English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 1 ∘ მალხაზ ჩიქობავა
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კრიტიკა

10.36172/EKONOMISTI.2023.XIX.01.MALKHAZ.CHIKOBAVA

რეზიუმე: სტატიაში გაანალიზებულია საქართველოს ეროვნული ბანკის ინფლაციის თარგეთირების პოლიტიკა, მისი გავლენა ფასების, ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსზე და ფინანსურ სტაბილიზაციაზე. ნაჩვენებია, რომ ინფლაციის თარგეთირების პოლიტიკაზე დაყრდნობით, გაუგებარია მონეტარულ ხელისუფალთა დარწმუნება იმაში, რომ მათ შეუძლიათ თავი გაართვან ინფლაციას და ეროვნული ვალუტის კურსის რყევებს საპროცენტო განაკვეთების მანიპულირებით.

ნაშრომში ასევე აღნიშნულია, რომ საპროცენტო განაკვეთების ზრდა ინფლაციის შესამცირებლად და ეროვნული ვალუტის გასამყარებლად საერთაშორისო სავალუტო ფონდის შაბლონური რეკომენდაციაა, რომელიც ემყარება საბაზრო წონასწორობის მათემატიკურ მოდელებს და არ შეესაბამება ეკონომიკურ რეალობას და აბსოლუტურად კონტრპროდუქტიულია იმპორტდამოკიდებული ქვეყნებისათვის.

ნაშრომში ხაზგასმულია, რომ ამჟამად მოქმედი ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები არ ითვალისწინებს ეროვნული ვალუტის მდგრადობის არც დაცვას და არც უზრუნველყოფას. სამწუხაროდ, მონეტარული ხელისუფლება დარწმუნებულია იმაში, რომ საპროცენტო განაკვეთების ზრდა აძლიერებს საბანკო ანაბრების მიმზიდველობას, რაც ზღუდავს მოთხოვნას და იწვევს ფასების შემცირებას, აგრეთვე ბოჭავს თავისუფალ ფულს და ამცირებს მათ მიწოდებას სავალუტო ბაზარზე, რითაც ხელს უწყობს ეროვნული ვალუტის გამყარებას. მაგრამ, ეს არგუმენტაცია არ ითვალისწინებს იმას, რომ საპროცენტო განაკვეთების ზრდა იწვევს მსესხებლების დანახარჯების ზრდას, რომლებიც მათ გადააქვთ პროდუქციის თვითღირებულებაში, რის შედეგადაც იზრდება ფასები და ეცემა ეროვნული ვალუტის მსყიდველობითუნარიანობა. მოთხოვნის შემცირებას შეუძლია ასევე გამოიწვიოს წარმოების ვარდნა და დანახარჯების ზრდა გამოშვების მასშტაბისგან უკუგების ეფექტის გავლენით; შედეგად, ფასები შეიძლება არც კი შემცირდეს, არამედ გაიზარდოს კიდეც.

საბოლოოდ, თუ ჩვენ გვსურს ბოლო მოვუღოთ ინფლაციას და, ამგვარად, უზრუნველვყოთ ვალუტის გაცვლითი კურსის და ფინანსური სისტემის სტაბილიზაცია, მაშინ უნდა გვესმოდეს, რომ, ინფლაციის პროვოცირებას სწორედ ინფლაციის თარგეთირების პოლიტიკა იწყობს ხელს. 

საკვანძო სიტყვები: ინფლაცია, თარგეთი, ვალუტის გაცვლითი კურსის სტაბილიზაცია, კაპიტალის ტრანსსასაზღვრო მოძრაობა, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, სტაგფლაცია, რეფინანსირების განაკვეთი.