English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 1 ∘ მარიამ ბიწაძე
სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიების განვითარების დონე და გამოწვევები საქართველოში

ანოტაცია. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ტექნოლოგიურმა განვითარებამ საწარმოო პროცესის გარდაქმნა გამოიწვია. დღეს მომხმარებელთა საჭიროებებზე სწრაფი რეაგირება კომპანიების კონკურენტუნარიანობის განმსაზღვრელი ფაქტორია. ბაზარზე კონკურენციის გამძაფრებამ მოითხოვა მცირე დროში რთული და მრავალფეროვანი პროდუქტების წარმოება, რამაც წარმოების ხარჯების შემცირების პრობლემა წარმოქმნა.  ახალი პროცესების, პროდუქტების ან თუნდაც მომსახურების პროტოტიპირებისთვის საჭირო გახდა ახალი კოლაბორაციული სივრცეების, ისეთის როგორიცაა ფაბ ლაბი,  ფორმირება. პროტოტიპი საშუალებას გვაძლევს დამუშავებაში მყოფი იდეა უკეთ აღვიქვათ. იდეის განვითარების პროცესებში ფაბლაბმა უზრუნველყო ცოდნისა და ტექნიკური უნარების გაზიარება, ადამიან–კაპიტალის განვითარება, ციფრული დიზაინის შექმნის შესაძლებლობა. ლაბორატორიაში მიმდინარე აქტივობები დადებითად მოქმედებს იდეებზე და ქმნის გარემოს სადაც შესაძლებელი ხდება მისი გარდაქმნა და განვითარება.

წინამდებარე ნაშრომი მოიცავს იმ ფაბლაბების კვლევის შედეგებს, რომლებსაც მასპინძლობს საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტი, მათ შორის: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ტექნიკური უნივერსიტეტი და აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის უნივერსიტეტი. ასევე სსიპ კოლეჯი „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“. წარმოდგენილია სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიების განვითარების დონე და არსებული გამოწვევები. უცხოური საუკეთესო გამოცდილების შესწავლა განხორციელდა ოულუს უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული ფაბლაბ ოულუს ძირითად აქტივობებზე დაყრდნობით.

საკვანძო სიტყვები: ფაბ ლაბი, სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია, უნივერსიტეტი, ინოვაცია, კვლევა და განვითარება 

შესავალი

სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიების ფორმირება და განვითარება კვლევასა და განვითარებაზე ორიენტირებული ქვეყნებისთვის აქტიური განხილვის საგანია. ფაბლაბი ინოვაციის ეროვნული სისტემის ერთ–ერთ მთავარ მონაწილეს წარმოადგენს, რომელიც ინოვაციების რეალიზების მნიშვნელოვან ინსტრუმენტად მიიჩნევა. ლაბორატორია ორიენტირებულია ხელი შეუწყოს ერთი მხრივ ინოვაციური იდეების პროტოტიპად გარდაქმნის და მეორე მხრივ სტარტაპების ფორმირების პროცესს. ეფუძნება კომპიუტერულ ტექნოლოგიებსა და თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო სისტემებს, რომლებიც იდეების პრაქტიკული განხორციელების შესაძლებლობას ქმნის. ფაბლაბის  სამრეწველო ინოვაციური აღჭურვილობა სასურველი დიზაინისა და ფუნქციონალური თვისებების მქონე  პროდუქტის შექმნას უზრუნველყოფს. 

განსაკუთრებული ყურადღება ექცევა იმ სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიებს, რომლებსაც უნივერსიტეტები მასპინძლობენ. ლაბორატორია  ფიზიკური ან/და იურიდიული პირებისთვის უზრუნველყოფს იდეის პროდუქტად ქცევისთვის შესაბამის გარემოზე, უნარებზე, მასალებსა და ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობას. ხელსაყრელია ისეთ გარემოში მუშაობა სადაც სტიმულირდება ტექნოლოგიური და ინოვაციური იდეა, რომელზე დაყრდნობითაც შექმნილი პროტოტიპი რეალიზდება.  საწარმოები (განსაკუთრებით მცირე და საშუალო საწარმოები), რომლებიც ვერ პოულობენ ასეთ გარემოს, სჭირდებათ განსაკუთრებული ძალისხმევა ამ ნაკლის აღმოსაფხვრელად (გველესიანი 2015). ასეთ დროს დახმარებისთვის შეუძლიათ მიმართონ საუნივერსიტეტო ფაბლაბებს და აქ არსებული მოწინავე ტექნოლოგიების გამოყენების საფუძველზე შექმნან ტექნოლოგიური პროდუქტი. გლობალიზაციამ განაპირობა ეროვნული კონკურენტუნარიანობის სტრატეგიის მთავარ და მამოძრავებელ ძალად ტექნოლოგიები და ინოვაცია დაგვენახა (ერქომაიშვილი 2016). უნივერსიტეტების ახალი სტრატეგია უნდა ეფუძნებოდეს ეკონომიკის განვითარებაში მათი როლის გააქტიურებას, რისთვისაც აუცილებლობას წარმოადგენს განსაკუთრებით კვლევისა და განვითარების, ინოვაციების სფეროში შესაბამისი პოლიტიკის განხორციელება (Lekashvili and Bitsadze 2021). სწორედ აღნიშნული პოლიტიკის განხორციელების ერთ–ერთ ინსტრუმენტს სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიები წარმოადგენენ.

კვლევის მთავარი მიზანია საქართველოში არსებული ფაბლაბების განვითარების დონისა და გამოწვევების  დადგენა. მიზნიდან გამომდინარე ფორმირდა შემდეგი ამოცანები: 1. განვსაზღვროთ უნივერსიტეტის მნიშვნელობა ფაბლაბების ფორმირების პროცესში; 2. უცხოური გამოცდილების შესწავლა; 3. საქართველოში არსებულ ფაბლაბებში კვლევის განხორციელება და ძირითადი მიგნებების ფორმირება; 4. დასკვნები და რეკომენდაციები.

საქართველოში მოქმედი ფაბლაბებიდან კვლევაში მონაწილეობა მიიღო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეგიონში N1 უნივერსიტეტი, ტექნიკური უნივერსიტეტისა (საინჟინრო–ტექნოლოგიური პროფილის უმსხვილესი უნივერსიტეტი) და აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის უნივერსიტეტის (აერთიანებს საინჟინრო ტექნიკურ და ტექნოლოგიურ, საზღვაო–სატრანსპორტო ფაკულტეტებს) ფაბლაბებმა. რადგან  უნივერსიტეტები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ადამიან–კაპიტალის ფორმირების პროცესში, შესაბამისად საინტერესოა მათ ფარგლებში არსებული ფაბლაბების წვლილი ადამიან–კაპიტალის ცოდნისა და უნარების განვითარებაში.  რაც გამოიხატება ინოვაციური იდეების პროტოტიპებად გარდაქმნის შესაძლებლობასა და რეალიზებაში. კვლევაში ჩაერთო სსიპ კოლეჯის – „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“– სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიაც. განვითარებადი ქვეყნების მეცნიერები ხშირად იკვლევენ მოწინავე განვითარებული ქვეყნების გამოცდილებას, რომელიც შემდგომში სხვადასხვა (მათ შორის განათლება, მეცნიერება და ეკონომიკა) პრობლემების გადაწყვეტის დროს დიდ მნიშვნელობას იძენს (Lekashvili and Bitsadze 2021). წინამდებარე ნაშრომის შემთხვევაში საუკეთესო უცხოური გამოცდილების შესწავლისთვის გათვალისწინებულია გლობალური ინოვაციის ინდექსის 2022 შედეგები (World Intellectual Property Organization 2022). ყურადღება გამახვილდა მაღალშემოსავლიანი ეკონომიკების პირველ ათეულზე და  მასში გამოყოფილ იქნა ევროკავშირის წევრი ქვეყანა ფინეთის სახით, რომელიც ევროპის ინოვაციის ტაბლოს მიხედვით ინოვაციის ლიდერთა ჯგუფში ხვდება (EU 2022). ფინეთში 7 ფაბლაბი ფუნქციონირებს, მათგან კვლევისთვის ოულუს უნივერსიტეტის ფაბ ლაბზე გაკეთდა აქცენტი. ლაბორატორია ქვეყნის მასშტაბით პირველ სამეულში შედის და გამოირჩევა მოწინავე ტექნოლოგიებით (International Fab Lab community 2014). კვლევისთვის მონაცემთა ანალიზის, სინთეზის, შედარების, დედუქციისა და ინდუქციის მეთოდები იქნა გამოყენებული. 

თეორიული საფუძვლები

სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიის ფორმირების შესახებ იდეა 1998 წელს მასაჩუსეტის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროფესორმა ნეილ გერჰენფილდმა წამოაყენა, ხოლო 2001 წელს  მისივე მხარდაჭერით  უნივერსიტეტში პირველი ლაბორატორია – ბიტებისა და ატომების ცენტრის სახელწოდებით გაიხსნა. ლაბორატორიის მიზანი ელექტრონული სქემებისა და მიკროპროცესორის ფორმირება გახდა. იდეა ეფუძნებოდა იმის კვლევას, თუ როგორ გამოეყენებინათ ციფრულად კონტროლირებადი აღჭურვილობა სხვა მანქანების წარმოებისთვის. იდეით არა მხოლოდ საინჟინრო არამედ არქიტექტურის სტუდენტებიც დაინტერესდნენ. მოცემული მაგალითი საგანმანათლებლო ფაბ ლაბის ეკონომიკურ მოდელს წარმოადგენს, რომელიც დაკავშირებულია საგანმანათლებლო ინსტიტუტთან. სამიზნე აუდიტორია სხვადასხვა ფაკულტეტის თუ მიმართულების სტუდენტები არიან. ლაბორატორია უზრუნველყოფს მათ შეხვედრებს, იმისთვის რომ ერთმანეთს გადასცენ ცოდნა და ინდივიდუალურად თუ ერთობლივი ძალისხმევით შეძლონ იდეების განხორციელება.

უნივერსიტეტის ფარგლებში ფაბ ლაბის არსებობისთვის მნიშვნელოვანია შესრულდეს ოთხი მთავარი პირობა, კერძოდ: ლაბორატორიამ უნდა უზრუნველყოს 1. ტექნოლოგიისა და აღჭურვილობის ხელმისაწვდომობა; 2. ციფრული სივრცე; 3. ინსტრუმენტებისა და პროცედურის გაზიარება; 4. გლობალური საზოგადოების წევრობა (არ უნდა იყოს იზოლირებული) (Isabelle Liotard 2017). ფაბლაბი აერთიანებს ისეთ ტექნოლოგიას, როგორიცაა: 3D სკანირებისა და ბეჭდვის ტექნოლოგია, კომპიუტერით კონტროლირებადი ლაზერები, ზედაპირზე დამონტაჟებული ელექტრონიკა, ჩაშენებული პროგრამირება და გამოთვლები, ინსტრუმენტები დიზაინისა და თანამშრომლობისთვის. ლაბორატორიაში განვითარებული დიზაინი ან/და პროცესი შეიძლება იქნას დაცული ან გაყიდული. ამის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს თავად გამომგონებელი, თუმცა ინდივიდებისთვის ის ასევე ლაბორატორიის ფარგლებში უნდა დარჩეს ხელმისაწვდომი (გამოყენებისა და სწავლებისთვის) (Ropin, Pfleger-Landthaler and Wolfram 2020).

უნივერსიტეტებში ცენტრალიზებურად მართული ფაბ ლაბი არის პლატფორმა, რომელსაც აქვს უნარი კვლევის განსახორციელებლად და პროტოტიპირებისათვის უზრუნველყოს უნივერსიტეტებს, ინდუსტრიებსა და მომხმარებლებს შორის ძლიერი კავშირები.

ფაბ ლაბი შესაძლებელია დავინახოთ, როგორც კერძო სივრცე: (1) რომლის გამომყენებლები არიან ის მწარმოებლები, რომლებსაც აღარ აკმაყოფილებთ წარმოების სტანდარტული ფორმატი; (2) რომლის ფარგლებშიც მიღწეულია პრინციპი „სწავლა პრაქტიკის მეშვეობით“; (3) რომელიც უზრუნველყოფს ხელოვნების, მეცნიერებისა და საინჟინრო მიმართულებების დაკავშირებას და (4) ინდივიდების გაძლიერებას, ობიექტების ავტომატიზაციას. ინდივიდებს სთავაზობს თავისუფლად ჩაერთონ კვლევით პროცესებში და განივითარონ კვლევითი უნარები (Isabelle Liotard 2017). სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია მცირე მასშტაბის სასწავლო და სამრეწველო სივრცეა, სადაც ექსპერტები დაინტერესებულ პირებს ეხმარებიან ისწავლონ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება. ტექნოლოგიებში მსხვილი ინვესტიციების განხორციელების გარეშე შესაძლებელია გამოცდილების მიღება, პროტოტიპის შექმნა და მისი გატესტვა მცირე მასშტაბებში. ფაბ ლაბი მოიცავს ფაბაკადემიას, რომელიც აერთიანებს: სწავლების პროგრამას – ციფრული წარმოების ინსტრუმენტებითა და ტექნოლოგიით პროტოტიპის ან პროდუქტის შექმნის შესახებ; სტუდენტების ინდივიდუალური პროექტების ხელმძღვანელობას; საერთაშორისო ლექციებს (Verket FabLab 2016). სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიამ უნდა უზრუნველყოს ტექნოლოგიებთან, ციფრულ მექანიზმებთან წვდომა ცოდნის, ინოვაციისა და გამოგონების შექმნისთვის (Isabelle Liotard 2017).

საგანმანათლებლო ფაბ ლაბისგან განსხვავებით ასევე ვხვდებით: 1. კერძო ბიზნეს ფაბ ლაბებს, რომლებიც  კომპანიის ინტერესებს უჭერენ მხარს. ამ ტიპის ფაბ ლაბი კომპანიის დასაქმებულთა ცოდნას და გამოცდილებას ეყრდნობა. 2. ფართო საზოგადოებრივი/სამოყვარულო ფაბ ლაბებს. მათ გვერდით დგას: მთავრობა, ადგილობრივი ორგანოები ან /და კერძო ფინანსისტები. ისინი არ მდებარეობენ უნივერსიტეტებში და კომპანიებში. ღია არიან საზოგადოებისთვის. შესაძლებელია მათ მიერ შემოთავაზებული სერვისები იყოს უფასო ან ფასიანი, ჰიბრიდული ეკონომიკური მოდელის მიხედვით (University of BRISTOL 2018). 

უცხოური გამოცდილება: ფაბლაბ ოულუ

წინამდებარე კვლევის ინტერესის ობიექტია უნივერსიტეტის ბაზაზე ფორმირებული ფაბ ლაბი. განვიხილოთ მსოფლიოში ერთ–ერთი მოწინავე სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია – ფინეთის ოულუს უნივერსიტეტის ფაბ ლაბ ოულუს სახით, რომელიც ღია ინოვაციის კონცეფციას შეესაბამება. კონცეფცია შემუშავებულია მასაჩუსეტის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მიერ. ფაბლაბი დაფუძნდა ოულუს უნივერსიტეტის ბაზაზე და თანხვედრაში მოდის უნივერსიტეტის მისიასთან. რომელიც განსაზღვრულია კანონით უნივერსიტეტების შესახებ, კერძოდ: უფასო კვლევითი, აკადემიური და სახელოვნებო განათლების ხელშეწყობა, კვლევაზე დაფუძნებული უმაღლესი განათლების პროგრამით უზრუნველყოფა და სტუდენტების სწავლება, რათა მოემსახურონ ქვყანას სამომავლოდ. უნივერსიტეტს აქვს უფლება განახორციელოს ბიზნეს აქტივობები, რათა მიღწეულ იქნას კანონით გაცხადებული მისია (Ministry of Education and Culture 2009).

 ფაბ ლაბის მთავარი სამიზნე აუდიტორია უნივერსიტეტის საზოგადოებაა, თუმცა ამავდროულად ღიაა მათთვისაც ვინც უნივერსიტეტის მიღმა საქმიანობს. ამგვარი მიდგომა ხელს უწყობს ადგილობრივ კომპანიებთან და სკოლებთან ძლიერი თანამშრომლობითი ურთირთობების ჩამოყალიბებას. ნებისმიერ მსურველს შეუძლია შექმნას საკუთარი პროტოტიპი ან დაიკმაყოფილოს საკუთარი საჭიროებები კვლევითი და საგანმანათლებლო პროექტების საშუალებით. ლაბორატორია უზრუნველყოფს მოწინავე ტექნოლოგიებზე წვდომას. დანადგარების გამოყენებამდე აუცილებელია წინასწარ მათი დაჯავშნა. გარდა ამისა ფაბ ლაბი დაინტერესებულ პირებს სთავაზობს ინსტრუქციას თუ როგორ უნდა მოხდეს კონკრეტული დანადგარის სწორი და ეფექტური გამოყენება (University of Oulu, Fab Lab Oulu n.d.).

აუდიტორიას მუდმივად სთავაზობს ციფრულ წარმოებასთან დაკავშირებულ კურსებს, ვორქშოფებს, საჯარო ღონისძიებებსა თუ პროექტებს. საგანმანათლებლო პორტფელი აერთიანებს შემდეგ მიმართულებებს, როგორიცაა: 1. ფაბ აკადემია, რომელიც წარმოადგენს 6 თვიან საერთაშორისო ღია პროგრამას ყველასთვის. რომელიც ასწავლის ციფრული წარმოების პრინციპებს პრაქტიკული მიდგომის გამოყენებით. პროგრამა მოიცავს: პროექტის მართვას; 2D და 3D დიზაინს; ელექტრონიკის დიზაინსა და წარმოებას; 3D ბეჭდვას, ლაზერულ ჭრას და ჩაშენებულ პროგრამირებას. მსოფლიოს მასშტაბით 80–ზე მეტი ფაბ ლაბი იღებს მონაწილეობას ფაბ აკადემიაში. იმართება ნეილ გერშენფელდის მიერ და ადგილობრივ დონეზე მხარდაჭერილია ფაბ ლაბის ინსტრუქტორების მიერ. იმისთვის რომ ფაბ აკადემია დასრულებულად ჩაითვალოს აკადემიის დასკვნით ფაზაზე სტუდენტი საბოლოო პროექტს ამზადებს. პროექტი იმ უნარებისა და ცოდნის გამოვლენას უწყობს ხელს, რომელიც სტუდენტმა გამოიმუშავა და შეიძინა აკადემიაში სწავლის განმავლობაში. ფაბ აკადემია არის ფასიანი თუმცა ოულუს უნივერსიტეტის ზოგიერთი ფაკულტეტი სტუდენტებს სტიპენდიებს სთავაზობს, რამაც შეიძლება ნაწილობრივ ან მთლიანად დაფაროს აკადემიაში სწავლის საფასური (University of Oulu n.d.).

2. სპეციალური საუნივერსიტეტო კურსები (განსზღვრული კრედიტებით) საინფორმაციო ტექნოლოგიისა და ელექტრული ინჟინერიის; ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტებისგან: 1.  ციფრული წარმოების პრინციპები – ეს არის შესავალი კურსი ფაბლაბის მთავარი პროცესების შესახებ, რომელიც ღიაა ნებისმიერი უნივერსიტეტის სტუდენტისთვის. 2. ფაბლაბის პროექტების მართვა – შესავალი კურსი, სადაც ისწავლება ფაბლაბის ძირითადი პროცესები. ასევე ის თუ როგორ უნდა წარმოვადგინოთ პროექტი. 3. ფაბლაბის ელექტრონიკა – ეს კურსი ასწავლის სტუდენტებს, თუ როგორ უნდა შეიმუშაონ და შექმნან სხვადასხვა ტიპის სქემები ლაბორატორიაში და როგორ დააკავშირონ სენსორები და აქტივატორები მიკროსქემის დაფაში. 4. ფაბლაბის პროექტის პროგრამირება – სტუდენტები სწავლობენ როგორ დაუკავშირდნენ სხვა მოწყობილობებს და როგორ წარმოაჩინონ ინფორმაცია სხვა მოწყობილობებში. 5. ფაბლაბის ციფრული წარმოება –ეს კურსი ასწავლის სტუდენტებს, თუ როგორ გამოიყენონ ფაბ ლაბის სხვადასხვა აღჭურვილობა და პროცესები, მათ შორის 3D პრინტერი, CNC როუტერი და CNC დანადგარები. 6. ფაბლაბის საპროექტო სამუშაო –ამ კურსის განმავლობაში სტუდენტებმა ორი განსხვავებული პროექტი (ერთი ჯგუფური და ერთი ინდივიდუალური) უნდა განავითარონ. ამ მიზნით მათ უნდა გააერთიანონ ცოდნა, რომელიც მიიღეს ფაბლაბის კურსებიდან (University of Oulu, Education and projects at Fab Lab Oulu n.d.).

3. სხვადასხვა ვორქშოფები (სემინარი) სკოლებისთვის, მაგ: სემინარი ჭკვიანი ნივთების ინტერნეტზე, მის ფარგლებში მონაწილეები ქმნიან მარტივ სისტემას, რომელიც კონტროლირდება მობილური მოწყობილობის საშუალებით (ხორციელდება სინათლის კონტროლი, ტემპერატურის დადგენა და ა.შ.). ლაბორატორიის ფარგლებში შექმნილია მობილური ფაბ ლაბი, რომელიც სტუმრობს სკოლებს ოულუში და ფინეთის სხვადასხვა რეგიონში. მობილური ფაბ ლაბი მოიცავს რამდენიმე დანადგარს და ციფრული წარმოების აღჭურვილობას, რომლის მიტანაც ხდება ადგილზე და გაცნობა მოსწავლეებისთვის. მისი დაჯავშნა სკოლებისთვის არის უფასო (University of Oulu, School collaboration n.d.). ასევე ლაბორატორია 2018 წლიდან ჩართულია STEAM (მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია, ხელოვნება და მათემატიკა) ოულუს ქსელში, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ფაბ ლაბს, უნივერსიტეტებსა და სკოლებს. განათლების ეროვნული სააგენტოს მიერ იქნა დაფინანსებული ქსელის ფორმირება. ხორციელდება მასწავლებლებისა და მოსწავლეების გადამზადება ციფრული საწარმოო პროცესების მიმართულებით. ქსელში ჩართული სკოლებისთვის სალექციო კურსები არის ფასიანი და დამოკიდებულია სკოლის მოსწავლეთა რაოდენობაზე (STEAM in OULU 2018).

ფაბ ლაბის ფარგლებში განვითარებული პროტოტიპების შესახებ ინფორმაცია განთავსებულია ვებ გვერდზე და შესაძლებელია გაეცნოს ყველა დაინტერესებული პირი. ამასთან ინფორმაცია აერთიანებს გამომგონებლის მონაცემებსა და პროტოტიპის შესაქმნელად განვლილი პროცესის შესახებ დოკუმენტებს.

რადგან ფაბ ლაბი შექმნილია უნივერსიტეტის ბაზაზე, იგი იყენებს ოულუს უნივერსიტეტის რესურსებს, მათ შორის ფინანსურ რესურსს. თავად უნივერსიტეტის წლიური ბიუჯეტის ფორმირება დამოკიდებულია განათლებისა და კულტურის სამინისტროს მიერ უნივერსიტეტებისთვის გამოყოფილ ძირითად დაფინანსებაზე. უნივერსიტეტების კანონის მიხედვით, სამინისტრო ანიჭებს საბაზისო დაფინანსებას უნივერსიტეტებს საქმიანობის, ხარისხისა და ეფექტურობის გათვალისწინებით, საგანმანათლებლო და სამეცნიერო პოლიტიკის (მათ შორის ეროვნული მისიები)  მიზნების საფუძველზე. ძირითადი დაფინანსების გარდა, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები იღებენ გარე დაფინანსებას, რომელშიც უმნიშვნელოვანესი ადგილი დონაციას უჭირავს. უნივერსიტეტები თავად წყვეტენ დაფინანსების შიდა განაწილებას დამოუკიდებლად, მათი სტრატეგიული არჩევანის საფუძველზე.

ოულუს უნივერსიტეტი ასევე ახორციელებს საინვესტიციო საქმიანობას, რომლის მიზანი გრძელვადიან პერსპექტივაში არის პროდუქტიული და დამცავი ინვესტიციის განხორციელება, რომელიც შესაბამის დაბრუნებებს და რისკის მისაღებ დონეს უზრუნველყოფს. ოულუს უნივერსიტეტი პასუხისმგებელი ინვესტორია და მოითხოვს თავისი ფინანსური პარტნიორებისგან ხელი მოაწერონ გაეროს პრინციპებს საპასუხისმგებლო ინვესტიციების შესახებ. ეს პრინციპები ხელს უწყობს გარემოსდაცვითი, სოციალური და კორპორატიული მმართველობის ფაქტორების გათვალისწინებას საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღების დროს (University of Oulu, University finance n.d.).

ფაბ ლაბის ეფექტიანობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ფინანსებზე.  ლაბორატორიისთვის ერთგვარ გამოწვევას წარმოადგენს ფინანსების, ადამიანური რესურსისა და აღჭურვილობის მართვა.  ფონდების ტიპები მოცემულია ცხრილში I.

ცხრილი I.

 ფონდის ტიპები

მომხმარებლის მიერ დაფინანსებული

მომსახურების გადასახადი, საწევრო გადასახადი, სწავლების გადასახადი

ბიზნესის მიერ დაფინანსებული

ბიზნესის მიერ გაღებული ფონდები

კერძო დაფინანსება

კერძო ორგანიზაციების მიერ გაწეული დოანცია

საჯარო დაფინანსება

საუნივერიტეტო დაფინანსება, მთავარი მიზნით სწავლება, სტარტაპთა ინკუბაცია და ტექნოლოგიების მხარდაჭერა

საგრანტო დაფინასნება

სახელმწიფო თუ კერძო გრანტების მიღება

ქველმოქმედება

შემოწირულობები

წყარო: (Jeremy , Chen and Alcudia 2018)

განხილულ მაგალითზე დაყრდნობით ფაბ ლაბი იყენებს, უნივერსიტეტის რესურსს (სტიპენდია სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ ფაბ აკადემიაში სწავლა; უნივერსიტეტის ფაკულტეტებში შექმნილი სპეციალური კურსები; უფასო მობილური ფაბ ლაბი სკოლებისთვის), ასევე საზოგადოებას სთავაზობს ფასიან მომსახურებას (როდესაც ფაბ ლაბის აღჭურვილობა გამოიყენება არა პროტოტიპირებისთვის, არამედ წარმოებისა და რეალიზაციისთვის). იყენებს გარე ფონდებსაც, როგორიცაა ევროპის სოციალური ფონდები. მათი საშუალებით ახორციელებს პროექტს „ცვლილებებისთვის“ . პროექტი არის სამწლიანი და დასაქმების დონის ზრდას ემსახურება. მიმართულია მოქალაქეების ციფრული უნარების გაუმჯობესებისკენ, რომლებიც ადგილობრივი ინდუსტრიის მოთხოვნებთან მოდის შესაბამისობაში. პროექტის ფარგლებში დაგეგმილ ვორქშოფებს აორგანიზებს ხუთი უნივერსიტეტის ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც ციფრული წარმოების მიმართულებით  სხვადასხვა გამოცდილებას ერთიანებს (ESF and Oulu n.d.).

ფაბ ლაბის ზოგადი ბიუჯეტი მოიცავს: ქირისა და ინტერნეტთან წვდომის ხარჯებს; კომუნალურ გადასახადებს; ადმინისტრაციულ ხარჯებს, რომელიც აერთიანებს – საფოსტო მომსახურებას, ოფისის აღჭურვილობასა და მასალებს, მგზავრობის ხარჯებს (ადგილობრივი, საერთშორისო), ვორქშოფებისა და ტრენინგების ორგანიზებასთან დაკავშირებულ ხარჯებს, ასევე რეკლამირებას, დაზღვევასა და ბეჭდვის ხარჯებს; რა თქმა უნდა მოიცავს ფაბ ლაბში დასაქმებულთა სახელფასო ანაზღაურებას (ლაბორატორიის მენეჯერი, ქსელის ადმინისტრატორი); ფაბ ლაბში არსებული აღჭურვილობებისთვის საჭირო მასალების შეძენისა და ცვეთასთან დაკავშირებულ ხარჯებს; საკანცელარიო და სატრენინგო მასალების მომზადების ხარჯებს; მანქანა–დანადგარების შეძენისა და პროგრამული უზრუნველყოფის ხარჯებს.

ფაბ ლაბ ოულუს არ გააჩნია დამოუკიდებელი ანგარიში. ლაბორატორიის მიერ გაწეული მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი ირიცხება უნივერსიტეტის ანგარიშზე. ფაბ ლაბის მიერ გამომუშავებული შემოსავლები გაითვალისწინება მის ბიუჯეტში, რომელიც ემსახურება არა მხოლოდ ფაბ ლაბში დასაქმებული პირების შრომით ანაზღაურებას არამედ მის ფარგლებში განხორციელებულ პროგრამებთან, პროექტებთან და არა მხოლოდ დაკავშირებულ ხარჯებს. ლაბორატორიის ბიუჯეტის დიდი ნაწილი უნივერსიტეტის ფინანსურ რესურსზე დაყრდნობით დგება.

როგორც ზევით უკვე ვახსენეთ ფაბ ლაბში შექმნილი პროტოტიპის ან/და პროდუქტის დაცვასა და გაყიდვაზე გადაწყვეტილებას იღებს თავად გამომგონებელი. ხოლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებულ პროცესებს უნივერსიტეტში არსებული ინოვაციების ცენტრი უზრუნველყოფს. მისი მიზანია კვლევითი შედეგების კომერციალიზაცია, ინდივიდუალური საკუთრების უფლებების დაცვა, ბიზნეს სექტორთან თანამშრომლობითი ურთიერთობების ჩამოყალიბება, ფაკულტეტებსა და ბიზნეს სექტორს შორის კავშირების გაძლიერება.  ცენტრის აქტივობების შედეგები მოცემულია ცხრილში 2.

ცხრილი II: უნივერსიტეტის აქტივობები

წლები

2017

2018

2019

2020

2021

გამოგონების გამჟღავნება

47

35

61

33

46

პრიორიტეტული საპატენტო განაცხადები

9

6

6

10

10

უნივერსიტეტის საპატენტო პორტფელი

30

35

37

39

45

ტექნოლოგიების გადაცემის ხელშეკრულებები

19

13

17

24

13

ახალი კვლევაზე დაფუძნებული კომპანიები

3

3

3

2

3

კონცეფციის დამადასტურებელი (PoC) პროექტები[1]

12

9

11

15

17

წყარო: ოულუს უნივერსიტეტის წლიური ანგარიში 2021

საინოვაციო ცენტრის ამგვარი წარმატებული ფუნქციონირება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის თანამშრომლობით ურთიერთობებზე. გლობალური ინოვაციების ინდექსი 2021–ზე დაყრდნობით ფინეთის შედეგები უნივერსიტეტი–ინდუსტრიის თანამშრომლობა კვლევისა და განვითარების მიმართულებით საკმაოდ მაღალია და 154 ქვეყანას შორის მესამე ადგილს იკავებს, ასევე მაღალი შედეგით გამოირჩევა ისეთი მაჩვენებლის მიხედვით, როგორიცაა ბიზნესის დანახარჯები კვლევისა და განვითარების მიმართულებით (პირველი ადგილი), რაც მიუთითებს იმაზე რომ კომერციული სექტორი აქტიურად ერთვება სამეცნიერო, ტექნოლოგიური და ინოვაციური პროდუქტების, მომსახურების ან/და სამეწარმეო პროცესის შექმნის ყველა ფაზაში დაწყებული საბაზისო კვლევებიდან დამთავრებული ექსპერიმენტული განვითარებით   (UNDP 2021). 

საქართველოს გამოცდილება: კვლევის ძირითადი შედეგები

(ფაბლაბ-თსუ, ტექნიკური უნივერსიტეტის ფაბლაბი, ფაბლაბ – აწსუ, გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი ფაბლაბი) 

2015 წელს მერიის მხარდაჭერით საქართველოს უნივერსიტეტებში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო კონკურსის საფუძველზე ფაბლაბების გახსნის პროცესი დაიწყო. დღეს საქართველოში 25-მდე სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიას ვხვდებით. ფაბლაბის მასპინძელი ორგანიზაციები არიან: უნივერსიტეტები, პროფესიული სასწავლებლები და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო. წინამდებარე კვლევის პროცესში ჩაერთო სამი უმაღლესი სასწავლებელი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ტექნიკური უნივერსიტეტი და აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის უნივერსიტეტი. ასევე სსიპ კოლეჯი „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“. კვლევის კითხვარში აქცენტი გაკეთდა სამ ძირითად მიმართულებაზე: ბიუჯეტი; ფაბლაბის გუნდი და პროექტები. კვლევაში მონაწილე ფაბლაბები უმეტესწილად უნივერსიტეტის ფონდებზე არიან დამოკიდებული. ფაბლაბები სხვადასხვა პროექტებში ერთვებიან, რომლის ფარგლებშიც განხორციელებული ტრენინგები ან/და აქსელერაციის პროგრამები უნივერსიტეტისგან დამოუკიდებელი ბიუჯეტით ხორციელდება. ლაბორატორიები ცდილობენ ადგილობრივ და საერთაშორისო სივრცეში ცნობადობის ზრდას და თანამშრომლობითი ურთიერთობების ჩამოყალიბებას ერთობლივი მასტერკლასების, ტრენინგების, პროექტების, პროგრამებისა და სამუშაო შეხვედრების განხორციელების გზით. თუმცა აქტივობები უმეტესწილად ერთჯერად ხასიათს ატარებს და ფაბლაბში აღარ მეორდება.

ამ კუთხით საინტერესოა ტექნიკური უნივერსიტეტის ფაბ ლაბსა და ოჰაიოს ცინცინატის უნივერსიტეტის მაგისტრის, ამერიკელი არქიტექტორის ერთობლივი მასტერკლასი „ფენომენოლოგია არქიტექტურაში; ფილოსოფია და დიზაინი“; მასაჩუსეტის ტექნოლოგიური ინსტიტუტის სტუდენტების მიერ განხორციელებული 3 კვირიანი ტრენინგი; სკოლებისთვის შექმნილი ერთი პროექტი ფაბ ლაბთან; სტუდენტური მეწარმეობის პროგრამა; ასევე „5 ინსტალაციის“ პროექტი (ერთ–ერთი ინსტალაცია გამოყენებულია საზოგადოებრივი მაუწყებლის „ტელესკოლის“ გაკვეთილში); პროექტი „აღმოაჩინე ევროპა“ და ა.შ. ტექნიკური უნივერსიტეტის ფაბ ლაბისგან განსხვავებით ფაბლაბ თსუ–ს პროექტებიდან უმეტესობა  ყოველწლიურად იმართება, მათ შორისაა: ვიდეო–ფიჩ კონკურსი Big idea Challenge, რომელიც ბრიტანეთის საბჭოსა და ლონდონის მეტროპოლიტენ უნივერსიტეტის მიერ არის მხარდაჭერილი; პროექტი Creative Spark – ბრიტანეთის საბჭოსა და ინტელექტუალური საკუთრების ორგანიზაციის (WIPO-ს) მიერ შემოთავაზებული  სასერტიფიკატო ონლაინ კურსი ინტელექტუალურ საკუთრებაზე; JET29 – ფაბ ლაბის, ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრის პრე-აქსელერაციის ერთობლივი პროგრამა, რომლის მხარდამჭერია ბრიტანეთის საბჭო და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, პარტნიორი ორგანიზაცია – საქართველოს ბანკი; დიზაინი გრადუსებში – მხარდაჭერილია მეწარმეთა ჰაბისა და ბრიტანეთის საბჭოს მიერ; ტექნოლოგიების გადაცემის დღე. ფაბ ლაბ თსუ აქტიურად მუშაობს ამავე უნივერსიტეტში მოქმედ ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრთან, რომელსაც აქვს უნარი ჩამოაყალიბოს ძლიერი კავშირ–ურთიერთობები ბიზნეს სექტორთან. ამის ნათელ მაგალითს წარმოადგენს iTeams პროგრამა, რომლის ფარგლებშიც სამი სტარტაპი სამ სტუდენტურ გუნდს წარუდგენს სამ რეალურ ბიზნეს გამოწვევას. მათ გადაწყვეტაზე სტუდენტები მენტორებთან ერთად იმუშავებენ. აღნიშნული პროექტის მხარდამჭერია ბრიტანეთის საბჭო, ინგლისის ესექსის უნივერსიტეტთან ერთად. გარდა ამისა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული სამეცნიერო ერთეულების, მეცნიერების, მკვლევარების, კვლევებისა და პროექტების შესახებ ერთიანი ბაზა არის ფორმირებული. ბაზა შეიქმნა „Experts.ai for Georgia“ პროექტის ფარგლებში, რომელიც  გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. თსუ ფაბ ლაბის აქტივობების შესწავლამ ცხადყო, რომ ლაბორატორია აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა ადგილობრივ თუ საერთაშორისო ორგანიზაციასთან, რაც სექტორთა შორის კავშირების გაძლიერებას უწყობს ხელს და პროგრამების წარმატებით განხორციელებას განაპირობებს.

კვლევაში მონაწილე აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის უნივერსიტეტის ფაბ ლაბის აქტივობები საწყის ეტაპზე მოიცავდა პროგრამებს, რომლებიც მიმართული იყო: ლაბორატორიის მუშაობის პრინციპების ახსნაზე (პროგრამა „როგორ მუშაობს ფაბ ლაბი“ 2015); მოსწავლეებისთვის ლაბორატორიის სივრცის წარდგენასა და მათი საინოვაციო პროცესებში ჩართვაზე (მაგ. სასკოლო ჰაკათონი 2015–2017 წლებში). შემდგომ წლებში ფაბ ლაბი მასპინძლობს საერთაშორისო სივრციდან სტუმრებს, მათ შორის სამხრეთ კორეის უნივერსიტეტის დელეგაციას. ფაბ ლაბში განხორციელებული ვორქშოპები უმეტესწილად მხარდაჭერილია ბრიტანეთის საბჭოს, DAAD-ის, GITA-ს, კლასტერისა და ინოვაციური განათლების ფონდის (IEE) მიერ. საყურადღებოა 2020 წელს ბრიტანეთის საბჭოს მხარდაჭერით განხორციელებული ონლაინ ჰაკათონი; ქუთაისში GITA-სა და VREX-ის მიერ ორგანიზაებული პრე–აქსელერაციის პროგრამა. 2022 წლის პროექტი “ახალგაზრდა ტექნოლოგიური კლუბების ქსელი“, რომელიც განხორციელდა ევროკავშირი საქართველოსთვის, GITA-ს, IEF–ს დაფინანსებითა და მხარდაჭერით; 3D დიზაინის ვორქშოპი მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის, რომელიც DAAD–ის მიერ არის მხარდაჭერილი და ა.შ.

რაც შეეხება სსიპ კოლეჯის „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრის“ ფარგლებში არსებულ სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიას მისი აქტივობები მეტად შეზღუდულია. 2021 წლიდან ფაბლაბის კოორდინატორის შტატაგარეშე პოზიცია თავისუფალია და ლაბორატორია მუშაობს ინდუსტრიული დიზაინის შესრულების სტუდენტების პრაქტიკული სამუშაოებისათვის, რასაც ხელმძღვანელობს ინდუსტრიული დიზაინის შესრულების პროფესიული განათლების მასწავლებელი.

სამიზნე ფაბ ლაბების კვლევამ ცხადყო, რომ აუცილებელია თანამშრომლობითი ურთიერთობების გაძლიერება მასპინძელი უნივერსტიტეტის ფაკულტეტებთან ერთობლივი ლექცია–სემინარების ფორმირების საფუძველზე, ისევე როგორც კომერციულ სექტორთან პრობლემის გადაწყვეტაზე ორიენტირებული ერთობლივი პროექტების შეთავაზებით (მაგ. iTeams პროგრამა) და სკოლებთან სასწავლო პროცესის ვიზუალიზაციის უზრუნველმყოფი პროექტების განხორციელებით (მაგ. ტექნიკური უნივერსიტეტის ფაბლაბის ფარ გლებში მომზადებული ინსტალაიცია გამოყენებულია საზოგადოებრივი მაუწყებლის „ტელესკოლის“ გაკვეთილებში). სექტორებს შორის სუსტ კავშირ–ურთიერთობებზე ასევე ყურადღებას ამახვილებს გლობალური ინოვაციების ინდექსი 2021, რომელზე დაყრდნობითაც საქართველო უნივერსიტეტი–ინდუსტრიის თანამშრომლობის მიხედვით 154 ქვეყანას შორის 73–ე ადგილს იკავებს  (UNDP 2021).

პრობლემა, რომელზეც კვლევის პროცესში ფაბ ლაბის წარმომადგენლებმა გაამახვილეს ყურადღება უკავშირდება დანადგარების გამოყენებას. აღინიშნა, რომ ის პირები რომლებიც დაინტერესებული არიან ფაბ ლაბის ტექნოლოგიით არ აქვთ შესაბამისი ცოდნა მათი გამოყენების შესახებ. ნიმუშის შექმნისა და დანადგარით სარგებლობისთვის საჭირო ხდება შესაბამისი პროგრამული ფაილის მომზადება, რაც მოითხოვს ამ პროცესებში სპეციფიკური ფასიანი პროგრამების გამოყენებასა და შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირის ჩართვას. ამისთვის საჭიროა გარეშე პირის მომსახურების მიღება, რომელიც ასევე ხარჯებთან არის დაკავშირებული და არ არის ჩართული იმ ბიუჯეტში რომელიც ფაბ ლაბისთვის არის განსაზღვრული. დანადგარების გამოყენების პრობლემას მარტივი გადაწყვეტა მოუძებნა ოულუს უნივერსიტეტის ლაბორატორიამ. ფაბ ლაბის გვერდზე განთავსებულია მანქანა–დანადგარების გამოყენების ინსტრუქცია. გარდა ამისა შემოთავაზებულია სასწავლო კურსები, რომლებშიც  უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტი არის ჩართული. კურსები უზრუნველყოფენ სტუდენტების სწავლებას: ფაბ ლაბის მთავარი და ძირითადი პროცესების, აღჭურვილობის გამოყენების; სქემების შექმნის შესახებ.

ფაბ ლაბის ფარგლებში შექმნილი პროტოტიპების ან/და პროდუქციის შესახებ ინფორმაცია განთავსებულია უნივერსიტეტების ფაბ ლაბების ოფიციალურ ფეისბუქ გვერდებზე. თუმცა სოციალური ქსელის საშუალებით მეტად რთულდება წარსულში განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაციის მიღება. ფაბ ლაბ ოულუს გამოცდილების შესწავლამ ცხადყო, რომ მნიშვნელოვანია არსებობდეს ლაბორატორიაში შექმნილი პროტოტიპისთვის შესაბამისი სივრცე საიდანაც ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება პროტოტიპის განვითარებისა და მისი გამომგონებლის შესახებ მიიღოს ინფორმაცია. პრობლემა რომელიც დასახელებულ იქნა კვლევის პროცესში უკავშირდება შექმნილი პროტოტიპების შემდგომ რეალიზებას და პლაგიატს. ამ კუთხით უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის მუხლი 10 უნივერსიტეტებს აძლევს საშუალებას განახორციელოს: 1. საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის პროცესში შექმნილი პროდუქციის რეალიზება; 2. სამეცნიერო-კვლევითი და ლაბორატორიული საქმიანობის პროცესში შექმნილი პროდუქციის (გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის) წარმოება და რეალიზება; 3. დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობა (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე ბოლო განახლება 2022). თსუ–ში შექმნილია ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრი რომელიც უნივერსიტეტის ბაზაზე კანონით განსაზღვრული უფლებების შესრულებას უზრუნველყოფს. ცენტრისა და ფაბ ლაბის ერთობლივი ძალისხმევით ხორციელდება ცოდნის გადაცემა: ტრენინგებისა და ლექცია-სემინარების საშუალებით, სამეწარმეო იდეების სტიმულირებით და უნივერსიტეტი–ინდუსტრიის კავშირების გაძლიერებით. ტექნიკურ უნივერსიტეტში შექმნილია მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტი, თუმცა დეპარტამენტსა და ფაბლაბს შორის თანამშრომლობით ურთიერთობებს ვერ ვხედავთ. რაც შეეხება აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს, აქ კვლევის მხარდაჭერისა და განვითარების ცენტრი ფუნქციონირებს. ლაბორატორიაში შექმნილი პროტოტიპის, რომელსაც აქვს უნარი გავიდეს ბაზარზე, დაკავშირება ფაბ ლაბის თანამშრომლების ძალისხმევით ხორციელდება. აქ არ იკვეთება ამ და სხვა კუთხით კვლევის მხარდაჭერისა და განვითარების ცენტრთან თანამშრომლობითი კავშირები. არ არის წარმოდგენილი ტექნოლოგიების გადაცემის ცენტრი, რომელიც იზრუნებდა ფაბ ლაბში შექმნილი პროტოტიპიების შემდგომ განვითარებაზე.

უნივერსიტეტის ფარგლებში შექმნილ ფაბ ლაბს დამოუკიდებელი ბიუჯეტი არ აქვს, უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი ფინანსები უმეტეს ფაბლაბში მხოლოდ დასაქმებული თანამშრომლების ანაზღაურებას უზრუნველყოფს. რადგან ფაბლაბს არ აქვს დამოუკიდებელი ბიუჯეტი, ასევე არ გააჩნია დამუკიდებელი ანგარიში, რომელზეც დაირიცხება ფაბ ლაბის მიერ გაწეული მომსახურებიდან მიღებული შემოსავლები. ამდენად გამოიყენება უნივერსიტეტის ანგარიში. ზოგიერთი ფაბ ლაბის შემთხვევაში ადგილზევე არის საკასო აპარატი განთავსებული, რომელიც ამარტივებს ფაბ ლაბის მომსახურების საფასურის გადახდას. თუმცა უმეტესწილად საჭირო ხდება მომსახურების მიღებისთვის  ხელშეკრულების გაფორმება და ინვოისის მომზადება, რაც წარმოქმნის ბიუროკრატიულ პროცესებს და ართულებს ფაბ ლაბთან მუშაობის შესაძლებლობას. მომსახურება ფასიანია იმ პირებისთვის, რომლებიც არ არიან დაკავშირებული უნივერსიტეტთან ან/და იყენებენ ფაბ ლაბს სამეწარმეო მიზნებისთვის.

კვლევაში მონაწილე ლაბორატორიის გარკვეული ნაწილის მიერ გაწეული მომსახურება ფაბლაბის მასპინძელი უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის უფასოა. ხოლო იმ ფიზიკური თუ იურიდიული პირისთვის, რომელიც უნვერსტიტეტთან არ არის დაკავშირებული მისთვის ფასიანი. თუმცა კვლევის შედეგად გამოვლინდა ის ფაბ ლაბიც სადაც მანქანა–დანადგარების გამოყენებისთვის სპეციალური სტუდენტური ტარიფები მოქმედებს, რომელიც ვრცელდება მასპინძელი უნივერსიტეტის სტუდენტზეც. რაც შეეხება ფაბ ლაბის პერსონალს (მის მიერ გაწეული მომსახურება არის უფასო), თავისი კომპეტენციის ფარგლებში აქტიურ მონაწილეობას ღებულობს იდეის განვითარებასა და მის პროტოტიპად ქცევის პროცესში. 

დასკვნები და რეკომენდაციები

  1. ფაბლაბსა და უნივერსიტეტს შორის კავშირები სუსტია. ერთობლივი სასწავლო კურსების ფორმირება მნიშვნელოვანია ფაბლაბის მთავარი და ძირითადი პროცესების, აღჭურვილობის გამოყენების; სქემების, პროტოტიპების შექმნის შესახებ  ცოდნის გადაცემისთვის. რაც ხელს შეუწყობს კვლევისა და განვითარების მიმართულებით სტუდენტების გააქტიურებას.
  2. იმ ფიზიკური თუ იურიდიული პირებისთვის, რომლებიც დაკავშირებული არ არიან უნივერსიტეტთან, მნიშვნელოვანია ფაბლაბში არსებული ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ შესაბამისი პროგრამების ფორმირება ან თუნდაც ვიდეო ინსტრუქციების მომზადება.
  3. ფაბლაბის ფარგლებში განხორციელებული ერთჯერადი პროგრამები. რადგან ფაბ ლაბის ძირითადი მიზანი და მიმართულებაა უნივერსიტეტის სტუდენტების, ასევე იმ ფიზიკური და იურიდიული პირების, რომლებიც უნივერსიტეტთან არ არიან დაკავშირებული, იდეების განხორციელებაში მხარდაჭერა, მნიშვნელოვანი ხდება ფაბ ლაბის ფარგლებში ორგანიზებული ვორქშოპების, ტრენინგებისა და გრძელვადიანი პროგრამების ორგანიზება. აღნიშნული მათი უნარების განვითარებას და იდეების პროტოტიპებად გარდაქმნის შესაძლებლობას უწყობს ხელს.
  4. ფაბლაბის შეზღუდული ბიუჯეტი, რომელიც უმეტესწილად ლაბორატორიის პერსონალის ხელფასების ანაზღაურებას უზრუნველყოფს. ბიუჯეტი ასევე უნდა მოიცავდეს: 1. გაუთვალისწინებელ ხარჯებს. მაგ. პროტოტიპის შექმნის პროცესში იმ გარეშე პირის ჩართვას, რომლის გამოცდილებაც და უნარებიც უზრუნველყოფს მიზნის მიღწევას და ვერ მოიძებნა უნივერსიტეტის ფარგლებში. 2. ვორქშოფებისა და ტრენინგების ორგანიზებასთან დაკავშირებულ ხარჯებს; 3. ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე ფაბ ლაბის წარმომადგენლების მგზავრობის ხარჯებს, რაც ემსახურება ლაბორატორიასთან თანამშრომლობითი ურთიერთობების გაძლიერებას.
  5. ცოდნის ან/და ტექნოლოგიების გადაცემის ცენტრთან ფაბ ლაბის სუსტი კავშირები. მნიშვნელოვანია ერთობლივი პროექტებისა თუ პროგრამების საშუალებით სამეწარმეო იდეების განხილვა და ლაბორატორია–ინდუსტრიის კავშირების გაძლიერება. თუნდაც პროტოტიპის შემქმნელის დაკავშირება კომერციულ სექტორთან და მიღებული პროდუქტის რეალიზება.
  6. ლაბორატორიაში შექმნილი პროტოტიპის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა. ამ კუთხით მნშვნელოვანი შესაბამისი სივრცის ფორმირება, საიდანაც ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება პროტოტიპის განვითარებისა და მისი გამომგონებლის შესახებ მიიღოს ინფორმაცია.
  7. ლაბორატორიაში განვითარებული დიზაინის ან/და პროცესის შემდგომი განვითარების შესაძლებლობის ნაკლებობა. ფაბ ლაბში შექმნილი პროდუქტი შეიძლება იქნას დაცული ან გაყიდული, მის შესახებ გადაწყვეტილებას თავად გამომგონებელი იღებს. მიღებულ გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით პროცესების შემდგომი განვითარებისთვის უნდა ჩაერთოს ცოდნის ან/და ტექნოლოგიების გადაცემის ცენტრი და უზრუნველყოს გამომგონებლის მხარდაჭერას.
  8. ფაბ ლაბისა და სკოლებს შორის სუსტი კავშირები. მისი გაძლიერება შესაძლებელია სკოლებთან სასწავლო პროცესის ვიზუალიზაციის უზრუნველმყოფი პროექტების განხორციელებით. 

გამოყენებული ლიტერატურა

გველესიანი, რევაზ. 2015. "Intrinsic Contradictions of Entrepreneurship Development and Self-development." International Journal of Economics and Management Engineering, Vol:9, No:3 1007- 1010.

ერქომაიშვილი, გულნაზ. 2016. საქართველოსგანვითარებისეკონომიკურიპოლიტიკისპრიორიტეტულიმიმართულებები. თბილისი. http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/207987/1/SaqartvelosGanvitarebisEkonomikuriPolitikisPrioritetuliMimartulebebi.pdf.

საქართველოს საკანონმდებლო მაცნე. ბოლო განახლება 2022. უმაღლესიგანათლებისშესახებ. Accessed 10 9, 2022. https://matsne.gov.ge/ka/document/view/32830?publication=97.

ESF, and University of Oulu. n.d. OUR INSTRUCTORS Meet Our Stuff. Accessed 10 9, 2022. http://make4change.fi/en/home.html#ourCourses.

EU. 2022. European innovation scoreboard . https://ec.europa.eu/assets/rtd/eis/2022/ec_rtd_eis-country-profile-fi.pdf, EU: European Commission website. 

International Fab Lab community. 2014. Fablabs.io About. Accessed 11 19, 2022. https://www.fablabs.io/labs/fablaboulu.

Isabelle Liotard. 2017. "FabLab – a new space for commons-based peer production." SASE conference. Lyon: ResearchGate. https://www.researchgate.net/publication/318014679_FabLab_-_a_new_space_for_commons-based_peer_production.

Jeremy , Brun, Eva Chen, and Monica Alcudia. 2018. The challenges of managing a Fablab in a developing country: the Philippines. Article, Toulouse: Fab14.

Lekashvili, E., and M. Bitsadze. 2021. "The Role of University Spin-Offs in the Success of Research Programs." In Progress in Education, by Roberta V. Nata, 73-102. New York: Nova Science Publishers. https://novapublishers.com/shop/progress-in-education-volume-68/.

Lekashvili, Eka, and Mariam Bitsadze. 2021. "Spin Offs Activities and Technology Commercialization Policy at European Universities." 5th International Scientific Conference "Is it time for a total reset?". Maribor: University of Maribor, University Press. 185-196. doi:https://press.um.si/index.php/ump/catalog/book/566.

Ministry of Education and Culture. 2009. UNIVERSITIES ACT. Accessed 10 8, 2022. https://karvi.fi/wp-content/uploads/2016/05/6-Universities-Act.pdf.

Ropin, Helmut, Anja Pfleger-Landthaler, and Irsa Wolfram. 2020. "A FabLab as integrative part of a Learning Factory." Procedia Manufacturing 45: 355-360. https://www.sciencedirect.com/science/article/pii/S2351978920310714.

STEAM in OULU. 2018. START STEAM ACTIVITIES IN YOUR UNIT - WE HELP! Accessed 10 9, 2022. https://www.steaminoulu.fi/steam-koulutus/.

UNDP. 2021. GKI. Annualy , UNDP and MBRF 2021.

University of BRISTOL. 2018. FABLAB Guide how to set up your lab and maximise its impact. Great Britain, 12 18. https://issuu.com/j_johns/docs/bu_fablabs_document_final/4?ff&e=35968760/66510214.

University of Oulu. n.d. Education and projects at Fab Lab Oulu. Accessed 10 8, 2022. https://www.oulu.fi/en/university/fab-lab-oulu/education-and-projects-fab-lab-oulu.

Fab Academy. Accessed 10 8, 2022. https://www.oulu.fi/en/university/fab-lab-oulu/fab-academy.

Fab Lab Oulu. Accessed 10 8, 2022. https://www.oulu.fi/en/university/fab-lab-oulu#accordion-control-instructions-for-using-fab-lab-machines.

School collaboration. Accessed 10 8, 2022. https://www.oulu.fi/en/university/fab-lab-oulu/school-collaboration.

University finance. Accessed 10 9, 2022. https://www.oulu.fi/en/university/university-finance.

Verket FabLab. 2016. "unevoc.unesco.org/." FabLab - UNESCO-UNEVOC. Accessed 10 8, 2022. https://unevoc.unesco.org/pub/digitalization_verket_fablab.pdf.

World Intellectual Property Organization. 2022. Global Innovation Index (GII). https://www.wipo.int/edocs/pubdocs/en/wipo_pub_2000_2022/fi.pdf, Geneva, Switzerland: WIPO.

 


[1] კონცეფციის დადასტურება (PoC) არის პროდუქტის/პროცესის/კონცეფციის თეორიული დემონსტრირება. ძირითადად განსაზღვრავს, შეიძლება თუ არა იდეა რეალობად იქცეს.