English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 2 ∘ თენგიზ ვერულავა
ექიმების როლი სამედიცინო მომსახურებაზე მოთხოვნის ფორმირებაზე

ანოტაცია. ჩვეულებრივ ბაზარზე მომხმარებელს წინასწარი ინფორმაცია აქვს და შეუძლია საკუთარი გემოვნების შესაბამისად აირჩიოს, თუ ვისგან, სად და რა ფასებში იყიდოს სასურველი საქონელი. იგი სრულიად დამოუკიდებელია გამყიდველისაგან. მომხმარებელი საქონლის ყიდვისას ითვალისწინებს საკუთარ შემოსავალს და ცდილობს მისი მაქსიმალური სარგებლიანობით გამოყენებას, ანუ გვევლინება როგორც რაციონალური მყიდველი. თუმცა, ზოგ შემთხვევებში (მაგ., ავტომობილის ან წყალგაყვანილობის შეკეთება) მომხმარებელი სრულყოფილად არაა ინფორმირებული ამა თუ იმ საქონლის შესახებ და უძნელდება არჩევანის გაკეთება. ასეთ დროს ადამიანები მიმართავენ ინფორმირებულ აგენტებს, რომლებიც მათ ეხმარებიან არჩევანის გაკეთებაში.

კიდევ უფრო რთული მდგომარეობაა ჯანდაცვის სფეროში. სამედიცინო მომსახურების ბაზარი ხასიათდება გაურკვევლობის დიდი ხარისხით და ინფორმაციული ასიმეტრიულობით. მომხმარებელს ყოველთვის არ აქვს შესაძლებლობა მიიღოს გადაწყვეტილება საჭირო სამედიცინო მომსახურების მოცულობაზე და მკურნალობის მეთოდებზე. სამედიცინო მომსახურების მოცულობის განსაზღვრაში გადამწყვეტი როლი ენიჭება ექიმს და არა პაციენტს. ექიმი ახდენს პაციენტის მდგომარეობის შეფასებას, განსაზღვრავს მოთხოვნას და ნიშნავს საჭირო მკურნალობას. ამ დროს პაციენტი, როგორც წესი, შეზღუდულია შეაფასოს ექიმის ქმედებების რაციონალურობა, რადგან არ შეუძლია დაასაბუთოს მიწოდებული სერვისების საჭიროება. პაციენტი დამოკიდებული ხდება ექიმზე და წარმოიშობა ექიმის როგორც პაციენტის აგენტის მოდელი, სადაც ექიმი განსაზღვრავს პაციენტისათვის საჭირო სამედიცინო მომსახურების მოცულობას.

ნაშრომის მიზანია შეისწალოს სამედიცინო ბაზარზე ექიმების როლი ჯანდაცვის სერვისებზე მოთხოვნის ფორმირებაზე.

საკვანძო სიტყვები: სამედიცინო ბაზარი, სამედიცინო სერვისებზე მოთხოვნა, მიწოდებით პროვოცირებული მოთხოვნა. 

მიწოდებით პროვოცირებული მოთხოვნა სამედიცინო ბაზარზე 

ექიმი წარმოადგენს მომსახურების მიმწოდებელს, რომელსაც აქვს თავისი ეკონომიკური მოტივაცია. შედეგად, შესაძლებელია წარმოიშვას მისი როგორც აგენტის როლსა და როგორც მომსახურების მიმწოდებელს შორის კონფლიქტი. ექიმმა ეკონომიკური მოტივაციის შედეგად შეიძლება გაზარდოს საჭირო პროცედურების მოცულობა, მომსახურების ნაკრებიდან გამორიცხოს იაფფასიანი შემცვლელები, შეარჩიოს მომსახურების ის სახეები, რომლებიც უზრუნველყოფენ საავადმყოფოს ან პოლიკლინიკის სრულ დატვირთვას. აღნიშნული მდგომარეობა შეიძლება გახდეს დამატებითი პროცედურების დანიშვნის ან ჰოსპიტალიზაციის გახანგრძლივების მიზეზი, გარდა ამისა, სამკურნალო-დიაგნოსტიკურმა ღონისძიებებმა შეიძლება გაზარდონ მოთხოვნა სამედიცინო დახმარებაზე და გამოიწვიონ რეალურად საჭირო სამედიცინო მომსახურების, და მისი ღირებულების დევალვაცია.

განვიხილოთ ექიმების გავლენა პაციენტის მოთხოვნაზე სრული ინფორმაციის სიტუაციაში. კვლევები ადასტურებენ, რომ სრული ინფორმაციის დროს ექიმები გავლენას ვერ ახდენენ პაციენტის პრეფერენციებზე. ასეთ შემთხვევაში ექიმმა იცის პაციენტის პრეფერენციები, ხოლო პაციენტს შეუძლია შეაფასოს ექიმის მიერ მიწოდებული სერვისების მახასიათებლები. ექსპერტების მტკიცებით, პაციენტები შედარებით ინფორმირებულნი არიან მომსახურების დაახლოებით მეოთხედთან მიმართებით, უმთავრესად ხშირად მორეციდივე მარტივი დაავადებების, ზოგჯერ კი ქრონიკული დაავადებების შესახებ (Pauly, 1980). ასეთ დროს პაციენტი რაციონალურად ირჩევს მომსახურების იმ სახეს, რომელიც მისთვის მისაღებია. აღნიშნული სიტუაცია ყველაზე მეტად დამახასიათებელია კერძო სტომატოლოგიური სერვისების ბაზრისათვის: პაციენტს სთავაზობენ შედარებით ძვირადღირებულ ან იაფფასიან მასალებს, და იგი ირჩევს მისი გადამხდელუნარიანობის დონის მიხედვით.

სრული ინფორმაციის შემთხვევაში ექიმები სამედიცინო მომსახურების მოხმარების მოცულობაზე გავლენის მოსახდენად ფლობენ ორ შესაძლებლობას. პირველი გულისხმობს სხვადასხვა პაციენტებში ერთი და იგივე დაავადების მკურნალობის პროცესის არაერთგვაროვნებას. პაციენტები შეიძლება ფლობდნენ საკუთარი დაავადების ბუნების და მათი მკურნალობის მეთოდების შესახებ ყველა აუცილებელ ცოდნას, მაგრამ მათ არ აქვთ ნათელი წარმოდგენა სერვისების დამატებითი მოცულობის სარგებლების შესახებ. თეორიულად პაციენტებმა შეიძლება უარი თქვან სერვისების გარკვეულ მოცულობაზე სამკურნალო პროცედურების ძირითადი ნაწილის ჩატარების შემდეგ. მაგრამ პრაქტიკულად ამის გაკეთება რთულია. როდესაც პაციენტს არ სურს დამატებით დანიშნული სერვისების მიღება და მიმართავს სხვა ექიმს, იგი კარგავს მკურნალობაზე უკვე გაწეული ხარჯების ნაწილს.

სერვისების მოცულობის განსაზღვრის მეორე შესაძლებლობა განპირობებულია საექიმო საქმიანობის ბევრი მახასიათებლის რთული გაზომვადობით. აქ იგულისხმება არამატერიალური და ძნელად იდენტიფიცირებადი რესურსები, რომლებსაც ექიმი დებს პაციენტის მკურნალობაში. თითოეული პაციენტისათვის ცნობილია ისეთი მნიშვნელოვანი მახასიათებლები, როგორიცაა: ექიმთან კონტაქტის ხანგრძლივობა, ექიმის გულისხმიერება და ყურადღებიანობა, სამკურნალო ტაქტიკის ახსნა და სხვა. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია ექიმის დანახარჯები აუცილებელი კლინიკური ინფორმაციის ძიებაზე და საკუთარი კვალიფიკაციის ამაღლებაზე. მკურნალობის ეს არამატერიალური რესურსები ხშირად გაუგებარია პაციენტისათვის. ძნელია არამარტო მათი გაზომვა, არამედ ფულადი ფორმით გამოსახვაც. შესაბამისად, ექიმი ცდილობს აინაზღაუროს ასეთი სახის არამატერიალური ხარჯები სერვისების მოცულობის გაზრდით.

მომსახურების მიმწოდებლები (ექიმები) გავლენას ახდენენ მოთხოვნის მოცულობაზე. ამ ფენომენს ეწოდება ინდუცირებული მოთხოვნა ან მიწოდებით პროვოცირებული მოთხოვნა, როდესაც ექიმი ხელმძღვანელობს საკუთარი ინტერესებით და პაციენტს უნიშნავს ჭარბ სერვისებს.

ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, ჯანდაცვის ეკონომისტების 68%, ეკონომისტების 77% და ექიმების 67% დაეთანხმა მტკიცებას, რომ ექიმებს შეუძლიათ პაციენტების მომსახურების მოხმარებაზე გავლენა და შედეგად ადგილი აქვს მიწოდებით პროვოცირებულ მოთხოვნას (Fuchs, 1996). ნახატზე ეს სიტუაცია წარმოდგენილია გრაფიკულად. ხაზი D1 ასახავს ინდივიდის მოთხოვნას მკურნალობაზე სრული ინფორმაციის პირობებში. ეს არის სამედიცინო მომსახურების ფასისა და მოცულობის თანაფარდობა მომხმარებლის პრეფერენციების გათვალისწინებით. ინფორმაციის ასიმეტრიის არსებობისას მოთხოვნა შეიძლება გადავიდეს D2 პოზიციაზე, სადაც ფასი და რაოდენობა (P2 და Q2) ოპტიმალურზე მაღალია. ინფორმაციის ასიმეტრიის ბუნება ამ შემთხვევაში მდგომარეობს იმაში, რომ ინდივიდმა, თუნდაც იცოდეს თავისი დაავადების ბუნება და მისი მკურნალობის მეთოდები, შეიძლება არ იცოდეს რა სარგებელს მოუტანს სამედიცინო მომსახურების დამატებითი ერთეული, ექიმთან დამატებითი ვიზიტი ან სხვა სპეციალისტთან კონსულტაცია.

D1 და D2 ხაზებს შორის მანძილი წარმოადგენს ინდუცირებულ მოთხოვნას. კვლევები ადასტურებენ ექიმების ტენდენციას გაწეული მომსახურების მოცულობის გაზრდისკენ. ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, ქირურგების რაოდენობის ზრდა შეერთებულ შტატებში, თანაბარი მოთხოვნის ფაქტორების დროს, არ ამცირებს, არამედ ზრდის საბაზრო ფასებს, რაც ირიბად ასახავს ინდუცირებული მოთხოვნის არსებობას (Fuchs, 1978).

ნახატი. მოთხოვნა, პროვოცირებული მიწოდებით

 

ზოგჯერ ექიმი შეიძლება დაინტერესებული იყოს სამედიცინო დახმარების მოთხოვნის გაზრდით, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მისი ანაზღაურებისათვის გამოიყენება შესრულებული სამუშაოს მიხედვით დაფინანსების მეთოდი. ჯ. ჰიქსონმა (1987) აჩვენა, რომ პედიატრები, რომელთა ანაზღაურება ხორციელდება შესრულებული სამუშაოს მიხედვით, პაციენტებზე ზრუნვის სერვისებს ახდენენ იმაზე მეტი მოცულობით, ვიდრე ეს რეკომენდირებულია ამერიკის პედიატრიის აკადემიის მიერ, და არ აკეთებენ ამას როდესაც იღებენ ფიქსირებულ ხელფასს (Hickson et al., 1987).

ა. ეპშტეინმა (1986) აჩვენა, რომ ექიმები უნიშნავენ 50%-ით მეტ ეკგ-ს და 40%-ით მეტ რენტგენოგრაფიას როდესაც მათი ანაზღაურება ხორციელდება შესრულებული სამუშაოს მიხედვით, ვიდრე სულადობრივი მეთოდით გადახდისას (Epstein, 1986). ამგვარად, სამედიცინო ბაზრის ნაკლოვანებები, კერძოდ, ინფორმაციის ასიმეტრია, მიგვანიშნებს, რომ სამედიცინო მომსახურების მოთხოვნაზე გავლენას ახდენენ სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლები, ექიმები. ამასთან, მკვლევართა აზრით, მოთხოვნის ზრდა ხელს არ უწყობს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას, იგი განაპირობებს დამატებითი რესურსების მობილიზაციის საჭიროებას, რომელიც შეიძლება გამოყენებული ყოფილიყო სხვა, უფრო ეფექტური სამედიცინო მომსახურების უზრუნველსაყოფად.

სამედიცინო მომსახურებაზე მოთხოვნის კიდევ ერთი თავისებურება ის არის, რომ ის მოულოდნელად ჩნდება. უფრო ხშირად ადამიანებს არ შეუძლიათ წინასწარ განსაზღვრონ, როდის დასჭირდებათ სამედიცინო დახმარება. ამ პრობლემის გადასაჭრელად გამოიყენება დაზღვევა. თუმცა, თავად ჯანმრთელობის დაზღვევას აქვს საბაზრო ნაკლოვანებები, რომლებიც დაკავშირებულია ინფორმაციის ასიმეტრიის არსებობასთან: დაზღვეული უკეთ არის ინფორმირებული მისი ავადმყოფობისა და შესაძლო სამომავლო ხარჯების შესახებ, ვიდრე მზღვეველი. ამიტომ, ჯანმრთელობის კერძო დაზღვევის სისტემაში მწვავედ დგას არახელსაყრელი შერჩევისა და ეთიკური საფრთხის საკითხები, რის შედეგადაც გაწეული სამედიცინო დახმარების მოცულობა არ შეესაბამება სოციალურად ოპტიმალურს.

ინფორმაციული ასიმეტრიის არსებობა უარყოფითად აისახება სამედიცინო მომსახურების ბაზარზე. ხშირად, ინდივიდებს არ აქვთ ინფორმაცია თავიანთი დაავადების, მკურნალობის ცალკეული მეთოდების ეფექტურობის შესახებ. უფრო მეტიც, სამედიცინო მომსახურების სხვადასხვა სახეები ადამიანს სჭირდება არარეგულარულად ან მხოლოდ ერთხელ, რაც არ იძლევა დაგროვილი გამოცდილების გამოყენების საშუალებას მომავალში გადაწყვეტილების მისაღებად. თუ მომხმარებლები ვერ განასხვავებენ კარგ და ცუდ მკურნალობას, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მიზანმიმართულად მოიძიონ საუკეთესო სამედიცინო მომსახურება ბაზარზე. ავადმყოფობის შემთხვევაში, ისინი სავარაუდოდ მიმართავენ მიმწოდებელს, რომელთანაც დაამყარეს ხანგრძლივი ურთიერთობა. ჯანდაცვის მიმწოდებლის ინტერესებში შედის კარგი რეპუტაციის შენარჩუნება, ხოლო ამის სანაცვლოდ პროვაიდერი იღებს მონოპოლიურ ძალაუფლებას მომხმარებელზე, რაც ასევე ამცირებს საბაზრო ურთიერთქმედების ეფექტურობას.

ინფორმაციის ასიმეტრიის პრობლემის სიმძიმე განპირობებულია იმით, რომ მყიდველისთვის ინფორმაციის მოპოვება დაკავშირებულია ხარჯებთან. თუმცა, დროთა განმავლობაში, ინფორმაციის მოპოვების ღირებულება შეიძლება შემცირდეს. ბოლო წლებში ინტერნეტი სულ უფრო ხშირად გამოიყენება ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის გასავრცელებლად. ბევრმა ქვეყანამ დაიწყო ჯანდაცვის პროვაიდერების მუშაობის ხარისხის შესახებ დეტალური ინფორმაციის გამოქვეყნება.

სამედიცინო ბაზარზე რესურსების ეფექტურ განაწილებას ხელს უშლის გარე ეფექტები. ჯანდაცვის ზოგ სერვის აქვს დადებითი გარე ეფექტი. მაგალითად, ინფექციური დაავადებების მკურნალობა ან ვაქცინაცია ქმნის სარგებელს არა მხოლოდ მათთვის, ვინც მასში მონაწილეობს (კერძო სარგებელი); არამედ საზოგადოების ყველა სხვა წევრისთვის (გარე სარგებელი).

გარე ეფექტი ასევე დაკავშირებულია მოსახლეობის ჯანმრთელობასთან. ზოგადად, ჯანმრთელ ადამიანებს აქვთ უფრო მაღალი შრომის პროდუქტიულობა, ნაკლები გაცდენები ავადმყოფობის გამო და მეტი სიცოცხლის ხანგრძლივობა. შესაბამისად, ინდივიდების ჯანმრთელობის გაუმჯობესებას აქვს დადებითი გარე ეფექტი მშპ-ის ზრდის კუთხით.

ამგვარად, ჯანდაცვის სექტორში სამომხმარებლო მოთხოვნის მთავარი ფაქტორია ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნება და გაუმჯობესება. მოთხოვნა სამედიცინო მომსახურებაზე წარმოადგენს ჯანმრთელობაზე მოთხოვნისგან წარმოებულს. სამომხმარებლო გადაწყვეტილებები განისაზღვრება სამედიცინო მომსახურების ფაქტიური ფასის მიხევით, რომელსაც პაციენტი პირდაპირ იხდის. ეს ორი ფაქტორი ყოველთვის ერთდროულად მოქმედებს: პაციენტი ირჩევს სერვისის ხარისხს, რომლის დროსაც ითვალისწინებს ფასს, ანუ ირჩევს მისთვის ყველაზე უფრო სარგებლიან შეფარდებას „ფასი - ხარისხი“.

ამ არჩევანზე გავლენას ახდენენ მრავალი სხვა ფაქტორები: სამედიცინო მომსახურების ფიზიკური ხელმისაწვდომობა, მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფების დემოგრაფიული და კულტურული მახასიათებლები. სხვადასხვა დაავადებების დროს სამედიცინო მომსახურების გაწევის თავისებურებები. სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლებზე ინფორმაციის არსებობა.

სამედიცინო მომსახურების მომხმარებელი ჩვეულებრივ ეყრდნობა სხვა მომხმარებლების აზრს ან ექიმების აზრს, რომელიც სთავაზობს მკურნალობის ვარიანტებს, ანუ ინფორმაციაზე, რომლის მიღება და შეფასება მოითხოვს დროის და რესურსების გარკვეულ ხარჯებს. რაც უფრო მაღალია ვარიანტების რაოდენობა, მით უფრო დიდია ეს ხარჯები. არჩევისას ითვალისწინებენ გვერდით ხარჯებსაც, რომლებიც დაკავშირებულია აუცილებელი დახმარების მიღებაზე, მაგალითად ტრანსპორტის ხარჯები, შემოსავლის შესაძლო დაკარგვა სახლიდან მოშორებით მკურნალობის აუცილებლობასთან დაკავშირებით.

სამედიცინო სერვისებზე მოთხოვნა, როგორც ჯანმრთელობაზე მოთხოვნისგან წარმოებული

ტრადიციულ ეკონომიკურ თეორიაში ითვლება, რომ ინდივიდები ყიდულობენ სერვისებს და საქონელს სარგებლიანობის მაქსიმიზაციის მიზნით, ანუ საქონლისა და სერვისების მოხმარებას მათთვის მოაქვს კმაყოფილება. დღეისათვის ეკონომისტები იყენებენ სამომხმარებლო მოთხოვნის ანალიზის უფრო რთულ მეთოდს - ისინი გვთავაზობენ განვასხვავოთ ბაზარზე შეძენილი საქონლები და ფუნდამენტური ღირებულებები, რომელთა უზრუნველყოფა შეიძლება ამ საქონლების მოხმარებით. ჯანმრთელობა ასეთ ფუნდამენტურ ღირებულებას განეკუთვნება, რადგან მომხმარებლებისათვის მნიშვნელოვანია მათი განწყობა, და არა მხოლოდ სამედიცინო სერვისები. ადამიანებს აქვთ ჯანმრთელობაზე მოთხოვნა, ხოლო მისი შენარჩუნებისათვის ყიდულობენ სამედიცინო სერვისებს. ამგვარად სამედიცინო სერვისებზე  მოთხოვნა არის ჯანმრთელობაზე მოთხოვნისგან წარმოებული.

ამერიკელი ეკონომისტის მ. გროსმანის მიხედვით, ჯანმრთელობა შეიძლება განვიხილოთ როგორც სამომხმარებლო სარგებელი, ასევე საინვესტიციო, რადგან რაც უფრო მაღალია ჯანმრთელობის მდგომარეობა, მით მაღალია ადამიანის, როგორც მუშაკის მწარმოებლურობა, რადგან მცირდება დაავადების ხანგრძლივობა, იზრდება შრომისუნარიანობა, და შესაბამისად იზრდება შემოსავლების მიღების უნარი, რაც ზრდის მისი როგორც მომხმარებლის შემოსავლებს.

რადგან დროთა განმავლობაში ხდება ჯანმრთელობის ამორტიზაცია, მისი დონის გაზრდისათვის საჭიროა შესაბამისი ინვესტიციები, მათ შორის სამედიცინო მომსახურების ყიდვა. გროსმანმა შეიმუშავა ფორმალური მოდელი, რომელშიც სამედიცინო მომსახურებაზე მოთხოვნა განიხილება როგორც ჯანმრთელობაზე მოთხოვნისგან წარმოებული. წარმოდგენილი მოდელის მიხედვით ყოველი ინდივიდი დროის ყოველ მომენტში ახორციელებს რაციონალურ არჩევანს სამედიცინო სერვისების ნაკრებსა (რომელიც უზრუნველყოფს მის ჯანმრთელობას) და ყველა დანარჩენ სარგებლებს შორის.

გროსმანის მოდელი მნიშვნელოვანია იმით, რომ იგი გვიხსნის თუ როგორ ახორციელებს ადამიანი სამედიცინო მომსახურების შერჩევას. საქმე იმაშია, რომ გროსმანის მიხედვით, სამედიცინო მომსახურების მთლიანი ფასი მოიცავს ჯანმრთელობის შენარჩუნებაზე დროის (დაავადების ხანგრძლივობა და მკურნალობის დრო)  ხარჯებსაც. რაც უფრო მაღალშემოსავლიანია ადამიანი მით მეტი სურვილი აქვს მაქსიმალურად გამოიყენოს სამუშაო დრო. მდიდრებისათვის დაავადების დროის ფასი უფრო მაღალია ვიდრე ღარიბებისათვის.  მდიდრები შედარებით ნაკლებად რეაგირებენ სამედიცინო სერვისების საბაზრო ფასზე, რადგან მათთვის უფრო მნიშვნელოვანია დროის ფასი. მაღალშემოსავლიანი პირები ცდილობენ საკუთარი სამუშაო დროის მაქსიმიზაციას და შედარებით მეტ ინვესტიციას დებენ თავიანთ ჯანმრთელობაში. მათთვის დროის ფასი მეტია, ვიდრე სამედიცინო მომსახურების ფასი. აქედან გამომდინარე, მათი მზადყოფნა, გადაიხადონ მკურნალობა უფრო მაღალია, შესაბამისად, მეტია მოთხოვნა სამედიცინო დახმარებაზე. ღარიბებისათვის ფასი მნიშვნელოვანი ფაქტორია, შესაბამისად, მომსახურებაზე უარის თქმა უარყოფითად მოქმედებს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

გამოყენებული ლიტერატურა

  • Pauly MV. (1980). Doctors and their workshops: economic models of physician behavior. Chicago: University of Chicago Press.
  • Fuchs VR. (1996). Economics, Values and Health Care Reform. American Economic Reviev, No 86.
  • Hickson GB., Altemeier WA., Perrin JM. (1987). Physician reimbursement by salary or fee-for-service: effect on physician practice behavior in a randomized prospective study. Pediatrics, 80(3), 344-350.
  • Epstein RA. (1986). Medical Malpractice, Imperfect Information, and the Contractual Foundation for Medical Services. Law and Contemporary Problems, 49(2), 201–212. https://doi.org/10.2307/1191422.