English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 1 ∘ პაატა კოღუაშვილი დავით მამუკელაშვილი
ინკლუზიური სამეწარმეო განვითარების რეფორმის ძირითადი მიმართულებები საქართველოში

10.36172/EKONOMISTI.2023.XIX.01.PAATA.KOGUASHVILI.DAVIT.MANUKELASHVILI  

ანოტაცია: აუცილებელია ფუნდამენტურად განსხვავებული სახელმწიფო პოლიტიკის გატარება, რომელიც ორიენტირებული იქნება რეგიონების მოსახლეობის უმრავლესობის, ანუ მცირემიწიანი და დაბალშემოსავლიანი მეურნეების ინტერესების დაცვაზე, ქვეყნის განვითარებაში მათი პრიორიტული როლის აღიარებაზე და ისეთი მოდელების შექმნაზე, რომელიც გახსნის პიროვნების თავისუფალი განვითარების ყველა შესაძლებლობას. გამძაფრებულ სოციალურ პრობლემებთან პირდაპირ კავშირში მყოფი ეს პრობლემა ვერ მოაგვარა საქართველოს ვერც ერთმა ხელისუფლებამ, რაც მნიშვნელოვანწილად გახდა მათი ეკონომიკური პოლიტიკის დაბალეფექტიანობისა და, ზოგადად,  წარუმატებლობის მიზეზი.

საკვანძო სიტყვები: ინკლუზიური, ინტეგრაცია,  სათემო კოოპერაცია, აგროსაკრედიტო ბანკი, პარადიგმა, უთანასწორობა,   ინდიკატორი. 

შესავალი

 დღეს ქართული სოფელი, წლების განმავლობაში უდიერი დამოკიდებულების და არასწორი სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის გამო, უაღრესად დაკნინებულია. სოფლის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა იმყოფება უკიდურეს გაჭირვებაში და არ გააჩნია არათუ სამეწარმეო განვითარების შესაძლებლობა, არამედ გაჭირვებით ახერხებენ ყოველდღიურად თავის გატანას. ამ გარემოებას მნიშვნელოვანწილად განაპირობებს მცირემიწიანობის პრობლემა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში საქართველოს მთავრობამ გააკეთა დეკლარირება სოფლის მეურნეობის განვითარების პრიორიტეტულობის შესახებ, ეს მიდგომა არ აისახა მოსახლეობის მდგომარეობაზე. 2019 წელს საქართველოში მოიხნა  მხოლოდ 210 ათასი ჰექტარი სავარგული, მაშინ როდესაც 1999 წელს იხვნებოდა 600 ათასი, 1989 წელს კი 840 ათასი. რაც მთავარია, საშემოდგომო და საგაზაფხულო ნათესი ფართობები იმაზე მცირეა, ვიდრე თუნდაც 10-15 წლის წინ, როცა სოფლის მეურნეობა პრაქტიკულად არ ფინანსდებოდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან. 2018-2020  წლებში  აგრარული სექტორის ერთგვარი გამოცოცხლების შემდეგ, 2021 წელს კვლავ ვარდნა დაფიქსირდა, შრომის მწარმოებლურობა ამ დარგში ეროვნული მეურნეობის სხვა დარგებთან შედარებით ჯერადად დაბალია.  ამასთან, მიუხედავად მრავალმილიონიანი სახელმწიფო სახსრების აგრარულ სექტორში განთავსებისა, საქართველო კვლავ ძალიან სუსტია სასურსათო უსაფრთხოების თვალსაზრისით, ანუ კვების პროდუქტებზე ფასები პერმანენტულად იზრდება, საკვები პროდუქტების თითქმის 80% იმპორტირებულია და მხოლოდ ბოლო ხუთ წელიწადში (2017-2021 წწ.) სურსათის ექსპორტ-იმპორტში უარყოფითმა სალდომ 1639.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. ეს 1.7-ჯერ აღემატება იმავე პერიოდში საქართველოს სოფლის მეურნეობაში შექმნილი დამატებული ღირებულების საშუალო წლიურ მოცულობას (962.9 მლნ. აშშ დოლარი).  ასეთ პირობებში ამ რთული და არაერთგვაროვანი სისტემის კრიზისიდან გამოყვანა, შესაბამისი დაცვითი მექანიზმებისა და დახმარების გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია. უახლოეს პერიოდში, არსებული და მოსალოდნელი კიდევ უფრო ღრმა ეკონომიკური და სოციალური კრიზისიდან გამომდინარე, იქმნება იძულებითი მდგომარეობა, ვუპასუხოთ გამოწვევებს საკვები პროდუქტების დეფიციტთან და აგფლაციასთან დაკავშირებით, რაც უნდა გახდეს განვითარების სტრატეგიული გეგმის ნაწილი. 

ეკონომიკური პოლიტიკის რეტროსპექტივა.  გასული საუკუნის 80–90-იანი წლების ეკონომიკურმა პოლიტიკამ, რომელიც სახელმწიფო მონოპოლიზმის ატროფირებული ბიუროკრატიულ-მმართველობითი ჭაობის წიაღიდან გამოვიდა, პრაქტიკულად არაფერი იღონა სოციალური უთანასწორობის შესამცირებლად; უფრო მეტიც, სრულ იგნორირებას უკეთებდა მას და არც კი განიხილავდა, როგორც ქვეყნის განვითარების შემაფერხებელ მნიშვნელოვან ფაქტორს. არსებულმა რეალობამ  უკვე გაუკეთა ანალიზი და შეფასება თანამედროვე წარმოებით ურთიერთობაში არსებულ წინააღმდეგობებს. მან კაპიტალისა და მიწათმფლობელობის მზარდი კონცენტრაციის ტენდენციურობა და შრომის დანაწილებაში არსებული ფორმის დამრღვევი მოქმედება განსაზღვრა როგორც წვრილი მიწის მესაკუთრეების განადგურების, სიღატაკის, კრიზისების, მატერიალური დოვლათის განაწილებაში აღმაშფოთებელი უთანაბრობის, ზნე-ჩვეულებათა და ოჯახურ ურთიერთობათა რღვევის და გაძლიერებული მიგრაციის მთავარი ფაქტორი.

გლობალიზაცია ქმნის პირობებს იმისათვის, რომ პროცესები, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში მიმდინარეობდა განვითარებულ ქვეყნებში, სხვა, შედარებით ჩამორჩენილ სახელმწიფოებში უფრო სწრაფად წარიმართოს. პატარა სახელმწიფოებს, რომლებიც საკუთარ განვითარებას უკავშირებენ მსოფლიო დინამიზმის გლობალურ კანონზომიერებებს, დამოუკიდებლად უხდებათ დასაქმებისა და ეკონომიკური ზრდის პრობლემების დაძლევის პოლიტიკის შემუშავება. ქვეყანა ვალდებულია შეიმუშაოს ისეთი ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც მიმართული იქნება არა მარტო მსოფლიო ბაზარზე მისი კონკურენტუნარიანობის ზრდაზე, არამედ ქვეყანაში სოციალური პრობლემების გადაწყვეტაზეც. საქართველოში და მის მსგავს ქვეყნებში, დგას დასაქმებისა და ეკონომიკური ზრდის შეფარდებითი გამოცალკევების პრობლემები, რომელთა გადაწყვეტაც უშუალოდ ხელისუფლების ძალისხმევას უკავშირდება.

სახელმწიფო ხელისუფლება წარმოადგენს იმ რეალურ ძალას, რომელიც ეკონომიკურ კანონზომიერებებზე ახდენს გავლენას მაკროეკონომიკურ გარემოში და უქმნის საკუთარ ქვეყანას განვითარების სპეციფიკურ პირობებს – აჩქარებს წინსვლას ან აფერხებს მას.

ეკონომიკური განვითარება  პრინციპულად განსხვავებული და გაცილებით ფართო ცნებაა, ვიდრე ეკონომიკური ზრდა. ეკონომიკური ზრდის მოდელისგან განსხვავებით, ეკონომიკური განვითარების მოდელი პრაქტიკულად წარმოადგენსსოციალურად ორიენტირებულ ეკონომიკურმოდელს და განისაზღვრება არა მარტო მშპ-ის დონით მოსახლეობის ერთსულზეარამედ აჩვენებს თუ რა გავლენა აქვს ეკონომიკურ ზრდას უშუალოდ მოსახლეობის ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობაზე, როგორია ქვეყანაში მოსახლეობის ცხოვრების დონის ცვლილების დინამიკა.

არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის პირობებში ქვეყანას მოკლე ან საშუალოვადიან პერიოდში შეიძლება ჰქონდეს მშპ-ის შედარებით მაღალი დონე, მაგრამ მისი ზრდის ეფექტი აისახებოდეს მხოლოდ ოლიგარქებისა და პოლიტიკოსების საბანკო ანგარიშებზე. საქართველოში ეკონომიკის ინკლუზიურობის იდეა, თუ უმუშევრობისა და სიღარიბის, აგრეთვე შემოსავლების უთანაბრობის მაღალ დონეს გავითვალისწინებთ, ფაქტობრივად, სასურველობის ფორმატს არც გასცილებია.

გლობალური განვითარების საერთო ტენდენციებიდან გამომდინარე, აუცილებელი ხდება მსოფლიო ეკონომიკაში მიმდინარე კანონზომიერების დაკვირვება და მოქმედების სათანადო რეკომენდაციების შემუშავება. ამ მიზნით საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ შემოთავაზებულ იქნა „ანგარიშთა ერთიანი სისტემა“, რომლის მეშვეობით ყველა ქვეყანა ამუშავებს ეროვნულ სტატისტიკურ მაჩვენებლებს და აქვეყნებს მათ. ქვეყანათა რეიტინგს საფუძვლად დაედო „ადამიანის განვითარების“ ინდექსი, რომელიც წარმოადგენს მთლიან შიდა პროდუქტს მოსახლეობის ერთ სულზე, შეწონილს სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობასა და მოსახლეობის განათლების დონესთან. მართალია, იგი ვერ ცვლის მთლიან შიდა პროდუქტს, რომელიც რჩება, როგორც ეკონომიკური ზრდის მთავარი ინდიკატორი, მაგრამ ქმნის სრულ წარმოდგენას მოსახლეობის ინკლუზიური განვითარების აქტივობებზე. [1] საკითხი აქტუალურია არა მხოლოდ საქართველოსთვის, სადაც მოსახლეობის თითქმის 70% გაჭირვებაში ცხოვრობს და საიდანაც 30% სიღარიბის ზღვარს მიღმაა, არამედ მაღალგანვითარებული ქვეყნებისთვისაც. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ საქართველოში ღარიბები შიმშილობენ, ხოლო, მაგ.,  აშშ-ის ღარიბების საარსებო მინიმუმი თვეში 902,5 აშშ დოლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის ერთ სულზე მოხმარებული კალორიების რაოდენობით საქართველოს (2835 კკალ) ყველა მისი სახმელეთო მეზობელი საგრძნობლად უსწრებს: სომხეთი — 5.7%-ით, აზერბაიჯანი — 11.1%-ით, რუსეთი — 18.0%-ით და თურქეთი — 30.9%-ით. აღნიშნული ვითარება, საშემოსავლო, ქონებრივ და სამომხმარებლო დიფერენციაციის საარაკოდ მაღალ დონესთან კავშირში, სიღარიბისა და შიმშილის პრობლემას სოციალურ-ეკონომიკურზე არანაკლებად (თუ მეტად არა) პოლიტიკურ დატვირთვას სძენს.

გასული საუკუნის 60–90-იან წლებში ეკონომიკური პოლიტიკა ახლოს იდგა „ვაშინგტონის კონსენსუსის“ სახელით ცნობილ პარადიგმასთან, რაც გულისხმობს მაკროეკონომიკურ სტაბილიზაციას და მასშტაბური ინფარასტრუქტურული პროექტების განხორციელებით კერძო ინვესტიციების გააქტიურებას, რასაც შედეგად მოჰყვებოდა ეკონომიკური ზრდა და, თავის მხრივ, საბოლოოდ მიგვიყვანდა უთანასწორობის პრობლემის დაძლევამდეც. პრაქტიკამ აჩვენა, რომ ეკონომიკური ზრდის პარალელურად სიღარიბე და უთანასწორობა არ მცირდებოდა, ხოლო ასეთი ვითარება ხელს უშლიდა გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდას. 90-იან წლებში „ვაშინგტონის კონსენსუსის“ ლოგიკამ, მისი შედეგებიდან გამომდინარე, დომინანტის ფუნქცია დაკარგა და თანდათან გამოეთიშა მსოფლიო ბანკის ეკონომიკურ პოლიტიკას, სადაც დღეს აშკარად დომინირებს „ინკლუზიური ზრდის“ პარადიგმა. პროგრესული ეკონომიკური აზროვნება საბოლოოდ მივიდა იმ საყოველთაო აღიარებამდე, რომ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, რეალურად ადამიანების პრაქტიკული განვითარების პროცესია, რომელშიც გადამწყვეტი როლი ადამიანის პრაქტიკულ საქმიანობას და სოციალურ ურთიერთობებს ენიჭება,  რაც საბოლოო ჯამში, შესაბამისი იდეოლოგიური საფუძვლების ფორმირებით გამოისახება. მსოფლიო ბანკის შეფასებით, ეკონომიკური ზრდა უდავოდ აუცილებელია სიღარიბის შესამცირებლად, მაგრამ იმისათვის რომ ზრდა იყოს მდგრადი, მან უნდა უზრუნველყოს სამუშაო ძალის ფართო ჩართულობა ზრდის პროცესში და უთანასწორობის შემცირება.

საბოლოოდ დადასტურდა, რომ სოციალური უთანასწორობა საფრთხეს უქმნის ეკონომიკური ზრდის პროცესს, რამაც განაპირობა ინკლუზიური ზრდის პარადიგმის გააქტიურება. ინკლუზიური ზრდა მიზანშეწონილად მიიჩნევს ისეთ სოციალურ პოლიტიკას, რომლიც ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდაში წარმოების ფაქტორთა ფართო ჩართულობას და ემიჯნება ე.წ. „კალდორ-ჰიკსის“ ლოგიკას, რომლის მიხედვით მთავარია ეკონომიკური ზრდა და შემდეგ ზრდის რედისტრიბუცია სოციალური უზრუნველყოფის გზით. ინკლუზიური ზრდა უზრუნველყოფს გადასანაწილებელი ხარჯების შემცირებას და ბიუჯეტის მდგრადობას სოციალური ხარჯების შემცირებით, ხოლო სოციალურ უზრუნველყოფაზე ორიენტირებული ბიუჯეტი კი ეფუძნება სიღარიბის დაძლევის პოლიტიკას გადანაწილების გზით და არა პროდუქტიული დასაქმების ხელშეწყობით, რაც ვერანაირად ვერ გახდება ინკლუზიური ზრდის მეინსტრიმი. ინკლუზიური ზრდის შეფასება მოითხოვს კომპლექსურ ინდიკატორთა კრებულს და მსოფლიო ბანკის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგია (წარდგენილი იყო დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე 2015 წელს) შეიძლება მიჩნეული იქნეს ერთ-ერთ საუკეთესოდ ამ კუთხით. ინკლუზიური ზრდის მიზანი პროდუქტიული დასაქმების ხელშეწყობა და ამის ხარჯზე ეკონომიკური ზრდის მიღწევაა [1].

აგრარული სექტორი. სოფლის მეურნეობის განვითარების დაბალი დონე მნიშვნელოვანწილად გახდა ქვეყანაში სიღარიბის განმაპირობებელი და მაღალი სოციალური პოლარიზაციის საფუძველი, რაც, უპირველეს ყოვლისა, აისახება ჯინის (სოციალური უთანასწორობის) ინდექსში (0.40), რომელიც პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდანაც კი ყველაზე მაღალია რუსეთის შემდეგ. ღარიბი მოსახლეობა და შესაბამისად ღარიბი ქვეყნები ღარიბებად რჩებიან, რასაც ძირითადად განაპირობებს ის გარემოება, რომ მცირე მეურნეების (რომლებიც დღეს საქართველოს სოფლის მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას წარმოადგენენ) დაბალი შემოსავლების პირობებში რესურსების დაზოგვა აღწარმოებისთვის პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან მთელი შემოსავალი გამოიყენება სამომხმარებლო მიზნით [2]. საქართველოში სოფლად ერთი შინამეურნეობის საშუალო თვიურმა ფულადმა შემოსავლებმა 2021 წელს მხოლოდ 1058.7 ლარი შეადგინა, რაც ამჟამინდელი სამომხმარებლო ფასების დონისა და კვების რაციონის გათვალისწინებით, შინამეურნეობის წევრთა რეალური საარსებო მინიმუმის მხოლოდ ნახევარს ფარავს. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნიადაგის დამუშავება (ხვნა, დაფრეზვა, დაფარცხვა, დათესვა...) ჰექტარზე უკვე 1200 ლარზე მეტი ჯდება. იმის გათვალისწინებით, რომ სოფლად ერთ შინამეურნეობაზე მოდის დაახლოებით 1.5 ჰა მიწის ნაკვეთი (მ.შ. შიდა  ქართლში - 1.75 ჰა, ქვემო ქართლში - 1.81 ჰა, სამცხე-ჯავახეთში - 2.21 ჰა, კახეთში - 3.55 ჰა...), გამოდის, რომ მხოლოდ ნიადაგის დამუშავებაზე შინამეურნეობას სჭირდება საკუთარი წლიური ფულადი სახსრების დაახლოებით 1/6. ბუნებრივია, როდესაც შინამეურნეობის მიმდინარე, პირველი რიგის საარსებო მოთხოვნილებები სრულად ვერ კმაყოფილდება, სახსრების დაზოგვაზე საუბარი ვერ იქნება. შესაბამისად, თუ დაზოგვა არ ხდება, მაშინ ინვესტირების რესურსებიც არ არსებობს. როდესაც  აგრარულ მწარმოებელს (გლეხს, შინამეურნეს, ფერმერს...) არა აქვს ისეთი შემოსავალი, რომელიც უზრუნველყოფს ოჯახის საცხოვრისი პირობების კვლავწარმოებას, მიმდინარე მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას და ბუნებრივია, არ რჩება სახსრები ინვესტირებთვის, ასეთი მწარმოებელი რჩება აგრარული სექტორის განვითარების პოტენციალს მიღმა და ფაქტობრივად „დაკარგულია“ ქვეყნის ეკონომიკისთვის.

გარდა ამისა, სუსტია ეკონომიკის მონეტიზაცია, რაც ბაზრის დავიწროების კიდევ ერთ მიზეზს წარმოადგენს. საქართველოში სიღარიბის გამო არ იქმნება კაპიტალი, რომელიც საკმარისი იქნება საინვესტიციო საქმიანობისათვის, მოსახლეობის არსებული შემოსავლები კი, როგორც უკვე აღინიშნა ზემოთ,  თავისი ოდენობით ვერ ქმნის საინვესტიციო კლიმატს. შედეგად, სიღარიბე ექცევა ჯადოსნურ წრეში, ხოლო სახელმწიფო ექცევა რუტინულ ტყვეობაში და მოკლებულია შესაძლებლობებს, დაძლიოს შექმნილი ვითარება [2].

ამ პრობლემის მოგვარება, რაც პიდაპირ კავშირშია გამძაფრებული სოციალური პრობლემების მოგვარებასთან, ვერ შეძლო საქართველოს ვერც ერთმა ხელისუფლებამ, რაც მნიშვნელოვანწილად გახდა მათი ეკონომიკური პოლიტიკის დაბალეფექტიანობის და, ზოგადად, წარუმატებლობის მიზეზი.

საქართველოსათვის არსებულ ისტორიულ პერიოდში  უაღრესად მნიშვნელოვანია საწარმოო ურთიერთობათა ფორმის სწორი არჩევანი და მასზე დამყარებული პროგრესული სოციალურ-ეკონომიკური სისტემური ცვლილებები (რეფორმები), რომელიც ეკონომიკური პოლიტიკის ფუნდამენტურად განსხვავებულ მიდგომებზეა დაფუძნებული და გამოიწვევს მოსახლეობის შემოსავლების და ეროვნული პროდუქციის მოცულობის ინტენსიურ ზრდას, მასობრივ დასაქმებას და უზრუნველყოფს სამეწარმეო განვითარების გრძელვადიან პერიოდზე ორიენტირებული გარემოს ფორმირებას. ამ მხრივ აღმძრავ ღვედად სოფლის აღორძინება-განვითარება, შესაბამისი ინფრასტრუქტურის ფორმირება, იქ მოსახლეობის ცხოვრებისა და საქმიანობის პირობების არსებითი გაუმჯობესება (ურბანულის დონესთან გამოთანაბრება და/ან მაქსიმალური მიახლოება) უნდა იქცეს.  დღეისათვის სოფლად, სადაც საქართველოს მოსახლეობის 40.3% ცხოვრობს, სიღარიბის დონე 1.6-2.2-ჯერ უფრო მაღალია ქალაქთან შედარებით.[1] ეს არ ეხება მხოლოდ აგრარული საქმიანობით დაკავებულ პირებს – უშუალოდ სოფლის მეურნეობაში დასაქმებულია სოფლად დასაქმებულთა ნახევარზე ნაკლები – 247.3 ათასი პირი 508.2 ათასიდან (48.7%), დანარჩენი სოფლად არსებული საწარმოო-სამეურნეო, სოციალური ინფრასტრუქტურისა და ადმინისტრაციული ერთე­ულების თანამშრომლები არიან.

შექმნილი სიტუაციის დაძლევა  მოითხოვს ინკლუზიური სოციალურ-ეკონომიკური განვითარების თვისებრივად ახალ პოლიტიკას, რისთვისაც არსებულ პირობებში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ცალსახად განისაზღვროს - რომელი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა არის უფრო ახლოს აგრარულ სექტორში სახელმწიფოს სოციალურ და ეკონომიკურ მისიასთან და, შესაბამისად, რომელ მათგანს უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი სახელმწიფო მხარდაჭერის თვალსაზრისით.

 კოოპერაციის საერთაშორისო გამოცდილება

სოფლის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მცირემიწიანობისა და დაბალშემოსავლიანობის პირობებში,  ინკლუზიური სამეწარმეო გააქტიურების, მასობრივი დასაქმების, წარმოების ინტენსიური ზრდის, სიღარიბის დაძლევის, მიგრაციის შეჩერებისა და ადგილებზე გრძელვადიანი ეკონომიკური და სოციალური განვითარების პერსპექტივის შექმნის რთული პროცესის განხორციელებაში, კოოპერაციის ინსტიტუტის კულტივირებას და განვითარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, რასაც ეკონომიკურ თვითმმართველობასთან ერთად, წარმოების მზარდი კონცენტრაციის ობიექტური აუცილებლობა განაპირობებს. თანამედროვე პირობებში მხოლოდ მასშტაბური წარმოებით არის შესაძლებელი კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოება და მისი რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლების გარკვეული ნაწილის აკუმულირება აღწარმოების მიზნით, რის გარეშე სამეურნეო სისტემის განვითარება და თანმდევი ეფექტების მიღწევა შეუძლებელია. ამ მოდელის უპირატესობა  მხარდაჭერის ძირითადი მიმართულებების  კომპლექსურ ხასიათშია, რაც იძლევა საწარმოთა ფუნქციონირების ოპტიმალურთან მიახლოების ყველაზე კარგ შესაძლებლობას. აგრარულ მეურნეობათა კოოპერირება ობიექტური ეკონომიკური პროცესია, რასაც განაპირობებს საწარმოო ძალთა და წარმოებითი ურთიერთობების განუწყვეტელი სრულყოფის პროცესი და მოითხოვს მიწაზე ოპტიმალური სიდიდის შესაბამისი ორგანიზაციული ფორმის მეურნეობრიობის ტიპს.

ქმედითი სახელმწიფო პოლიტიკის გატარებისთვის ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს შემდეგი საკითხების კატეგორიულად განსაზღვრას: არსებულ ეტაპზე სოფლის მოსახლეობის მძიმე ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა წარმოადგენს განსაკუთრებული აქტუალობის პრობლემას, მთავარ გამოწვევას და სახელმწიფო პოლიტიკა უპირატესად უნდა  ეყრდნობოდეს სწორედ ამ მოცემულობას. დემოკრატიულმა ხელისუფლებამ უნდა შექმნას ორგანიზაციული და სამართლებრივი პირობები ისეთი სოციალურ-ეკონომიკური სისტემისთვის, რომელიც ჩაანაცვლებს არსებულ მახინჯ სამეწარმეო გარემოს. აუცილებელია, განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნების მსგავსად, ცალსახად განისაზღვროს მთავარი: სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის პროცესი წარმოადგენს მასშტაბურ ღონისძიებათა ერთობლიობას, რომელიც პირველად ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში გამიზნულია უშუალოდ სოფლის მოსახლეობის და, საბოლოო ანგარიშით, მთელი საზოგადოების სასიკეთოდ. ხაზს ვუსვამთ: სოფლის მოსახლეობის და არა მხოლოდ სოფლის მეურნეობაში დასაქმებული პირებისა და მათი ოჯახის წევრების საკეთილდღეოდ!

საჭიროა სიღრმისეული ანალიზი, თუ საიდან იღებს სათავეს წარმატებული ეკონომიკის მქონე ქვეყნების დემოკრატიული პრინციპები და რა არის მისი საფუძველი. ნიშანდობლივია, რომ ამ ქვეყნებმა მწვავე კრიზისების დაძლევის და სწრაფი ეკონომიკური ზრდის პრიორიტეტულ მიმართულებად სწორედ კოოპერაციული სისტემის განვითარება მიიჩნიეს. თუ თვალს გადავავლებთ სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილებას ამ კუთხით, დავინახავთ, რომ საერთო ჯამში ეკონომიკის ორგანიზაციული სტრუქტურა, საწარმოო და საკრედიტო-საფინანსო ურთიერთობები, ისევე როგორც დემოკრატიული ინსტიტუტები, იცვლებოდნენ განვითარების ეტაპების მიხედვით, რაც ძირითადად უკავშირდებოდა სახელმწიფოს როლის გაძლიერებას კოოპერაციული ინსტიტუტების დამკვიდრებაში.

ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებში აგროსამრეწველო ინტეგრაციისა  და კოოპერაციის  გამოცდილება იძლევა საკმარის მასალას სისტემური ანალიზის საფუძველზე მათი სამეცნიერო და პრაქტიკული განზოგადებისათვის. მაგალითად, ესპანეთის რეფორმების წარმატების მთავარი მიზეზია სოფლის მეურნეობაში კოოპერატივების განვითარება, რომლის მთავარ სამართლებრივ საფუძველს   წარმო­ადგენს ესპანეთის კონსტიტუციის (1978წ.) 129.2 მუხლი: „სახელმწიფო ორგანოებმა ეფექტურად უნდა დასახონ წარმოებაში მონაწილეობის სხვადასხვა ფორმები და ხელი შეუწყონ  კოოპერატივების ჩამოყალიბებას არსებული კანონმდებლობის საფუძ­ველზე“ [4]. დღეს ესპანეთის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში გაწევრიანებულია 1 მლნ-მდე ფერმერი; ქვეყნის მთლიანი საქონელბრუნვის 47% და აგროსასურსათო პროდუქციის წარმოების 60% ხორციელდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მიერ. ღვინის, ხილ-ბოსტნეულისა და ზეთისხილის წარმოებაში ესპანეთი პირველ ადგილზეა ევროპაში [5].

იტალიის, ისევე როგორც ესპანეთის, კოოპერაციული სისტემის სამართლებრივ საფუძველს, უპირველეს ყოვლისა,  წარმოადგენს იტალიის რესპუბლიკის 1947 წელს მიღებული კონსტიტუციის 45-ე მუხლი, რომელშიც ნათქვამია: „რესპუბლიკა აღიარებს კოოპერაციის სოციალურ ფუნქციას, რომელიც ეფუძნება ურთიერთდახმარებას და არ ისახავს მიზნად სპეკულაციურ მიზნებს“. უფრო დაწვრილებით კოოპერაციის მიზნები ჩამოყალიბებულია იტალიის სამოქალაქო კოდექსში, სადაც მითითებულია:  „კოოპერაციის მიზანს წარმოადგენს მისი წევრებისათვის უკეთესი მომსახურებისა და სამუშაო პირობების შექმნა, ვიდრე ეს შეუძლია თავისუფალ ბაზარს“ [6].

საფრანგეთში 24 ათასი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი უზრუნველყოფს 1 მილიონ სამუშაო ადგილს და  მათი წლიური საერთო ფინანსური ბრუნვა აღემატება 300 მილიარდ ევროს. ბელგიაში კოოპერატივების სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წილი ბაზარზე საკმაოდ მაღალია: რძე - 50%, ხილი და ბოსტნეული - 70-90%, ხორცი - 20-30%.უაღრესად მწირი ბუნებრივი რესურსების მქონე ისრაელმა, სწორედ კოოპერაციული სისტემით შეძლო შეექმნა ცოდნის ეკონომიკასა და ინოვაციურ ტექნოლოგიებზე დამყარებული სასოფლო-სამეურნეო წარმოების სისტემა. სწორედ კოოპერაციული სისტემით მიაღწია ჰოლანდიამ, გამხდარიყო მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერი რძის პროდუქტების ექსპორტით. საქართველოზე გაცილებით მწირი რესურსების მქონე სომხეთმა, კოოპერაციული აგროსაკრედიტო სისტემის შექმნით მოახერხა ის, რომ ჩვენზე მაღალი აქვს თვითუზრუნველყოფის მაჩვენებლები (განსაკუთრებით ხორბლის წარმოებაში) და  სოფლის მეურნეობის პროდუქციას  (ხილს, ბოსტნეულს და ყურძენსაც კი) საქართველოს ბაზრებზეც ყიდის. იაპონიაში კოოპერაციულმა სისტემამ გამოავლინა განსაკუთრებული სიცოცხლისუნარიანობა. 1947 წელს სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის შესახებ კანონის მიღების შედეგად და იაპონიის იმპერატორის განკარგულებით, სოფლის მთელი მოსახლეობა ავტომატურად ჩაერთო კოოპერაციულ სისტემაში, რომლის მეშვეობითაც მთავრობამ შეძლო ახალი აგრარული პოლიტიკის გატარება. მიმდინარე პერიოდში იაპონელი ფერმერების 91% გაწევრიანებულია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში [7].

ზოგჯერ გამოითქმის მოსაზრება (ძირითადად კოოპერაციული სისტემის არასაკმარისად მცოდნე პირებს მიერ), რომ საქართველოს მოსახლეობა ჯერ არ არის მზად სოფლად კოოპერაციის მასშტაბური პროექტების განხორციელებისთვის და აპელირებენ ევროპის ქვეყნებში სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის განვითარების ხანგრძლივ პერიოდზე, სადაც განვითარების არსებული დონის მიღწევას 200 წელიწადზე მეტი დასჭირდა. ეს არის ყოვლად გაუმართლებელი, მცდარი პოზიცია! ევროპის ქვეყნებში მე-19 საუკუნეში დაწყებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის პროცესი ვითარდებოდა სტიქიურად, ყოველგვარი სტრატეგიის, საკანონმდებლო-ნორმატიული ბაზის არსებობისა და ხელისუფლების მხარდაჭერის გარეშე. დღეს შესაძლებელია სხვა ქვეყნების არაერთი მაგალითის მოყვანა, სადაც მთავრობები აცნობიერებდნენ ამ პროცესის განსაკუთრებულ გავლენას მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ გაძლიერებასა და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე და სწორედ ევროპის ქვეყნების მრავალწლიანი, ევოლუციური განვითარების გამოცდილებაზე დაყრდნობით, იღებდნენ სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის ინტენსიური განვითარების მასშტაბური ცენტრალიზებული  მხარდაჭერის გადაწყვეტილებებს.

კოოპერაციის უპირატესობა და მისი სინერგიის ეფექტი საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან არა უბრალოდ მოწონებას, არამედ სოლიდურ სამართლებრივ, ორგანიზაციულ და მატერიალურ მხარდაჭერას, განსაკუთრებით საბაზრო პირობებისადმი  ნაკლებად ადაპტირებულ (მენტალურად, ორგანიზაციულად და მატერიალურ-ტექნიკური ბაზით) ისეთი სოფლის მეურნეობისადმი, როგორიც საქართველოშია და ის, როგორც ღონისძიებათა ლოგიკურად შემკვრელი რგოლი, საჭიროებს კოოპერირებით მაქსიმალურად მოიცვას სასოფლო-სამეურნეო წარმოება  და თვისებრივად ახალ დონეზე აიყვანოს კოოპერაციის პროცესი.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის შიდასაწარმოო ურთიერთობების წესები წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის, როგორც ორგანიზაციული ფორმის იდენტობის განმსაზღვრელ მთავარ კომპონენტს, რადგან სწორედ ამ წესების დანერგვით იქმნება ეკონომიკური გარემო, სადაც სოფლად სამეწარმეო საქმიანობის განმსაზღვრელ ფაქტორს წარმოადგენს არა საპაიო ფონდში შეტანილი მატერიალური სახსრებით დივიდენდების მიღების პერსპექტივა, არამედ სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში უშუალოდ ჩართული მოსახლეობის შრომითი რესურსების უკუგების მაღალი ხარისხი. არაერთი განვითარებული ქვეყნის გამოცდილება ადასტურებს, რომ კოოპერატივები უზრუნველყოფენ სოციალური უთანასწორობის შემცირებას, სტაბილური საწარმოო ფაქტორების დამკვიდრებას, დაცულ აგროეკოლოგიურ და ინოვაციურ ტექნოლოგიებს [8].

კოოპერაციული სექტორის განვითარების კოორდინირების როგორც ქართული, ასევე სხვა ქვეყნების გამოცდილებიდან გამომდინარე, შესაძლებელია ცალსახად განისაზღვროს მთავარი: დასმული ამოცანის გადაწყვეტა არ შეიძლება ემპირიულად, პრობლემათა თეორიული და მეთოდოლოგიური ასპექტების გათვალისწინებისა და სათანადო საფუძვლების მომზადების გარეშე, რაც დაკავშირებულია განვითარების ორგანიზაციულ-ეკონომიკური და ფინანსური მექანიზმების კონცეპტუალური საფუძვლების შექმნასთან, საფინანსო გარემოს არსებით ცვლილებებთან, მოსახლეობის შრომითი და მატერიალური რესურსების კაპიტალიზაციასთან და სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ეკონომიკური ინტერესების დაბალანსებასთან.

აგროსამრეწველო (ვერტიკალური) ინტეგრაცია   

სიღრმისეულ გააზრებას და ახლებურ ხედვას საჭიროებს გადამამუშავებელი მრეწველობის, როგორც დამატებული ღირებულების  ძირითადი  შემქმნელის მნიშვნელობა, რადგან არსებითია, თუ ვისი შემოსავლების ზრდას ემსახურება პროდუქციის გადამუშავების შედეგად მიღებული დამატებული ღირებულება და რა შედეგი მოაქვს ამ საკითხის მიმართ გაუაზრებელ პოლიტიკას ან საერთოდ პოლიტიკის არარსებობას. საკითხის დაყენება იმ ჭრილში, თითქოს სოფლად სამუშაო ადგილების შექმნა არის ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტი, არის თავის მოტყუება და არ შეესაბამება ქვეყნისა და მოსახლეობის წინაშე არსებულ რეალურ გამოწვევებს, რადგან უკეთეს შემთხვევაშიც კი, სამუშაო ადგილების შექმნას საყოფაცხოვრებო მომსახურების, კულტურის, ჯანდაცვისა და სხვა სფეროებში, თუნდაც გადამამუშავებელ საწარმოებშიც კი, სადაც საშუალოდ დასაქმებულია 10 – 12 პირი, არ ექნება მასიური ხასიათი და იგი ვერანაირად ვერ იმოქმედებს სოფლის მოსახლეობის ძირითადი ნაწილის შემოსავლების ზრდაზე, მით უმეტეს მათ სამეწარმეო განვითარებაზე. გადამამუშავებელი წარმოების სფეროში, ეს პოლიტიკა მიმართული იქნება მდიდარი მოსახლეობის (ხშირ შემთხვევაში სოფლად არმცხოვრები პირების) ფინანსურ გაძლიერებაზე, მათ ექსტენსიურ განვითარებაზე, პირველადი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მწარმოებელი მოსახლეობის ეკონომიკური ინტერესების დისკრიმინაციის ხარჯზე.

სოფლად ეკონომიკური და სოციალური განვითარების პრიორიტეტი უნდა გახდეს მოსახლეობის ინკლუზიური სამეწარმეო განვითარება, რაც დაკავშირებულია მათი შრომითი და მატერიალური რესურსების კაპიტალიზაციასთან და ეს უნდა მოხდეს ისეთი პროექტების მხარდაჭერით, სადაც ჩართული იქნება მოსახლეობის უმეტესი ნაწილი. ამის  რეალური შესაძლებლობა მცირემიწიანი მოსახლეობისთვის დასაშვებია მხოლოდ კოოპერაციულ საწყისებზე ინტეგრირებული აგროსამრეწველო სისტემის მხარდაჭერით. ისტორიული განვითარების არსებულ ეტაპზე, სოფლის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების მთავარი პრიორიტეტი ორი კომპონენტისაგან შედგება:

ა) აგრარულ სფეროში უშუალოდ ჩართული მოსახლეობის სამეწარმეო განვითარების მხარდაჭერა  და არა მოსახლეობის მცირე კონტიგენტის მხარდაჭერით დაბალანაზ­ღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნა;

ბ) სამეწარმეო და სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარება სოფლად. ეს პრიორიტეტული პრინციპი ვრცელდება სოფლის მაცხოვრებლებზე ზოგადად და არა მხოლოდ სოფლის მეურნეობაში დასაქმებულებზე.

ამასთან, არსებითი განსხვავებაა სოფლად და ქალაქად არსებულ სამეწარმეო ინდუსტრიებს შორის, რადგან ქალაქის ინდუსტრია მოკლებულია იმ უაღრესად აქტუალურ და პოზიტიურ შესაძლებლობებს, რაც დამახასიათებელია სოფლად არსებული ინდუსტრიის, ძირითადად გადამამუშავებელი საწარმოებისათვის, რომელთაც შეუძლია პირდაპირი და უაღრესად დიდი ზეგავლენა მოახდინონ ამ საწარმოებთან დაკავშირებული ასობით და ათასობით მცირე მეურნის სამეწარმეო განვითარებაზე, მათი შემოსავლების მნიშვნელოვან ზრდაზე და ადგილზე სოციალური და ეკონომიკური განვითარების რეალური პერსპექტივის შექმნაზე.

დღეს სოფლის მოსახლეობა ფორმალურად თავისუფალია საკუთარ სამეურნეო საქმიანობაში, მაგრამ აქ იკვეთება მთავარი შეკითხვა — რამდენად შეიძლება ამ საქმიანობას ეწოდოს „სამეწარმეო“ და მით უმეტეს „თავისუფალი“, როდესაც ალტერნატივის არარსებობის გამო მოსახლეობა იძულებულია თავისი პროდუქცია ჩააბაროს შპს-ს ტიპის გადამამუშავებელ საწარმოს, რომელიც მას კარნახობს ჩაბარების დისკრიმინაციულ ფასებს და პირობებს. სხვაობა კი პირველადი ნედლეულის ჩაბარების ფასსა და მისი გადამუშავებით მიღებულ მზა პროდუქციის ფასს შორის საარაკოდ მაღალია (ზოგჯერ, 10-15-ჯერ და უფრო მეტიც), ანუ ფასწარმოქმნის არსებული მექანიზმისა და „ფასების მაკრატლის“ გამო საბოლოო საცალო ფასებში პირველადი ნედლეულისა და შესაბამისად, მათი მწარმოებელი გლეხების (ფერმერების) წილი განვითარებული საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნებთან შედარებით 2-4-ჯერ და მეტად დაბალია. ბოლო, თითქმის 30 წლის განმავლობაში, სოფლის მოსახლეობის მიერ წარმოებული პირველადი სოფლის მეურნეობის პროდუქტების შესყიდვა უმეტეს შემთხვევაში წარმოებს შპს-ის ტიპის გადამამუშავებელი საწარმოებისა და საშუამავლო ორგანიზაციების კარტელური შეთანხმებებით დადგენილი ფასებით, რომელიც ხშირ შემთხვევაში ვერ ანაზღაურებს  ამ პროდუქციის წარმოებაზე გაწეულ დანახარჯებსაც კი. ცხადია, ასეთი მიდგომა საფუძველშივე ეწინააღმდეგება სოფლის მოსახლეობის ინტერესებს და მათთვის მხოლოდ უკუშედეგის მომტანია, რადგან ეკონომიკური პროცესი მიმართულია არა აგრომწარმოებლების, არამედ შპს-ის ტიპის გადამამუშავებელ საწარმოთა მეპატრონეებისა და შუამავლების ინტერესების დაკმაყოფილებაზე, აგრომწარმოებლების ინტერესების ხარჯზე. მოსახლეობისთვის დაწესებულია პროდუქციის შესასყიდი ფასების დისკრიმინაციული ჭერი, რომლის შეცვლაც პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან ეს შეცვლა ბევრად აღემატება მცირემიწიანი და დაბალშემოსავლიანი მოსახლეობის შეზღუდულ შესაძლებლობებს. შესაბამისად, მათ ოფიციალურად გააჩნიათ პროდუქციის თავისუფალი რეალიზაციის უფლება, მაგრამ ეს უფლება პრაქტიკულად ბოლომდე შეზღუდულია წარმოების შემდგომ ეკონომიკურ საფეხურზე ჩამოყალიბებული მონოპოლიებისა და კარტელური შეთანხმებების გამო. განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ ასეთი სამეწარმეო ურთიერთობები მეტისმეტად ვიწროა, რათა დაიტიოს მთელ მოსახლეობაში არსებული შრომითი, მატერიალური და ინტელექტუალური პოტენციალი.

ქვეყნის აგრარული მეურნეობის განვითარების თანამედროვე მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე, თეორიულად დასაბუთებულია, რომ გადამამუშავებელი მრეწველობა, როგორც ერთიან საწარმოო ციკლში დამატებული ღირებულების შექმნის ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლი, სწორედ სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის ფარგლებში იძენს განსაკუთრებულ მნიშვნელობას, რადგან სწორედ ამ სისტემაში შეიძლება მან შეიძინოს მოსახლეობის მომსახურების ფუნქცია. ვერტიკალურად ინტეგრირებულ კოოპერაციულ საწარმოში პირველადი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების მწარმოებლები მოახდენენ საკუთარი პროდუქციის გადამუშავების, დაფასოების, შენახვის და რეალიზაციის ერთიანი საწარმოო ციკლის ორგანიზებას და დამატებული ღირებულების გენერირებას, რომელიც ყოველ სამეურნეო საფეხურზე იზრდება და ისინი მიიღებენ მნიშვნელოვნად გაზრდილ შემოსავლებს საბოლოო პროდუქციის რეალიზაციიდან. განხორციელდება ორმაგი პოზიტიური ეფექტი:

ა. სინერგიის ეფექტის მატარებელი კოოპერაციული პროცესი უზრუნველყოფს მისი წევრების შემოსავლების მასშტაბურ ზრდას არამწარმოებლური და დუბლირებული ხარჯების შემცირებით;

ბ. კოოპერაცია მნიშვნელოვნად ამცირებს იმ საფასო დისკრიმინაციას, რასაც ამჟამად განიცდიან ინდივიდუალური საქონელმწარმოებლები შპს-ის ტიპის გადამამუშავებელ საწარმოებთან და შუამავლებთან ურთიერთობისას. შესაბამისად, მივიღებთ უმნიშვნელოვანეს სოციალურ-ეკონომიკურ შედეგებს: სოფლის მოსახლეობის მასობრივი დასაქმებას (ამჟამად სოფლებში უმუშევრობის დონე  საკმაოდ მაღალი - 18.2%-ია), მასშტაბურ წარმოებას, კვალიფიციურ მენეჯმენტს, თვითღირე­ბულების შემცირებას, სარეალიზაციო სეგმენტებზე წარმატებულ ოპერირებას, სამეწარმეო რისკების მინიმუმამდე დაყვანას, სასოფლო-სამეურნეო დარგების ინტენსიურ და ბალანსირებულ  განვითარებას.

მოსახლეობის ინკლუზიური სამეწარმეო განვითარების კუთხით, კოოპერაციული სექტორი გაცილებით ქმედუნარიანია სხვა სამეწარმეო ფორმებთან შედარებით, რადგან, მაგალითად, შპს-ში სამეწარმეო საქმიანობას  ეწევა ერთი ან რამდენიმე პირი, როცა კოოპერატივში იგივე მოცულობით  ინვესტირების პირობებში მაღალი უკუგების მიმღები შეიძლება გახდეს ასობით ადამიანი. ეს პოზიცია არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს ეკონომიკურ პროცესში სოციალური საკითხის წინ წამოწევით რამდენადმე იზღუდებოდეს სამეურნეო სისტემის განვითარების წმინდა ეკონომიკური ასპექტი. პირიქით, სწორედ მრავალმხრივ გააზრებული, სწორი ეკონომიკური მექანიზმის პრიორიტეტი იძლევა მატერიალური დოვლათის განაწილების ორი ძირითადი პრინციპის - ეკონომიკურისა და ეთიკურის ოპტიმალური სინთეზის შესაძლებლობას.

სათემო კოოპერატივები. სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის ლოკალური ტერიტორიული გავრცელების ოპტიმალური ფორმის განსაზღვრაში, პრიორიტეტული მნიშვნელობა სათემო კოოპერატივებს ენიჭება. მათი ჩამოყალიბება მოხდება ადმინისტრაციული ერთეულების ფარგლებში  წარმოების სპეციალიზაციისა და საწარმოო ძალთა კონცენტრაციის ფაქტორების გათვალისწინებით. თემი „Gemeinschaft“ (გერმ.) — ეს არის კოლექტიური ერთობის ყველაზე ბუნებრივი და მდგრადი ფორმა. საქართველოში, განსაკუთრებით საქართველოს მთიანეთში, იგი ისტორიულად წარმოადგენდა სისხლის მონათესავეთა და მათ სამეზობლოდ მცხოვრები ოჯახების გაერთიანებას, სადაც ადამიანები შეკავშირებული არიან გეოგრაფიული, რელიგიური, კულტურული, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური და თავდაცვის საერთო ინტერესებით  და მიმართული არიან მუდმივი გაძლიერებისკენ. სათემო კოოპერატივები უზრუნველყოფენ კოოპერაციის პროცესში მოსახლეობის მასობრივ ჩართულობას, სადაც შესაძლებელი გახდება მასშტაბის ეფექტის გამოყენება და ადგილებზე მოსახლეობის შესაძლებლობების და მატერიალური რესურსების კაპიტალიზაცია, რათა რაც შეიძლება სწრაფად გამრავლდეს მწარმოებლურ ძალთა ჯამი და შეიქმნას ინკლუზიური სამეწარმეო განვითარების მყარი საფუძველი.

მიწა - როგორც ინკლუზიური განვითარების ძირითადი საწარმოო ბაზა. აგრარულ სფეროში გაუაზრებელი აქტივობების შედეგად იქმნება ობიექტური გარემოება, რომ სახელმწიფო პროგრამებით მხარდაჭერილი შპს-ის ტიპის გადამამუშავებელი საწარმოები და შუამავალი ორგანიზაციები ორიენტირებული ხდებიან ექსტენსიურ განვითარებაზე, რაც საკუთარი მიწების გაფართოებით ვლინდება მოსახლეობიდან მიწების შესყიდვის ხარჯზე. ისინი სარგებლობენ იმით, რომ ინდივიდუალურ სამეწარმეო საქმიანობას მიუჩვეველი, სხვადასხვა ხასიათის მრავალ შიდა თუ გარე პრობლემებთან დაპირისპირებული, განცალკევებული და საჭირო ხელშეწყობას მოწყვეტილი გლეხები იძულებული ხდებიან უკიდურესი გაჭირვების გამო გაყიდონ მიწები, რასაც თან ახლავს მათთვის გამოუსწორებელი შედეგები, რამაც ბოლო პერიოდში მასიური ხასიათი მიიღო და რისი გამართლებაც მიწის ბაზრის განვითარების დემაგოგიური არგუმენტებით ყოვლად დაუშვებელია.

მიწა ფერმერისათვის/გლეხისთვის არა მარტო წარმოების ძირითადი საშუალებაა, არამედ მისი, როგორც სოციალურ-ეკონომიკური და ეროვნული, სუბიექტის არსის განმსაზღვრელი ორგანული ნაწილია. ამიტომ მიწების ყიდვა-გაყიდვის საკითხს,  სოციალურ-ეკონომიკურთან ერთად, უდიდესი ეროვნული მნიშვნელობაც აქვს. მიწისაგან გლეხის მოწყვეტა გამოიწვევს მისი, როგორც სამეწარმეო სუბიექტის, ფუნქციის მოსპობას და,  უკეთეს შემთხვევაში, გადააქცევს მას მხოლოდ დაქირავებული შრომის ობიექტად. დაქირავებული ადამიანი შეადგენს უბრალო დანამატს სხვისი კაპიტალის დაგროვების პროცესში, რომელსაც მოეთხოვება მხოლოდ მარტივი, ადვილად ასათვისებელი და ერთფეროვანი სამუშაოს შესრულება. მისი დაქირავების ხარჯები განისაზღვრება მხოლოდ იმ საარსებო მინიმუმით, რომლებსაც იგი საჭიროებს თავის გადასარჩენად და საკუთარი შრომითი რესურსის აღწარმოებისთვის. დღეს, თუნდაც ამ ტიპის სამუშაოს შოვნის დეფიციტის გამო, დაბალშემოსავლიანი მოსახლეობა იძულებულია დათანხმდეს სამუშაოს დისკრიმინაციულ პირობებს.

კოოპერაცია არავის ართმევს საკუთრებას, იგი ართმევს მხოლოდ იმის შესაძლებლობას, რომ ერთობლივი შრომის პროდუქტის მისაკუთრებით დაიმონონ სხვისი შრომა. სწორედ სათემო კოოპერატივებს ყველაზე მეტად შესწევთ უნარი,  შექმნან საერთო სამეურნეო საქმიანობის წარმატებით განხორციელების საფუძვლები, რაც მიწების განკერძოებასთან დაკავშირებულ უმნიშვნელოვანეს პრობლემებსაც მკაცრი საზოგადოებრივი კოორდინირების ფარგლებში მოაქცევს.

მიწის მიმართ დამოკიდებულებამ და მიწის მართვის სწორმა პოლიტიკამ, ქვეყნისა და მოსახლეობისთვის მისი განსაკუთრებული აქტუალობიდან გამომდინარე, უნდა შეასრულოს მნიშვნელოვანი, შეიძლება ითქვას, განმსაზღვრელი ფუნქციაც საქართველოს სახელმწიფოს სტრუქტურირებაში. გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში არსებული დანაწევრებული მიწების პირობებში, მოსახლეობისგან მიწების გამოსყიდვის მექანიზმის შემუშავების გამართლება შეიძლება მხოლოდ მიწების კონსოლიდაციისა და მათი მოვლა-პატრონობის მიზნით. მით უმეტეს, როდესაც საქართველოში სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უმეტესობა დაუცველი, მოუვლელი და დაუმუშავებელია, ხოლო შრომისუნარიანი, ჯანსაღი მოსახლეობა მასიურად გაედინება საზღვარგარეთ სხვის მიწებზე სამუშაოდ.

უაღრესად მნიშვნელოვანი და საგანგაშოა, რომ ასეთ პირობებში, ბუნებრივად ნადგურდება ოჯახის ინსტიტუტი, დეგრადაციას განიცდის და ქრება ადამიანისათვის უძვირფასესი ურთიერთობები. ისტორიულად დამკვიდრებული სენსიტიური ფრაზები ოჯახზე, აღზრდაზე და მშობლებისა და შვილების ნაზ ურთიერთობაზე მხოლოდ ლიტონი სიტყვები და ყბედობა ხდება.

სპეციალიზებული აგროსაკრედიტო სისტემის ფორმირების აუცილებლობა. არსებულ პირობებში, მხარდაჭერის გარეშე, სოფლად  მცირე  მეურნეობების არსებობა შესაძლებელია მხოლოდ დაბალ ტექნოლოგიურ დონეზე, რაც ვერანაირად ვერ უზრუნველყოფს მათ განვითარებას. სახელმწიფო მხარდაჭერით და რეგულირებით ხორციელდება ის ფუნქციები, რომლებიც არ არიან უზრუნველყოფილი თვითრეგულირების  საბაზრო ბერკეტებით. სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციული სისტემის სახელმწიფო დაფინანსება და რეგულირება გამოირჩევა რთული სტრუქტურით და ნორმატიულად განსაზღვრული კომპლექსური მიდგომებით. საბიუჯეტო სახსრების აგრარულ სექტორში განთავსება შეღავათიან პირობში და მათი კონტროლი  სახელმწიფოს მხრიდან ხორციელდება სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების ფარგლებში. ამ პროგრამების შემუშავებასა და რეალიზაციას სახელმწიფო ახორციელებს კომპლექსური მიდგომების საფუძველზე, რაც გამოიხატება იმით, რომ პროექტმა უნდა მოიცვას კონკრეტული მიმართულების სასოფლო-სამეურნეო წარმოების მთლიანი სისტემა.

მიმდინარე პერიოდში სოფლის მოსახლეობის საკრედიტო რესურსით უზრუნველყოფისათვის კოოპერაციული აგროსაკრედიტო სისტემის ფორმირებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. განვითარებული ეკონომიკის ქვეყნებში, კოოპერაციული აგროსაკრედიტო სისტემის მთავარი კომპონენტი ძირითადად წარმოდგენილია კოოპერაციული აგროსაკრედიტო ბანკის სახით, თუმცა ზოგიერთ ქვეყანაში ამ სისტემას საკრედიტო კავშირები ან/და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების საკრედიტო განყოფილებები ქმნიან. კოოპერაციული აგროსაკრედიტო ბანკი  წარმოადგენს აგრარულ სექტორში მიზანმიმართული პოლიტიკის მექანიზმს, რომლის დანიშნულებაა მისი წევრების  შრომითი და მატერიალური რესურსების  ეფექტიანობის ზრდა, რაც მიიღწევა დაკრედიტების შეღავათიანი და გამარტივებული პირობებით, მცირე საპროცენტო განაკვეთით, სოლიდარული პასუხისმგებლობით, ურთიერთნდობითა და კორუფციული გამოვლინებების აღმოფხვრით, სადაც სამეწარმეო საქმიანობის კოოპერაციული მოდელი და კოოპერაციული შიდასაწარმოო ურთიერთობები წარმოადგენს კრედიტის გაცემასთან დაკავშირებული რისკების შემცირების განმსაზღვრელ ფაქტორს. მეპაიეები კარგად იცნობენ ერთმანეთის საქმიანობას  და სოლიდარული პასუხისმგებლობის პრინციპიდან გამომდინარე,   თავად ახდენენ ზეწოლას ე.წ. ცუდ მსესხებლებზე. იმ შემთხვევაში, თუ  რომელიმე მეპაიის მიერ დავალიანება ვერ იფარება, კოოპერატივის სხვა წევრები ვერ იღებენ დამატებით კრედიტს [9]. 

დასკვნა

აუცილებელია არსებითად განსხვავებული სახელმწიფო  პოლიტიკის გატარება, რომელიც ორიენტირებული იქნება რეგიონების მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის, ანუ მცირემიწიანი და მცირეშემოსავლიანი მეურნეების ინტერესების დაცვაზე, ქვეყნის განვითარებაში მათი პრიორიტეტული როლის აღიარებაზე და განვითარების ისეთი მოდელების შექმნაზე, რომელიც გახსნის პიროვნების თავისუფალი განვითარების ყველა შესაძლებლობას;

სახელმწიფო მხარდაჭერისა და რეგულირების სისტემაში არსებული გამოწვევების ადეკვატური, ქმედითი ელემენტების შეტანა ხელს შეუწყობს ეფექტურ ინსტიტუციონალურ მოწყობას და შექმნის მყარ საფუძველს იმ წინააღმდეგობათა გადალახვისათვის, რაც აფერხებს აგრარული სექტორის ტრანსფორმირებას მრავალფეროვანი საფინანსო ურთიერთობების გაფართოებულ სისტემებზე. არასაკმარისი გაცნობიერება იმისა, რომ არსებულ პირობებში სოფლად კოოპერაციის განვითარება სახელმწიფო რეფორმებისა და გარდაქმნების ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა და თავის შეკავება  წარმატებული ეკონომიკის ქვეყნების მდიდარი გამოცდილების გაზიარებისაგან ქმნის გადაულახავ პრობლემებს, რაც შეუძლებელს ხდის სოფლად მოსახლეობის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას;

სოფლის მოსახლეობის ინკლუზიური სამეწარმეო საქმიანობის საკრედიტო უზრუნველყოფისთვის აუცილებელია კოოპერაციული აგროსაკრედიტო სისტემის შექმნა. სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის პროცესის განვითარებას ძირითადად განსაზღვრავს მაკოორდინირებელი ორგანო (სააგენტო) და კოოპერაციული აგროსაკრედიტო ბანკი, რადგან არსებულ პირობებში მხოლოდ მათი ორგანული ტანდემი განაპირობებს თითოეული მათგანის არსებობის მიზანშეწონილობას და წარმატებით ფუნქციონირებას. შესაბამისად, მათი არსებობა ცალ-ცალკე, მოკლებულია ობიექტურ საფუძველს;

არსებულ პირობებში, ქვეყნის ეკონომიკის განვითარების სწორი გეზის არჩევისთვის აუცილებელია ცალსახად და კატეგორიულად განისაზღვროს: როცა არსებობს ინკლუზიური აგროსამეწარმეო საქმიანობის განვითარების ძლიერი ეკონომიკური მოტივები და მით უმეტეს მოდელები, რომელიც გავლენას ახდენს საზოგადოების მრავალრიცხოვანი წევრების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, მათი იგნორირება ან მოაზრება კერძო ბიზნესპროექტების პარიტეტულ რანგში, უკეთეს შემთხვევაში, წარმოადგენს სერიოზულ მეთოდოლოგიურ შეცდომას, ან/და ქვეყნისა და მოსახლეობისთვის უკუშედეგების მომტან, მიზანმიმართულ კორუფციულ პოლიტიკას.

გამოყენებული ლიტერატურა 

  1. არევაძე ლ., რა არის ინკლუზიური ზრდა, პროექტი "სტრატეგიული გეგმა; საქართველო 2020 - სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება", პროექტის ბლოგი "საქართველო 2020";
  2. იაკობიძე დ., საქართველოს ეკონომიკა საერთაშორისო შეფასებათა თვალსაზრისით და განვითარების შესაძლებლობები. თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2010, სამეცნიერო შრომების კრებული, გვ. 14-63;  
  3. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებ-გვერდი;
  4. ესპანეთის კონსტიტუცია 1978;
  5. Cervera E., Tudela L., Cano A., Guzman S.  Capacity Building to the Agriculture Cooperatives Development Agency (ACDA). 04/2017, Project Number: Europe Aid/136454/DH/SER/GE;
  6. იტალიის კონსტიტუცია 1947;
  7. კოღუაშვილი პ., სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის განვითარების  გამოცდილება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.  ჟურნ. „ეკონომიკა და ბიზნესი“.  2019, N2;
  8. მამუკელაშვილი დ. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სამართლებრივი რეგულირება და შიდასაწარმოო ურთიერთობების წესები  (სასწავლო მოდული). ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი Europe Aid/136454/DH/SER/GE,  29/05/2017;
  9. Cordonnier C.  Le Crédit Agricole en France ou le mutualisme conquérant. 11/2018;


[1] 2021 წლის მიხედვით, მედიანური მოხმარების 60%-ის ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილი შეადგენს: სოფლად - 24.7%-ს, ქალაქად - 15.0%-ს, საშუალოდ 18.9%-ს; მედიანური მოხმარების 40%-ის ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილი, შესაბამისად, შეადგენს: 10.8%, 5.2% და 7.4% [3].