული ვერსია (ძალაში შევიდა 1999 წელს),:  https://matsne.gov.ge/ka/document/view/1392164?publication=0.  3
  3. კონსტიტუცია, 1995: საქართველოს კონსტიტუცია. თბილისი, 1995 წლის 24 აგვისტო. კონსოლიდირებული პუბლიკაციები 29/06/2020.
  4. კანონი დასაქმების ხელშეწყობის შესახებ: “საქართველოს კანონი დასაქმების ხელშეწყობის შესახებ”.  თბილისი,  2020 წლის 14 ივლისი (№6819-რს).
  5. მთავრობის დადგენილება, N81,2022: „დასაქმებისხელშეწყობის 2022 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 17 თებერვლის N81 დადგენილება;
  6. ჩიქოვანი, ბარამიძე, 2024: ელენე ჩიქოვანი, გვანცა ბარამიძე, უმუშვართა სოციალური დაცვა საქართველოში“. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის დაარსებიდან მე-80 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მასალების კრებული “მსოფლიოს ეკონომიკური განვითარების ტენდენციები ახალ გეოპოლიტიკურ რეალობაში: საქართველოს ადგილი და გამოწვევები, თბილისი,2024. გვ.459-466;
  7. Proposal for a COUNCIL DECISION on guidelines for the employment policies of the Member States. Brussels, 23.5.2022 COM (2022) 241 final 2022/0165 (NLE).
  8. Employment, Social Affairs@ Inclusion. European Commission. 2022; https://ec.europa.eu/social/main.jsp?langId=en&catId=862