English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 1 ∘ მურმან ცეცხლაძე სალომე სულაბერიძე
„ჩაის" წარმოება და მისი როლი აგროტურიზმის განვითარებაში (გურიის რეგიონის მაგალითზე)

ანოტაცია. აგროტურიზმი არის სფერო, სადაც ტურიზმის ინდუსტრიისა და სოფლის მეურნეობის პროდუქტი ერთობლივადაა წარმოდგენილი. ნაშრომში შესწავლილია, საქართველოსა და მსოფლიოში მეჩაიეობის განვითარების თანამედროვე ტენდენციები, დასახულია მისი განვითარების პერსპექტივები გურიის რეგიონში, შემოთავაზებულია ტურისტული პროდუქტის — „ჩაის გზის“ ვიზიტორებისათვის მიწოდების შესაძლებლობები. ყოველივე ეს ხელს შეუწყობს იმპორტირებული ჩაის ადგილობრივით ჩანაცვლებას, ვიზიტორის დაინტერესებას „ჩაის გზის" აქტივობებით. ამით გაიზრდება მოსახლეობის შემოსავლები, შემცირდება მიგრაციული პროცესები.

საკვანძო სიტყვები: ჩაის გზა, ვიზიტორი, ფერმერი, სოფლის მეურნეობა, აგროტურიზმი.

შესავალი

დასავლეთ საქართველოში, კერძოდ კი გურიის რეგიონში მთისა და ზღვის ჰავა ხელს უწყობს ჩაის კულტურის გახარებასა და გავრცელებას:

  • Ø აძლევს რბილ და სასიამოვნო არომატს;
    Ø არ სჭირდება შხამქიმიკატებისა და პესტიციდების დამატება;
    Ø არის ნატურალური, სუფთა და სასიამოვნო დასალევი.

აღნიშნული თვისებების გამო იგი მრავალ ვიზიტორსა და მომხმარებელს იზიდავს. გარდა ამისა, ჩაის წარმოებამ შესაძლოა გადამწყვეტი როლი შეასრულოს რეგიონის ეკონომი¬კის აღდგენაში, საფუძველი ჩაუყაროს სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის განვითარებას. ამ ღირებულებების გამოყენებისა და განხორციელების მიზნით, სტატიაში განვიხილავთ გურიის რეგიონში „ჩაის" წარმოებასა და მის როლს აგროტურიზმის განვითარებაში.

ჩაის სამკურნალო თვისებები

ჯერ კიდევ მრავალი ასეული წლის წინათ, სანამ ჩაის ქიმიური შედგენილობა გახ¬დებოდა ცნობილი, ადამიანებმა აღმოაჩინეს მისი სამკურნალო და კვებითი ღირე¬ბულებები.

ჩაი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სასმელია მსოფლიოში სასმელი წყლის შემდეგ და მას მსოფლიო მოსახლეობის ნახევარზე მეტი მოიხმარს. ის ინტერნაციონა¬ლურ სასმელს წარმოადგენს. ჩაის პოპულარობა შეუცვლელია მისი ორგანო¬ლეპ¬ტიკური მაჩვენებლებისა და მასტიმულირებელი თვისებების გამო (Чжуан, 1959).

დიდია ადამიანის ჯანმრთელობისათვის ჩაის მიკრო- და მაკროელემენტების წილი, რომლებიც ხელს უწყობენ ადამიანის ორგანიზმის საერთო ცხოველმყოფელობის ზრდას. მიკროელემენტებიდან მნიშვნელოვანია ფტორი. ჩაის პროდუქტის მშრალი ნივთიერებების 5-6%-ს შეადგენს მინერალური ნივთიერებები, რომელთა 50% არის კალიუმი, 15,5% კი — ფოსფორნაერთები. ჩაის ეთერზეთების შემცველობა აუმჯობესებს ადამიანის განწყობას, ანიჭებს მას სიმხნევეს, შრომისუნარიანობას, ააქტიურებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას (Джемухадзе, 1961).

ჩაის გავრცელების ისტორიაგურიის რეგიონში

გურიაში ჩამოსულ ვიზიტორებს ჩაის მეურნეობის ნახვის, სამუშაო პროცესზე დაკვირვებისა და დაგემოვნების გარდა, ჩაის გავრცელების ისტორიაც აინტერესებთ.

გურიაში პირველი ჩაის ბუჩქი 1809 წელს მამია მეხუთე გურიელის (გურიის მთავარი 1809-1826 წწ.) ბაღში დაირგო (მამია გურიელის ბაღი ქალაქ ოზურგეთის ამჟამინდელი ცენტრალური ბაღების, ჭადრების ბაღს წარმოადგენდა). ბაღში გაშენებულ ჩაის სამრეწველო დანიშნულება არ ჰქონდა.

15 წლის განმავლობაში გურიელმა ჩაის, ფორთოხლისა და ლიმონის გაშენებით შესანიშნავი ბაღი მოაწყო. ბაღის გაშენებას შოტლანდიელი აგრონომი და მებაღე, იაკობ მარი ხელმძღვანელობდა.

მამია გურიელის სიკვდილის შემდეგ მისი ბაღი მოიშალა. რუსეთ-ოსმალეთის ომის (1854—1856 წწ.) დროს ქალაქის ცენტრში, ყოფილ მამიასეულ ბაღში სამხედროები დასახლდნენ, რომლებმაც აჩეხეს და გაანადგურეს ბაღი.

ი. მარის რჩევით ჩაის ბუჩქები გადარგეს გორაბერეჟოულში, მიხეილ ერისთავის მამულში. მ. ერისთავი ჩაის კულტურის დამფასებელი იყო. მან პირველად ჩაი ჩინეთში ნახა, დააგემოვნა და გადაწყვიტა მისი საქართველოში გაშენება.

გადმოცემის თანახმად, იმ პერიოდისათვის ჩინეთიდან ჩაის ნერგის ან თესლის გატანა აკრძალული იყო, მაგრამ მას მაინც მოუხერხებია ჩამოტანა. 1864 წელს მ. ერისთავმა საქართველოში პრიმიტიული წესით პირველმა დაამუშავა ჩაის პროდუქცია, გაიტანა თბილისსა და სანქტ-პეტერბურგში გამართულ სასოფლო-სამეურნეო გამოფენებზე.

მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში ჩაის ბუჩქების გაშენება გურიას გასცდა და პრაქტიკულად დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში გავრცელდა: აფხაზეთში, აჭარაში, იმერეთსა და სამეგრელოში. 1861 წელს პირველი ქართული „ბაიხის ჩაი" დამზადდა. 1864 წელს პროდუქტი სასოფლო-სამეურნეო გამოფენაზე წარადგინეს სანქტ-პეტერბურგში, ხოლო 1885 წელს პირველი საექსპორტო გადაზიდვა განხორციელდა ევროპაში.

XX ს-ის 80-იან წლებში ქართული ჩაის ინდუსტრიაში 190 ათასი ადამიანი იყო დასაქმებული, ჩაის პლანტაციები 70 ათასი ჰექტარზე იყო გაშენებული. მის დამზადებას ემსახურებოდა 140 პირველადი წარმოების, 25 დაფასოებისა და 3 მექანიკური ქარხანა, ასევე რამდენიმე სამრეწველო ობიექტიც. საქართველოში იწარმოებოდა 600 ათასი ტონა მწვანე ფოთოლი, ანუ 133 ათასი ტონა ჩაი. საქართველო მეხუთე ადგილზე იყო ჩაის წარმოებაში ინდოეთის, ჩინეთის, იაპონიისა და შრი-ლანკის შემდეგ (ჩაი...).

საქართველოდან ჩაი გადიოდა დანარჩენ საბჭოთა რესპუბლიკებში. ექსპორტი, ასევე ხდებოდა აღმოსავლეთ ევროპასა და სამხრეთ აფრიკაშიც. ქართული ჩაი იყიდებოდა საფრანგეთში, გერმანიაში, ავსტრიაში, ფინეთსა და დიდ ბრიტანეთში.

საქართველოში ჩაის ინდუსტრიას ყველაზე დიდი სოციალური პასუხისმგებლობა ეკისრებოდა როგორც სასოფლო-სამეურნეო და ინდუსტრიული განვითარების კუთხით, ასევე დასაქმების, საბიუჯეტო შემოსავლებისა და სოციალური კეთილდღეობის მაჩვენებლებით.

1900 წელს საქართველოში არსებული ჩაის 23 საცდელი ნაკვეთიდან ყველაზე მეტი (9 ნაკვეთი) ოზურგეთის მაზრაში მდებარეობდა. ამათგან აღსანიშნავია თავად ნაკაშიძეების მამული ზედუბანში.

1889 წელს მიხეილ ნაკაშიძემ ჩაი ჩაქვიდან შემოიტანა და გააშენა ხუთ ჰექტარზე, ააშენა ფაბრიკა, რომელიც უშვებდა პროდუქციას სახელით „Чай Князя М. М. Накашидзе". 1900 წლისთვის ერმილე ნაკაშიძეს ჰქონდა ჩაის გადამამუშავებელი დანადგარი და უშვებდა ჩაის სავაჭრო ნიშნით „ერმილიტა“.

გურიაში ჩაის აწარმოებდა „საუფლისწულო საზოგადოებაც“. 1900 წლის 21 მაისს „ივერია“ წერდა: „საუფლისწულო უწყება ამ წელს გურიის პლანტაციებიდგან 5 000 გირ¬ვანქა ჩაის მოკრეფას ელის, ხოლო მერმის 20 ათას გირვანქის იმედი აქვს“ . 1913-1918 წლებში გურიაში გაზარდა ჩაის პლანტაციების რაოდენობა, მაგრამ 1918 წლისთვის დაეცა ჩაის წარმოება 50 %-ით. 1921 წელს საშუალო მოსავლიანობა ერთ ჰექტარზე იყო 500 კგ. (ჩაი...).

სოფელ ასკანაში ჩაის აწარმოებდა ცნობილი მეღვინე სოლომონ ჭეიშვილი. ს. ჭეიშვილს ჩაი გაჰქონდა რუსეთის ქალაქებში. მის მიერ წარმოებულმა ჩაიმ ქების სიგელი დაიმსახურა 1914 წელს მოსკოვში.

საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, 1924 წლისთვის გავრცელებული იყო მეტწილად ჩინური ბუჩქები, ნაწილობრივ იაპონური და ინდურიც. მოხდა ბუნებრივი ჰიბრიდიზაცია და მიღებულ იქნა ჰიბრიდი „ბათუმის ჩაი“. სწორედ ეს გაშენდა საბჭოთა პერიოდში გურიასა და აჭარაში.

პირველი ფაბრიკები საბჭოთა ხელისუფლების დროს მოქმედებდა ზედუბანსა და ოზურგეთში.

კოლექტივიზაციის შემდეგ საბჭოთა პერიოდში ჩაი იქცა გურიაში გავრცელებულ № 1 კულტურად. 1933 წელს მოიკრიფა 138 870 კილოგრამი ჩაის ფოთოლი. ყველა დიდ სოფელში მოქმედებდა ჩაის ფაბრიკა, ყველა სოფელში იყო პლანტაციები და მიმღები პუნქტები (ჩაი...).

ანასეულში შეიქმნა ჩაისა და სუბტროპიკულ კულტურათა კვლევითი ინსტიტუტი. ჩაიმ განდევნა მანამდე გავცელებული ყველა ტრადიციული სასოფლო სამეურნეო კულტურა (ღომი, ვაზი და სხვ.). საბჭოთა პროპაგანდა მეჩაიეობის განვითარებას საბჭოთა სახელმწიფოს უდიდეს წარმატებად მიიჩნევდა.

1958 წელს ჭანიეთის, ლაითურისა და ლიხაურის მეურნეობებში პირველად გამოსცადეს ჩაის საკრეფი მანქანები.

გასული საუკუნის 90-იან წლებში საბჭოთა კავშირის დაშლა ქართული ჩაის ინდუსტრიისთვის დამანგრეველი შედეგების მომტანი აღმოჩნდა. ქართულმა ჩაიმ საბჭოთა ბაზარი დაკარგა, პოლიტიკური და ეკონომიკური არასტაბილურობის ფონზე კი სახელმწიფოს ახალ ბაზარსა თუ მრეწველობის შენარჩუნებაზე ზრუნვა არ შეეძლო. აფხაზეთის ომმა დამატებით გამოიწვია ჩაის მწარმოებელი მნიშვნელოვანი რეგიონის დაკარგვაც, რამაც წარმოება შეამცირა. მოსავლის აღების გაჭიანურების გამო კი პლანტაციები გაველურდა.
საქართველო, როგორც დიდი ისტორიის მქონე ჩაის მწარმოებელი ქვეყანა, ჩაის ინდუსტრიის მქონე ქვეყნებს შორის უნიკალურ მაგალითს წარმოადგენდა, რომელსაც ჰქონდა ჩაის პლანტაციების გაშენების დიდი გამოცდილება, ჰყავდა დარგის პროფესიონალები და მეცნიერები, ჰქონდა დიდი ინდუსტრიული პოტენციალი.

2010 წლის ივნისამდე ქართული დაფასოებული ჩაი, ადგილობრივი ბაზრის მხოლოდ 2 %-ს შეადგენდა (ჩაი ...).

ქართული ჩაის წარმოება ამ ეტაპზე

ამჟამად ქართული ჩაი ადგილობრივი ბაზრის დაახლოებით 25%-ს ავსებს.

საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის 10 თვეში საქართველომ 3,9 მილიონი $-ის 1,9 ათასი ტონა ჩაი გაყიდა. ძირითადი

საექსპორტო ქვეყნებია:

  • Ø მონღოლეთი - 416 ტონა / $ 219 ათასი;
    Ø აზერბაიჯანი - 279 ტონა / $ 1.9 მილიონი;
    Ø თურქეთი - 196 ტონა / $ 622 ათასი (ქართული... 2021).

2021 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველომ 1,9 ათასი ტონა ჩაის (არომატიზებული და არაარომატიზებული) იმპორტში $ 7,2 მილიონი გადაიხადა. 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ჩაის იმპორტი 14 %-ით შემცირ¬და. საქართველოში ჩაის ძირითადი იმპორტიორი ქვეყანებია:

  • Ø აზერბაიჯანი - 633 ტონა / $ 3.4 მილიონი;
    Ø შრი ლანკა - 264 ტონა / $ 1.2 მილიონი;
    Ø რუსეთი - 206 ტონა / $1.2 მილიონი (ქართული... 2021).

ამ ეტაპზე ჩაის წარმოება გურიის რეგიონში

გურიის რეგიონში ფუნქციონირებს ჩაის გადამამუშავებელი დიდი და მცირე საწარმოები (იხ. დიაგრამა № 1).

დიაგრამა № 1. ჩაის საწარმოებისა და დასაქმებულების რაოდენობა


წყარო: დიაგრამა შედგენილია ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე.

როგორც დიაგრამიდან ჩანს, რეგიონში ფუნქციონირებს 18 ჩაის საწარმო, სადაც დასაქმებულია 172 ადგილობრივი მოსახლე. გარდა ამისა, სეზონურად ქირაობენ დამატებით მუშახელსაც.

საწარმოთა საქმიანობა მხოლოდ ჩაის წარმოებით არ შემოიფარგლება, ზოგიერთი მათგანი აგროტურისტული საქმიანობითაცა დაკავებული, კერძოდ, 2019 წლიდან გურიაში ვითარდება ახალი ტურისტული პროექტი „ჩაის გზა“. აღნიშნული მარშრუტი შეიქმნა „ასოციაცია ჩაის გზის" ორგანიზებით, რომელიც აერთიანებს საქართველოს რეგიონებში მოქმედ ორგანიზაციებს და საოჯახო მეურნეობებს (გურული...2021).

აღნიშნული მიზნით, გურიის რეგიონში შეირჩა „ჩაის გზის" მასპინძელი საწარმო და საოჯახო მეურნეობები. ფერმერები სთავაზობენ ვიზიტორებს ჩაის კრეფას, გადამუშავების პროცესში მონაწილეობის მიღებას, ჩაის დამზადების ტექნოლოგიისა და ისტორიის გაცნობას, დეგუსტაციას, ტრადიციული კერძებს, საჭიროების შემთხვევაში განთავსებასაც.

იდეის პოპულარიზაციის მიზნით, გაეროს განვითარების პროგრამის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, გურიაში ყოველწლიურად იმართება ჩაის ფესტივალი.

ჩაისგზის" მონაწილე ძირითადი ობიექტებია:

1. დავით თენიეშვილის საოჯახო საწარმო „იალონი". მდებარეობს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვში. საწარმოს მდებარეობა განსაკუთრებულ პირობებს ქმნის უმაღლესი ხარისხის ჩაის პროდუქციის წარმოებისათვის. ადგილზე ხდება, ნატურალური და ეკოლოგიურად სუფთა ჩაის პროდუქციის წარმოება-რეალიზაცია.

ეტაპობრივად აწარმოებს 7-8 ტ. ჩაის 4 სახეობას: მოცვის ჩაი, შავი ჩაი, მწვანე ჩაი, თეთრი ჩაი.

საწარმოს მომხმარებელია ადგილობრივი მაღაზიები, მოსახლეობა, ვიზიტორები, ასევე ექსპორტს ახორციელებს პოლონეთში, ჩეხეთში, გერმანიასა და კანადაში.

პროდუქციის მიწოდება შეუძლიათ ნებისმიერ ლოკაციაზე ადგილობრივი და უცხოელი მომხმარებლებისათვის.

ვიზიტორებს ადგილზე, სთავაზობენ ტურს: სტუმრები გაივლიან ე.წ. „ჩაის გზას", რომელიც მოიცავს ჩაის წარმოების პროცესს პლანტაციებიდან გადამამუშავებელ საწარმომდე და შეფუთვამდე.

სტუმრებს საშუალება აქვთ მონაწილეობა მიიღონ ჩაის კრეფის პროცესში ტრადიციული ეკიპირების (ჭილოფის ქუდი და კალათი) გამოყენებით, დაკრეფილი ჩაის ფოთლის გადამუშავების პროცესში, მიიღონ პასუხი მათთვის საინტერესო ყველა საკითხზე. ტური სრულდება სხვადასხვა სახეობის ჩაის დეგუსტაციით.

2. გიორგი ხუჭუას ჩაის გადასამუშავებელი საწარმო. მდებარეობს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ანასეულში. ამუშვებენ და ყიდიან შავ და მწვანე ჩაის. აბარებენ მაღაზიებს ბათუმსა და თბილისში, ასევე ამარაგებენ ადგილობრივ ბაზარსაც ოზურგეთში. გარდა ადგილობრივი მომხმარებლისა ჰყავთ უცხოელი ტურისტები და დამსვენებლები. რომელებსაც სთავაზობენ ჩაის კულტურის გაცნობას, საწარმოს დათვალიერებას, სამეურნეო პროცესში მონაწილეობას, ჩაის დაგემოვნებას.

2020 წლის განმავლობაში პროდუქტის შესაძენად, დაახლოებით, 2 000-ზე მეტი ტურისტი ესტუმრათ პოლონეთიდან, ჩეხეთიდან, ბალტიისპირა ქვეყნებიდან (ლიეტუვა, ესტონეთი).

ჩაის კრეფასა და სამეურნეო სამუშაოებში დასაქმებული ჰყავთ 80 ადამიანი. ყოველწლიურად ეტაპობრივად ხდება ჩაის ბუჩქის განახლება, მაგალითად, 2021 წელს განაახლეს 4 ჰა ჩაი.

2019 წელს შეუერთდა მუნიციპალურ ტურისტულ პროექტს. ჩაის დარგში საწარმოს თითქმის 60-წლიანი ისტორია და ჩაის მუზეუმი აქვს. საწარმოს ტერიტორიაზე მოქმედებს ნატურალური ხილის ალკოჰოლური სასმელების საწარმო „ანასეულის ოტკა". სწორედ ანასეულში დაირგო პირველი ჩაის ნერგი 1847 წელს და აქვე ფუნქციონირებს ანასეულის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი (ტურისტული...2021).

3. ლანა ჟღენტის ჩაის გადამამუშავებელი საწარმო „პლანტაცია". მდებარეობს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურში. ამჟამად, აწარმოებს მხოლოდ 1 სახის შავ გრეხილ ჩაის (2 ტონა). ჩვეულებრივი მომხმარებლების გარდა, სტუმრობენ გერმანელი, ინგლისელი და ამერიკელი ტურისტები.

სამომავლოდ ეზოში გეგმავს პატარა ხის სახლების ჩადგმას ტურისტების განსათავსებლად, ამ ეტაპზე კი მხოლოდ დეგუსტაციასა და პროდუქტის მიყიდვას ახერხებს. ხის სახლების ჩადგმის შემდეგ ტურისტებს საშუალება ექნებათ 1 დღის მაგივრად რამდენიმე დღე დარჩნენ.

აგროტურიზმის მიმართულებით ბიზნესის გასაფართოებლად შეისყიდა დამატე¬ბითი ტერიტორია, სადაც გაშენებულია ჩაი. მიმდინარეობს მათი გაკულტურების სამუშაოები.

ტურისტული ლოკაცია „პლანტაცია" 2021 წელს შეუერთდა მუნიციპალურ ტურისტულ პროექტ „ჩაის გზას". ტურის დროს მომხმარებლებს სთავაზობენ ავთენტური გარემოს დათვალიერებას, ნატურალური ჩაისა და ადგილობრივი სამზარეულოს გაცნობა-დეგუსტაციას (ტურისტული...2021).

4. ლიკა მეგრელიძის ჩაის გზა „კომლი" 2019 წელს შეუერთდა მუნიციპალურ პროექტ “ჩაის გზას“. ტურისტული ლოკაცია განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ვიზიტორებში. 150-წლიან საოჯახო მეურნეობაში შექმნილია ყველანაირი პირობა, რომ ტურისტმა თავი იგრძნოს განსაკუთრებულ გარემოში. „კომლი“ვიზიტორებს სთავაზობს:

  • Ø მოკლე ექსკურსს საქართველოში ჩაის ისტორიის შესახებ;
    Ø ეთნო-აგროტურს ეზოში (ითვალისწინებს გამოცდილების გაზიარებას, კულინარიულ მასტერკლასებს);
    Ø ახლოს მდებარე ტურისტულ ლოკაციებზე გასვლას (შემოქმედის მონასტერი, მდინარე ბჟუჟის ხეობა, ჩაის პლანტაციების დათვალიერება);
    Ø ჩაის ხელით კრეფა-დამუშავებასა და ბუნებრივი შრობის პროცესში სტუმრის მონაწილეობას;
    Ø სასტუმროში განთავსებას და კვებას (ტურისტული...2021).

5. ბერდია ელგუჯაურის ჩაის გადასამუშავებელი საწარმო „Natura Tea Company“, მდებარეობს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში.

იგი საქართველოში პირველი ქართული ჩაის მწარმოებელი საწარმოა, რომელსაც მიენიჭა საერთაშორისო სტანდატის შესაბამისი დამადასტურებელი ISO სერტიფიკატი. კომპანია აწარმოებს უმაღლესი ხარისხის 7 სახეობის ქართულ ჩაის.
ჩაის ყიდის საზღვარგარეთ, ევროპაში — ირლანდიაში, შვეიცარიაში და სხვა ქვეყნებში. ამუშავებენ 100 ტონამდე ნედლეულს. ამჟამად ფლობს 18 ჰექტარ ჩაის პლანტაციას, აქედან ჩაი გაკულტურებულია 14 ჰა-ზე. საწარმო ორიენტირებულია ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებაზე.

საწარმო ექსპლუატაციაში 2014 წლის 5 მაისიდან შევიდა. ის 10 ტონამდე ნედლეულს ამუშავებს. ნედლეულის 60%-ს მეწარმე საკუთარი პლანტაციებიდან იღებს, 40%-ს კი — მოსახლეობისგან.

გარდა ამისა, ტურისტებისათვის აქვთ სადეგუსტაციო ადგილი, სთავაზობენ საწარმოს დათვალიერებასა და მეურნეობის მონახულებას. საშუალოდ, დღეში ტურისტების 1 ჯგუფი მაინც სტუმრობს ობიექტს 15-კაციანი, 4- ან 8-კაციანი შემადგენლობით.
ჩინელმა ტურისტებმა კი საწარმოში თავიანთი ჩაიც მოიტანეს და აქაურს შეადარეს, ადგილობრივი წარმოების პროდუქტი არანაკლები აღმოჩნდა, არომატით უფრო მოეწონათ კიდეც. ვიზიტორები ჩამოდიან ასევე გერმანიიდან, შვეიცარიიდან და სხვა.
6. ილია ბასილაშვილის ჩაის საწარმო, „საქართველოს თაიგული“ მდებარეობს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფ. დვაბზუში. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს პრემიუმ ხარისხის წარმოების ნატურალურ ქართულ ჩაის, რომელიც არ შეიცავს ქიმიურ საღებავს და არომატიზატორებს. საწარმო ექსპლუატაციაში შევიდა 2018 წელს.

პლანტაცია გაშენებულია 2,5 ჰა-ზე. საწარმო მიმდებარე სოფლებიდანაც იბარებს ჩაის. აქვთ საწარმო, სადეგუსტაციო და საგამოფენო კუთხე. შესაბამისად, ვიზიტორები მათთვის გამოყოფილი სპეციალური ტანსაცმლით ათვალიერებენ მეურნეობას, აკვირდებიან საწარმოო პროცესს, ასევე ასწავლიან ჩაის დაყენებას, რის შემდეგ ხდება მისი დაგემოვნება.

საწარმო უშვებს 7 სახის ჩაის. აქედან ბრენდული არის დასაყენებელი მწვანე ჩაი და დასაყენებელი შავი ჩაი. დანარჩენი კი არის — ექსტრა შავი ჩაი ერთჯერადი ნეილონის კონვერტით, ექსტრა მწვანე ჩაი, მოცვის შავი ჩაი, მოცვის მწვანე ჩაი, მაყვლის ჩაი. მათგან ბოლო სამი სახეობა მთის ჩაის სახეწოდებითაა ცნობილი და სამკურნალო დანიშნულება აქვს. ასევე ამზადებენ ჩაის სხვადასხვა არომატებით: თაფლის, ვაშლის, ლიმონის არომატითა და სხვა.

ვიზიტორების ყველაზე მეტი რაოდენობა რუსეთიდან მოდის, საწარმოს ასევე სტუმრობენ უკრაინიდან, პოლონეთიდან, ამერიკიდან, შვედეთიდან და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან.

სამომავლოდ იგეგმება მეურნეობის გაფართოება და პროდუქტის როგორც რაოდენობრივი ზრდა, ასევე მისი ექსპორტზე გატანაც. აგროტურიზმის მიმართულებით საწარმო გეგმავს ეზოსთან ახლოს სასტუმროს მშენებლობასაც, სადაც ვიზიტორები განთავსდებიან. ასევე მათთვის 100 ძირამდე სელექციური ჩაის გაშენებას, რათა მონაწილეობა მიიღონ ჩაის კრეფასა და საწარმოს საქმიანობაში.

7. გელა ზოიძის ჩაის გადასამუშავებელი საწარმო „კოოპერატივი ჩიბათი“ მდებარეობს ლანჩხუთის მუიციპალიტეტის სოფელ ჩიბათში.

„კოოპერატივი ჩიბათის“ ისტორია ტრადიციული დარგის განვითარებას უკავშირდება. სოფელ ჩიბათში გაშენებული იყო 90 ჰექტრამდე ჩაის პლანტაცია, რომელსაც მოსახლეობა უვლიდა. კოოპერატივის წარმომადგენლებმა მოახერხეს ამ ტრადიციის აღდგენა და საბჭოთა ტიპის ობიექტი თანამედროვე ბიზნესზე ორიენტირებულ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივად აქციეს, რომელიც სოფელში ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია-აღდგენაზე მუშაობს და თან საკუთარი ბიზნესის წარმატებაზე ზრუნავს. ჩაის წარმოებაში ადგილობრივი მოსახლეობა აქტიურად არის ჩართული.

2014 წელს საწარმომ ENPARD-ის პროექტში მიიღო მონაწილეობა და გადამამუშავებელი ფაბრიკის აღსაჭურვად და პლანტაციების სარეაბილიტაციოდ დახმარება ითხოვა, რის შემდეგ გადაეცათ ჩაის გადამამუშავებელი ხაზი, ქარხნისთვის შენობა კი მუნიციპალიტეტიდან აიღეს იჯარით. წლის განმავლობაში ყიდიან 1 ტონამდე ჩაის. მცირე რაოდენობით კი — ადგილობრივ ბაზარზე, ასევე დამსვენებლებზე საკურორტო სეზონის დროს. ვიზიტორებს შეუძლიათ, მეურნეობის დათვალიერება, სამუშაო პროცესის გაცნობა, წარმოების პროცესზე დაკვირვება, ჩაის ნაყენის მომზადება, დეგუსტაცია და შეძენა.

მათ უახლოეს გეგმებში შედის ჩაის ექსპორტზე გატანა. ამ მხრივ კოოპერატივს უკვე აქვს წარმატება ჩინეთში პროდუქციის გატანის კუთხით. მწარმოებლებს სურვილი აქვთ, რომ პროდუქცია 20-25 ტონამდე გაზარდონ და ერთჯერად პაკეტებში შეფუთონ.

8. მიხელ ცინცაძის ჩაის გადასამუშავებეელი სააწარმო შპს „არომატი“, მდებარეობს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, ცენტრის მიმდებარე ტერიტორიასთან.

საწარმო თვეში ახერხებს 50-60 ტ. ჩაის გადამუშავებას. უშვებს შავ ჩაის, მწვანე ჩაის, ყვითელ ჩაის ლიმონით, წითელ ჩაის ლიმონით, გრანულებიან ჩაის და ა.შ. მომხმარებელს სთავაზობს სულ ცხრა სახეობას, რომელიც იყიდება ადგილობრივ მაღაზიებში, მეზობელ ქალაქებში. გარდა ამისა, ტურისტებს სთავაზობს მეურნეობისა და საწარმოს დათვალიერებას, წარმოების პროცესის გაცნობას, დეგუსტაციას, პროდუქტის შეძენას.

საწარმოში დასაქმებული ჰყავთ 30 ადამიანი, ხოლო მკრეფავებად მუშაობს 100-მდე ადამიანი. მეურნეობა ფლობს 2,5 ჰა-ს სოფელ მამათში, რაც საწარმოს მოსა¬მარაგებლად ძალიან მცირეა, მაგრამ იქვე მაცხოვრებელ მოსახლეობას 6 ჰა-მდე ფართობზე გაშენებული აქვს ჩაის პლანტაცია, რომლებიც „არომატის“ მზრუნველობით არის გაკულტურებული და შესაბამისად იქ მოყვანილ ჩაის წარმოებაში იყენებს.

9. მურმან გოჩალეიშვილის ჩაის გადასამუშავებელი საწარმო, შპს „გეოპლანტ ოზურგეთი“ მდებარეობს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში. აწარმოებს სხვადასხვა სახის ჩაის, მაგალითად, მწვანე ჩაის, შავ ჩაის და ა.შ.აქ მოყვანილი ჩაი გამოირჩევა ბუნებრივი არომატით. ამიტომაც მასზე დიდია მოთხოვნა საზღვარგარეთ და მისი ექსპორტი 1985 წლიდან ხორციელდება.

ჩაის პლანტაცია გაშენებულია 120 ჰა-ზე. ნედლეული მოყვანილია პესტიციდების გარეშე ეკოლოგიურად სუფთა გარემოში. მისი ნორჩი ყლორტები ხელით იკრიფება, ყურადღებით მუშავდება ყოველგვარი ემულგატორების, საღებავის გარეშე და მაღალხარისხიან უცხოურ ჩაისთან ერთად კუპაჟდება.

საწარმოში მუდმივად დასაქმებულია 43 თანამშრომელი, სეზონურად მეურ¬ნეობაში — 200, წარმოებას სტუმრობენ როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ვიზიტორები: ჩეხები, პოლონელები, თურქები.

10. ავთანდილ ლომთათიძის ჩაის გადასამუშავებელი საწარმო მდებარეობს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენობანში. აწარმოებენ 1,5 ტონა 3 სახის ჩაის: სტანდარტულს, შავი ბაიხაოს და მწვანე ჩაის. აქვთ საკუთარი ჩაის პლანტაცია. გარდა ამისა ნედლეულს ყიდულობენ ადგილობრივი მოსახლეობისაგან.

მაქსიმალურად ახდენენ ჩაის რეალიზაციას როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ — ჩეხოსლოვაკიასა და საფრანგეთში და კვლავ ცდილობენ უფრო მეტად გააძლიერონ თანამშრომლობა ევროკავშირის ქვეყნებთან.

ჩაის ყიდიან ტურისტებზეც. მათ სთავაზობენ მეურნეობის დათვალიერებას, სამუშაო პროცესის გაცნობასა და მუშაობაში ჩართვას, ჩაის კრეფას, წარმოების პროცესზე დაკვირვებას, ჩაის ნაყენის მომზადებასა და დეგუსტაციას. ასევე მათ შეუძლიათ ჩაის შეძენა, აქვთ მასპინძლის სახლში ან კარვებში განთავსებას საშუალება. ადგილობრივი ვიზიტორების გარდა, მათ სტუმრობენ უცხოელებიც: ჩეხები, ფრანგები, ბრიტანელები, გერმანელები და სხვ.

11. ნანა მელაშვილის ჩაის გადასამუშავებელი საწარმო, კოოპერატივი „ნაგომარი“, მდებარეობს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარში. საწარმო მომ¬ხმარებელს სთავაზობს ნატურალურ 8 სახეობის ძირითადად მწვანე და შავ ჩაის, ასევე ჩაის სხვადასხვა სახის ხილის არომატით.

ეტაპობრივად აწარმოებენ 7 ტონას წელიწადში. აქვთ საკუთარი, გაკულტუ¬რებული ჩაის მეურნეობა 25 ჰა-ზე. მუდმივად დასაქმებული ჰყავს 6 ადამიანი, ხოლო სეზონზე — 74 მუშახელი. ძირითადად მუშაობენ ექსპორტზე. ჩაი გააქვთ ამერიკაში და ევროპის ქვეყნებში.

ობიექტი ჩართულია ჩაის გზის პროექტში. მათ ხშირად სტუმრობენ ტურისტებიც. ისინი ათვალიერებენ პლანტაციას, აგემოვნებენ და ყიდულობენ ჩაის.

12. გიორგი მაისურაძის ჩაის გადასამუშავებელი საწარმო შპს „მილმართი,“ მდებარეობს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში. პროდუქტის რეალიზაციას ახდენს როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე ვიზიტორებთან.

13. „აკეთის ჩაი“ მცირე საოჯახო ბიზნესია, რომელიც აწარმოებს მაღალი ხარისხის პროდუქტს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აკეთში.

საწარმოს მიერ წარმოებული ჩაი უკვე იყიდება თბილისსა და დიდ ქალაქებში. შესაბამისად, ობიექტის მიზანია ახლოდან გააცნოს მომხმარებლებს წარმოებული პროდუქცია.

სტუმრებს საშუალება აქვთ დაათვალიერონ პლანტაციები და მიიღონ მონაწილეობა ჩაის მოკრეფაში, დააგემოვნონ ნატურალური ჩაი და მიირთვან ადგილზე მომზადებული დესერტი.

14. ჩაი „გურიელი“, როგორც ქართული ბრენდი, 2010 წელს გამოჩნდა ქართულ ბაზარზე. აწარმოებს მაღალი ხარისხის ჩაის. პროდუქტს. აქვს გამორჩეული გემო და არომატი, აგრეთვე ექსკლუზიური დიზაინი და შეფუთვა.

15. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „გურია-კომპანი 2014“. კოოპერატივი შედგება 7 წევრისაგან. მათი აქტიური ჩართულობითა და ENPARD-ის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით მოხერხდა კოოპერატივის საკუთრებაში არსებული 5 ჰა. ჩაის პლანტაციის რეაბილიტაცია, შემოღობვა და ჩაის გადამამუშავებელი წარმოების გადაიარაღება თანამედროვე ტექნოლოგიებით. ამჟამად, კოოპერატივი აწარმოებს დაახლოებით 1,5 ტონა შავ ჩაის.

16. ჩაი „სამების“ მწარმოებელი ფაბრიკა მდებარეობს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფ. სამებაში. ჩაი ხელით იკრიფება, ნედლეული ისე მუშავდება, რომ შენარჩუნებული აქვს სასარგებლო თვისებები, სასიამოვნო გემო, არომატი და ვიტამინები.

17. გიორგი გოგიშვილის საწარმო „ჩაი № 101“, მდებარეობს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ასკანაში. ჩაის მეურნეობა გაშენებულია 8 ჰა-ზე. აწარმოებს ჩაის რამდენიმე სახეობას, მათ შორის, ბიოლოგიურად სუფთა დუყის ჩაის.

18. გიორგი ლომთათიძის გურული ჩაი „გამარჯობა“ შეიქმნა 2019 წელს გურიის მხარეში, ოზურგეთსა და ჩოხატაურში, სამი საწარმოს გაერთიანებით.

ჩაის პლანტაციებს პერიოდულად სტუმრობენ აგროტურიზმით დაინტერესებული ტურისტები ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან. ყოველწლიურად მასპინძლობენ დაახლოებით 70-მდე ადამიანს, რომლებიც იქ 6-7 დღის განმავლობაში რჩებიან. ვიზიტორები აკვირდებიან საწარმოო პროცესს და აგემოვნებენ თავიანთ დაკრეფილ ჩაის.

არსებული მონაცემების საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ გურიის რეგიონს აქვს პერსპექტივა ჩაის კულტურის განვითარებისა და „ჩაის ტურის" პოპულარიზაციისათვის. მიუხედავად ამისა, არის პრობლემებიც.

1. შემაფერხებელი ფაქტორები.

კვლევის დროს, მეჩაიეების გამოკითხვის გათვალისწინებით, გამოვლინდა შემდეგი შემაფერხებელი ფაქტორები:

  • Ø არ ტარდება ღონისძიებები მეჩაიეობის სარეაბილიტაციოდ;
    Ø არის ფინანსური რესურსების ნაკლებობა;
    Ø ამ მიმართულებით ნაკლებია სახელმწიფოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის დაინტერესება;
    Ø ნელი ტემპით ვითარდება ადგილობრივი წარმოება;
    Ø არასაკმარისია მეჩაიეობისა და აგროტურიზმის სექტორში დასაქმებული პირების ცოდნა და გამოცდილება.

გამოსავალი შეიძლება იყოს:

ჩაის მეურნეობის მოვლა-პატრონობისა და წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების თვალსაზრისით ცოდნის ამაღლება;
Ø ჩაის წარმოების განვითარება ისე, რომ დაბალხარისხიანი იმპორტირებული ჩაი ჩაანაცვლოს მაღალხარისხიანმა ადგილობრივმა ჩაიმ;
Ø გასაღების ბაზრების მოძიება;
Ø ორიენტირება როგორც შიდა ბაზარზე, ისე საზღვარგარეთისაზე ისე, რომ გათვალისწინებული იქნეს სხვადასხვა ტიპის მომხმარებელი;
Ø ჩაის ტურების ორგანიზება, რაც საწყის ეტაპზეა რეგიონში და საჭიროებს განვითარებას;
Ø სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობა-დაინტერესება;
Ø ჩაის კულტურის განვითარების პროგრამის შემუშავება;
Ø საექსპორტო ბაზრებისა და ინვესტიციების მოძიება.
ვფიქრობთ, აღნიშნული პრობლემების დასაძლევად მნიშვნელოვანია საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილების შესწავლაც და მისი მორგება ჩვენს რელობაზე.

2. საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილება და მისი გაზიარების შესაძლებლობები მეჩაიეობაში.

გამოცდილების გაზიარება შესაძლებელია ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა: ჩინეთი, ინდოეთი, თურქეთი, ინდონეზია და სხვა. განვიხილოთ თითოეული მათგანი ცალ-ცალკე:

ჩინური ჩაის პროდუქცია მაღალი ხარისხისაა. ის ჩინელების ყოველდღიური კვების პროდუქტია. გაშენებულია შედარებით მწირ ნიადაგებზე ჭადრაკული წესით, რომლის მოვლა-მოყვანის სამუშაოები, ძირითადად, ხელით სრულდება.

ინდოეთი ჩაის პროდუქციის ყველაზე დიდი მწარმოებელია მსოფლიოში. მის წილად მოდის დამზადებული ჩაის წარმოების 1/3. ჩაის მსოფლიო ბაზარი და მომხმარებელთა უზრუნველყოფა ძირითადად ინდოეთსა და შრილანკაზეა დამოკიდებული (ჯაბნიძე, 2019).

ინდონეზიაში ჩაის კულტურის განვითარება 1825 წლიდან დაიწყეს ძირითადად იავასა და სუმატრაზე. გასული საუკუნის 50-იან წლებში ქვეყანას მსოფლიოში ჩაის წარმოებით მესა¬ე ადგილი ეკავა. კულტურა გაშენებულია პლანტაციების სახით. მათი მთლიანი ფართობი 230 ათ¬ას ჰექტარს აღემატება. აქვთ ჩაის პირველადი გადამუშავების თანამედროვე ტიპის ფაბრიკები. წელიწადში აწარმოებენ 210 ათას ტონას.

ინდონეზია ცდილობს თავისი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისათვის გამოიყ¬ენოს ყველა რესურსი, გაზარდოს ჩაის წარმოების მოცულობა, ამიტომ პროდუქციის დიდი ნაწილი (77-80 %) საზღვარგარეთ გააქვს (ჯაბნიძე, 2019).

თურქული ჩაი ხასითდება კარგი გემოვნური თვისებებით. მათ შეიმუშავეს მეჩაიეობის განვით-რების სახელმწიფო პროგრამა, რომლის წყალობით ქვე¬ყანაში ბოლო 20-25 წლის განმავლობაში ჩაის პლანტაციების ფართობი და გადამამუშავებელი ფაბრიკების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა (ჯაბნიძე, 2019).

დასკვნა

ჩაის მწარმოებელი ქვეყნების გამოცდილება და საქართველოში „ჩაის გზის“ განვითარების პერსპექტივების ანალიზი გვიჩვენებს, რომ საქართველოში აუცილებელია შემუშავდეს და განხორციელდეს „მეჩაიეობის განვითარების სახელმწიფო პროგრამა", რომელშიც ჩართული იქნებიან ადგილობრივი ფერმერები. ჩაის წარმოების განვითარებას ხელს უწყობს, გურიის რეგიონის შემთხვევაში, სუბტროპიკული კლიმატი და ნიადაგური პირობები, რომელიც იძლევა ჩაის კულტურის წარმოების ფართო შესაძლებლობას, ამიტომ ფერმერებმა უნდა გააშენონ:

  • Ø მხოლოდ მაღალმოსავლიანი და მაღალხარისხოვანი ჩაის ჯიშები;
    Ø მეცნიერულ რეკომენდაციებზე დაყრდნობით განახორცილონ გაშენების, მოვლა-მოყვანისა და ექსპლოატაციის ტექნოლოგიური პროცესები;
    Ø მოკრეფილი ნედლეული გადაამუშაონ, კოოპერატიულ საწარმოთა სისტემაში არსებულ მცირე გადამამუშავებელ ქარხანებში.
    აღნიშნულის განხორციელება, ხელს შეუწყობს:
    Ø მოსახლეობისათვის ეკოლოგიურად სუფთა ჩაიზე დეფიციტის აღმოფხვრას;
    Ø აგროტურისტული ობიექტების მოწყობა-მოწესრიგებას;
    Ø ჩაის ტურების დაგეგმვა-ორგანიზებას;
    Ø აგრეთვე ადგილობრივი ბაზრისა და ვიზიტორების მოთხოვნილების დაკმაყოფილებას;
    Ø ფერმერების შემოსავლებისა და დასაქმების გაზრდას მომავალში;
    Ø ჩაის საექსპორტო პროდუქციის წარმოების განვითარებას.

გამოყენებული ლიტერატურა

1. ბითაძე შ. (2022). ჩაის წარმოების პერსპექტივა და გამოწვევები,  მოძიებულია 21.08.2022, https://bm.ge/ka/video/chais-warmoebis-perspeqtiva-da-gamowvevebi/30438

2.გურული ჩაი: ტრადიციისა და ბიზნესის აღორძინება, (2021). მოძიებულია 21.08.2022,  https://www.undp.org/ka/ georgia/stories/ გურული-ჩაი-ტრადიციისა-და- ბიზნესის-აღორძინება

3.გურიის რეგიონის განვითარების   2014—2021­­ წლების­ სტრატეგიის დამტკიცე­ბის თაობაზე  (2013).   https://matsne.gov.ge/ka/document/view/2024372?publication=0

4. მეჩაიეობის დარგის აღდგენისა და რეაბილიტაციის ღონისძიებათა შესახებ (1998), „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე",  მოძიებულია 21.08.2022, https://matsne.gov.ge/ka/document/view/111628?publication=0

5. „ტურისტული ლოკაციები“, მოძიებულია 21.08.2022, https://tea­route.org.ge/ტურისტული-ლოკაციები/

6. „ქართული ჩაის ძირითადი მომხმარებლები მონღოლეთი, აზერბაიჯანი და თურქეთია“, 2021, მოძიებულია 05.12.2022, https://businessformula.ge/News/5875

7.   ჩაი გურიელი - ისტორია, მოძიებულია 21.08.2022,  https://gurieli.ge/ge/about-us/history

8. ჩაკვეტაძე შ. (2018). სხვადასხვა სახის ჩაის პროდუქტების მიღება ტრადიციული და არატრადიციული ნედლეულის გამოყენებით, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი,  დისერტაცია. ქუთაისი.

9. ცეცხლაძე მ., სულაბერიძე ს. აგროტურიზმის განვითარების უცხოური გამოცდილება და მისი გამოყენების ზოგიერთი ასპექტი საქართველოში  ჟურნალი “ეკონომიკა და ბიზნესი” N 2. 2021. თსუ-ს გამომცემლობა. თბილისი. ISSN 1987-5789   ESSN 2587-5426 http://eb.tsu.ge/?cat=nomer&leng=ge&adgi=1136&title

10. ჯაბნიძე რ. ჩა­ის მწარ­მო­ებ­ე­ლი ძი­რი­თა­დი ქვეყ­ნე­ბი, (2019). მოძიებულია 27.08.2022 https://agronews.ge/cha-is-mtsar-mo-eb-e-li-dzi-ri-tha-di-qveqh-ne-bi/

11. Bedianashvili G., The Global Business Environment, European Integration and the Cultural Potential of Social-economic Development of Georgiahttps://scholar.google.hu/citations?view_op=view_citation&hl=

hu&user= ZW6h9sYAAAAJ&citation_for_view= ZW6h9sYAAAAJ: UeHWp8X0CEIC

12. Boniface B.,   Cooper Ch. Worldwide Destinations. The Geography of Travel and Tourism. IV Edition,  2005,  p.p.31-87;

13. Edgell D. L.,  Swanson Sr. J. T. , (2008).   Tourism Policy and Planning. Yesterday, today and tomorrow;

14. Petrović, N., Roblek, V., Khokhobaia M. and Gagnidze, I. (2021) "AR-Enabled Mobile Apps to Support Post COVID-19 Tourism," 2021 15th International Conference on Advanced Technologies, Systems and Services in Telecommunications (TELSIKS), 2021, pp. 253-256, doi:10.1109/TELSIKS52058.2021.9606335

15. Sulaberidze Salome, Tsetskhladze  Murman,  DEVELOPMENT OF AGRO-TOURISM IN GURIA REGION AND POTENTIAL FOR ITS USE  Journal:  „Globalization and Business“ N 11 2021. p  133-138. ISSN 2449 2396.  მოძიებულია  15.07.2022. https://www.eugb.ge/uploads/content/N11/Salome%20Sulaberidze.pdf

16. Чжуан Вань – Фан – Култура чая, Перевод изд. Иностранной литературой, Масква, 1959 г.

17. Джемухадзе К.М - культура и производство чая в Китайской народной республике..- М.: АН СССР. -1961г.

 


[1] იხილეთ ბმული: https://el.ge/articles/45150