English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 1 ∘ ქეთევან ღუდუშაური
საბანკო სექტორის ფინანსური კონტროლი

ანოტაცია. სუვერენული სახელმწიფოსათვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საკრედიტო სისტემას. საქართველოს ჩართვა მსოფლიო სისტემაში, საწარმოთა ეფექტური ფუნქციონირება და ზოგადად, სახელმწიფოს განვითარება პირდაპირ კავშირშია საბანკო სისტემასთან. იმისათვის, რომ საქართველოში დროულად განხორციელდეს ეკონომიკური კრიზისის დაძლევისათვის აუცილებელი ღონისძიებები, მნიშვნელოვანი როლი საბანკო სისტემას აკისრია. სტატიაში განხილულია საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების საქმიანობა, ზედამხედველობის საკითხები და ეკონომიკური ნორმატივების შესრულების მდგომარეობა.

საკვანძო სიტყვები: საბანკო სისტემა; საბაზრო ეკონომიკა; ეკონომიკური პოლიტიკა; საბანკო კონტროლი.

შესავალი 

მე-20 საუკუნის მიწურულს, მსოფლიოში მნიშვნელოვანი პროცესები განვითარდა, რასაც მბრძანებლურ-ადმინისტრაციული სისტემის რღვევა და საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის პროცესის დაწყება მოჰყვა ყოფილ კომუნისტურ ქვეყნებში.

საქართველოს პოლიტიკა 70-წლიანი ისტორიის განმავლობაში ეკონომიკურ ფაქტორებს ნაკლებად ეყრდნობოდა. შესაბამისად, საქართველო  XX  საუკუნის ბოლოს ეკონომიკური პოლიტიკის ფორმირების მექანიზმების გარეშე შეხვდა.

იმისათვის, რომ საქართველოში დროულად განხორციელდეს ეკონომიკური კრიზისის დაძლევისათვის აუცილებელი ღონისძიებები, მნიშვნელოვანი როლი საბანკო სისტემას აკისრია, რადგან ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და მაკროეკონომიკური სტაბილურობა მჭიდროდ არის დაკავშირებული საიმედო, მყარ და ლიკვიდურ საბანკო სისტემასთან. საბანკო სექტორის მნიშვნელობას ზრდის ის ფაქტორი, რომ პოსტინდუსტრიულ საზოგადოებაში პროგრესის დონის მთავარი მაჩვენებელი ადამიანის განვითარების ინდექსი, წმინდა კეთილდღეობა მოსახლეობის ერთ სულზე და წმინდა ცოდნის დინამიკაა. საბანკო სისტემას გააჩნია მნიშვნელოვანი რეზერვები უზრუნველყოს საზოგადოების ორიენტაცია კონკურენტუნარიანობაზე, შესაძლებლობებზე, ცოდნაზე, ადამიანზე, მენეჯმენტსა და მარკეტინგზე.

საბანკო კონტროლი ძალზე მნიშვნელოვანია საბაზრო ეკონომიკის პირობებში. საბანკო საქმიანობის კონტროლი იყოფა შიდა და გარე კონტროლად. გარე კონტროლი ტარდება ეროვნული ბანკისა და გარე აუდიტორების მიერ. შიდა კონტროლი წარიმართება ბანკის მიერ. შიდა საბანკო კონტროლი ბანკის მენეჯმენტის ნაწილია. აღნიშნულ ფუნქციებს ახორციელებენ მენეჯერები და შიდა აუდიტის ორგანოები. შიდა საბანკო კონტროლის მთავარი დანიშნულებაა ბანკის საქმიანობაში ნაკლოვანებების გამომჟღავნება და მათ გადასაჭრელად ოპერატიული სისტემის შექმნა. შიდა საბანკო კონტროლი უკავშირდება გარე კონტროლს და ეროვნული ბანკის საკანონმდებლო აქტების, ასევე  შიდა საბანკო ინსტრუქციების დაცვის შემოწმებას მოიცავს. 

საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების საქმიანობა და ეკონომიკური ნორმატივების შესრულების მდგომარეობა 

საბაზრო ეკონომიკის პირობებში კომერციული ბანკის საქმიანობის შეფასებისათვის მნიშვნელოვანია მისი ფინანსური ანგარიშგების სისწორის შემოწმება. ბანკის აუდიტორული შემოწმების დროს უნდა მოხდეს მისი საქმიანობის ყველა სფეროს გაანალიზება. საბანკო აუდიტი შესაძლებელია განხორციელდეს სხვადასხვა მიმართულებებით: საბანკო საქმიანობის კონტროლი საკანონმდებლო დოკუმენტებთან, ბანკის წესდებასთან შესაბამისობის კუთხით; კაპიტალის ფორმირებისა და განთავსების ხარისხისა და მიზნობრიობის შეფასება; ბანკის სააქციო კაპიტალის დაცვის უზრუნველყოფის კონტროლი და სხვა.

აუდიტორმა შემოწმების დაწყებისას უნდა შეადაროს სინთეზური და ანალიზური აღრიცხვის მონაცემები, რათა დარწმუნდეს ბუღალტრული ოპერაციების შესაბამის ანგარიშებში ასახვის სისწორესა და ნაშთის უტყუარობაში.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ეკონომიკური ნორმატივების დაცვას, რომელიც უზრუნველყოფს საბანკო სისტემის სტაბილურ ფუნქციონირებას.

კომერციული ბანკების ფინანსური სტაბილურობის შესანარჩუნებლად, ეროვნული ბანკი ბაზელ III-ის შესაბამისად, მათ პირველადი კაპიტალისა და საზედამხედველო კაპიტალის ჯამურ მოთხოვნებს უსაზღვრავს. 2021 წლის 31 დეკემბრისთვის კაპიტალის ადეკვატურობის ჩარჩოს დიაპაზონში გამოთვლილმა პირველადი კაპიტალის კოეფიციენტმა 15,58% შეადგინა, ხოლო საზედამხედველო კაპიტალი კი 19,57% იყო. აღნიშნული მაჩვენებლები, კაპიტალის ადეკვატურობის ჯამურ მოთხოვნებზე 2,62%-ით და 2,09%-ით მეტია (იხ. დიაგრამა N 1).

დიაგრამა N 1. კაპიტლის ადეკვატურობის კოეფიციენტები ბაზელ III-ის შესაბამისად

 

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი.

2021 წლის დასასრულს საბანკო სფეროს მთლიანი საკრედიტო პორტფელი 43 მილიარდი ლარით განისაზღვრა და გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე მისმა წლიურმა ზრდამ 18,2% შეადგინა. საკრედიტო პორტფელის (გარდა ბანკთაშორისი სესხებისა) შედგენილობაში  მნიშვნელოვანი ცვლილებები არ ყოფილა (იხ. დიაგრამა N 2).

დიაგრამა N 2. მთლიანი სასესხო პორტფელის ცვლილება წინა წელთან შედარებით

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი.

2021 წლის განმავლობაში, გაგრძელდა წმინდა სტრეს-ტესტების ბუფერის კალიბრაციის პროცესი. 2020 წლისთვის ეროვნული ბანკის თანამშრომლობით კომერციულ ბანკებთან განხორციელდა  ამ ბუფერის განსაზღვრისა და გაანგარიშების ჩარჩოს დამატებითი ფორმალიზება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საზედამხედველო სტრეს-ტესტების ფარგლებში გამოთვლილი კაპიტალის მოთხოვნა კონსერვაციისა და კონტრციკლური ბუფერების ჯამურ მოთხოვნაზე მეტი ოდენობით განისაზღვრება.

2021 წელს (2020 წლის მსგავსად) ბანკების მხრიდან განხორციელებული სტრეს­ტე­სტების შედეგად, ეროვნული ბანკის მიერ წმინდა სტრესტესტების ბუფერი არ დადგენილა, რადგან კაპიტალის ადეკვატურობის ჩარჩოს მხრივ ცენტრალური ბანკის პოზიცია მოთხოვნების გავრცობას კონტრციკლურად ნიშნავს — ბუფერების დაზოგვას ეკონომიკის აღმავლობის პირობებში და შემდეგ გამოთავისუფლებას სტრესული პერიოდების დროს. 2021 წელი კი პანდემიის გავლენით საბანკო სფეროსთვის მძიმე პერიოდი იყო. 2018 წლისთვის ამოქმედდა წმინდა GRAPE ბუფერი, რომელიც განიხილება რისკებზე დაფუძნებული ზედამხედველობის უწყვეტი პროცესის ფარგლებში. მის მიზანს კომერციული ბანკების რისკების შეფასება წარმოადგენს. GRAPE-ის მიხედვით ხდება, კომერციული ბანკების რისკის პროფილის შეფასება. 2021 წლის ივლისში ეროვნულმა ბანკმა განაახლა წმინდა GRAPE ბუფერების მოცულობა და ინდივიდუალური GRAPE ბუფერების მოცულობა. რისკის მიხედვით შეწონილი აქტივები 1,5 პროცენტიდან 9,2 პროცენტამდე დიაპაზონში განისაზღვრა. 

დიაგრამა N 3. პილარ 2-ის ჯამური მოთხოვნები ბანკების მიმართ 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი.

2021 წლის დასასრულს კრებსითი სავალუტო პოზიცია 2,6 პროცენტის ფარგლებშია და რადგან აღნიშნული პოზიციის დათვლისას აქტივებში მიმდინარე პერიოდში ნაწილობრივ ისევ გაითვალისწინება მთლიანი სესხები, შესაბამისად, ბანკების რეალური პოზიცია მოკლეა. შედეგი არის ის, რომ ლარის კურსის გაუფასურება იწვევს ზარალს. ასევე, რადგან სააქციო კაპიტალი ლარით არის წარმოდგენილი, რისკის მიხედვით შეწონილი აქტივების გადაფასებისას საგრძნობლად მცირდება ბანკის კაპიტალის ადეკვატურობის კოეფიციენტები. ლარის გაუფასურების დროს და აღნიშნული რისკის წინაშე ბანკები უფრო მეტად სუსტდებიან.

საქართველოს საბანკო სექტორში, ლარიზაციის ზრდა ნელი ტემპით გრძელდებოდა გამომდინარე იქიდან, რომ უცხოური ვალუტის აქტივებსა და ვალდებულებებს მაღალი წილი უკავიათ, სავალუტო რისკის ფაქტორი საქართველოს ბანკებისათვის ისევ საყურადღებო პრობლემაა. ცენტრალური ბანკის მიერ მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა ბანკებში სავალუტო რისკის შიდა მოდელების განვითარებას და სტრუქტურულ პოზიციასთან დაკავშირებულ რისკების შეფასებას. 

დიაგრამა N 4. კომერციული ბანკების საბალანსო და კრებსითი სავალუტო პოზიციები საზედამხედველო კაპიტალთან

 

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი.

2021 წლის მონაცემებით, საშუალო კაპიტალსა და აქტივებზე უკუგებამ, შესაბამისად 30,7% და 3,6% შეადგინა. აღნიშნული, წინა წლის მაჩვენებლებზე (1,8%-ზე და 0,2%-ზე) მნიშვნელოვნად მაღალია. აღნიშნულის წინაპირობა პორტფელის გაუმჯობესებული ხარისხი გახდა.

დიაგრამა N 5. უკუგება კაპიტალსა და აქტივებზე

 წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი.

2021 წლის განმავლობაში ლიკვიდური აქტივების მოცულობა საკმაოდ მაღალ დონეზე შენარჩუნდა და ლიკვიდურმა აქტივებმა მთლიანი აქტივების 21% შეადგინა, რაც არასაბანკო დეპოზიტების თითქმის 34%-ის დასაფარავად იყო საკმარისი.

დიაგრამა N 6. ლიკვიდური აქტივების დონე

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი.

2021 წლისთვის ლიკვიდობის გადაფარვის კოეფიციენტი (LCR) ჯამურად სტაბილურობით ხასიათდებოდა. 2020 წლის პირველი მაისიდან, ბანკებს შესაძლებლობა მიეცათ ერთი წლის განმავლობაში ლარის ლიკვიდობის მართვის უზრუნველსაყოფად უცხოური ვალუტის ბუფერები გამოეყენებინათ და ამის საშუალებით ჯამური ლიკვიდობის მოთხოვნის დაცვა უზრუნველეყოთ, რათა ლიკვიდობის მართვის მხრივ მეტი სარგებელი მიეღოთ. 2021 წლის ბოლო კვარტალში ლიკვიდობის გადაფარვის კოეფიციენტის შემცირება სესხებზე მოთხოვნის ზრდასთან იყო დაკავშირებული. წმინდა სტაბილური დაფინანსების კოეფიციენტი (NSFR) მაღალ დონეს ინარჩუნებდა და  2021  წლის  განმავლობაში 130%-ის ფარგლებში იყო. 

დიაგრამა N 7. ლიკვიდობის გადაფარვის კოეფიციენტის (LCR) დინამიკა

 წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

ცენტრალური ბანკი განსაზღვრავს კომერციული ბანკების საქმიანობის რეგულირების წესებს. მათი ლიკვიდობის მხარდასაჭერად ადგენს ეკონომიკური ნორმატივების სიდიდეს. კომერციული ბანკი ლიკვიდობის ასამაღლებლად, აგრეთვე, მეანაბრეების, მეპაიეების, აქციონერების ინტერესების დასაცავად ქმნის სავალდებულო ფონდებს. კომერციული ბანკების აუდიტის განხორციელების პროცესში უნდა შემოწმდეს სავალდებულო რეზერვების, დეპოზიტების, სადაზღვევო ფონდების გაკოტრებისგან დასაზღვევი ფონდების შექმნის სისრულე.

დასკვნა

კომერციული საბანკო სფეროს ზედამხედველობის მიზანი არის საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკებისა და უცხოური ბანკების ფილიალების საქმიანობის რეგულირების გზით საბანკო სექტორის სტაბილური მუშაობის უზრუნველყოფა. საბანკო ზედამხედველობის ძირითადი არსი მეანაბრეების დანაკარგების რისკის შემცირებითა და ბანკების მიმართ საზოგადოების მხრიდან ნდობის განმტკიცებით ვლინდება.

ძალზე მნიშვნელოვანია, რომ კომერციული ბანკების საქმიანობაზე ზედამხედველი ორგანო დამოუკიდებელი იყოს პოლიტიკური ზეგავლენისაგან, რათა გადაწყვეტილებების მიღება განხორციელდეს ობიექტური პრინციპების შესაბამისად.

ეროვნული ბანკი საფინანსო სექტორის ფინანსური მდგრადობის უზრუნველსაყოფად  ხელს უწყობს საფინანსო სისტემის ეფექტიან ფუნქციონირებას და რისკების შემცირებას.

ცენტრალური ბანკი კომერციული ბანკების ზედამხედველობის განხორციელებისას  გასცემს და აუქმებს ლიცენზიებს, გასცემს წერილობით მითითებებს, აწესებს შეზღუდვებს, ითხოვს ინფორმაციას კომერციული ბანკების კაპიტალის წარმოშობისა და მათი მნიშვნელოვანი წილის მესაკუთრეთა შესახებ, ამოწმებს კომერციულ ბანკებს, უზრდის სავალდებულო რეზერვების ნორმებს. 

გამოყენებული ლიტერატურა:

[1] ოქრუაშვილი ც., კომერციული ბანკის მენეჯმენტი, თბ., 2006;

[2] ოქრუაშვილი ც., კომერციული ბანკის მენეჯმენტი, აუდიტი, მარკეტინგი, თბ., 2009;

[3] საქართველოს ეროვნული ბანკი, საბანკო ზედამხედველობის ძირითადი პრინციპები, თბ., 2006;

[4] საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება N69/04 კომერციული ბანკების საქმიანობის ზედამხედველობისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ, 2013 წლის 28 ივნისი;

[5] საქართველოს ეროვნული ბანკი, წლიური ანგარიში 2020;

[6] საქართველოს ეროვნული ბანკი, წლიური ანგარიში 2021.