English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 1 ∘ შოთა ვეშაპიძე რამაზ ფუტკარაძე
საქართველოს საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები გლობალიზაციის თანამედროვე ეტაპზე

10.36172/EKONOMISTI.2023.XIX.01.SHOTA.VESHAPIDZE.RAMAZ.PUTKARADZE

ანოტაცია.წარმოდგენილ სტატიაში სამეცნიერო კვლევის ინტერესის სფეროა საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობებში საქართველოს მონაწილეობის შედეგებისა და პერსპექტივების გამოვლენა და განსაზღვრა. კვლევის თემისადმი ინტერესი განპირობებულია იმით, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების დონე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული დანარჩენ მსოფლიოსთან და საერთაშორისო ეკონომიკურ გაერთიანებებთან ურთიერთობის ხარისხზე. საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები არის ქვეყნის მდგრადი განვითარების მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ხელს უწყობს სამეცნიერო და ტექნოლოგიური პროგრესის დაჩქარებას, ბუნებრივი რესურსების რაციონალურ გამოყენებას, მსოფლიო ეკონომიკის გლობალიზაციას, საერთაშორისო წარმოების გამოცდილების გაზიარებას, საქონლითა და მომსახურებით საერთაშორისო ვაჭრობის დაჩქარებული განვითარება, კაპიტალისა და ხალხის თავისუფალი გადაადგილება. კვლევის მიზანია საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობებში საქართველოს მონაწილეობის შედეგებისა და პერსპექტივების სიღრმისეული გამოკვლევა.

საკვანძო სიტყვები: ეკონომიკის გლობალიზაცია, რესურსების რაციონალური გამოყენება, საერთაშორისო ვაჭრობა, კაპიტალისა და ხალხის თავისუფალი მოძრაობა, ლოგისტიკური ჰაბი, რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაცია. 

შესავალი

ცნება „გლობალიზაცია“ თანამედროვე მსოფლიოში  მოვლენათა ფართო წრის მიმართ მისი მთლიანობის ზრდის აღსანიშნავად გამოიყენება.  ეს არის პროცესი რომლის განხორციელების შედეგად მსოფლიო გარდაიქმნება ერთიან სისტემად,  რა დროსაც ხდება  ეკონომიკური, კულტურული, პოლიტიკური და რეგიონალური სფეროების ინტეგრაცია. ქვეყნის გლობალიზაციის დონე გვიჩვენებს, რამდენად არის ქვეყანა ინტეგრირებული მსოფლიოში ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური კუთხით. გლობალიზაციის მაღალი დონე ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარების ხელშემწყობ ფაქტორად მიიჩნევა.

ქვეყნის გლობალიზაციის დონე განისაზღვრება გლობალიზაციის ინდექსით, რომელიც გვიჩვენებს, რამდენად არის ქვეყანა ინტეგრირებული მსოფლიოში ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური კუთხით. გლობალიზაციის მაღალი დონე ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარების ხელშემწყობ ფაქტორად მიიჩნევა. ციურიხის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ეკონომიკური გლობალიზაციის ინდექსის თანახმად, საქართველო გლობალიზაციის დონით მსოფლიოში, 2021 წელს 53–ე ადგილს იკავებდა.

თანამედროვე მსოფლიოში, ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, დამოკიდებულია როგორც საშინაო, ასევე საგარეო ფაქტორებზე. ამიტომ, თანამედროვე სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პირობებში, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები, საქართველოს მდგრადი განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. ის ხელს უწყობს სამეცნიერო და ტექნოლოგიური პროგრესის დაჩქარებას, ბუნებრივი რესურსების რაციონალურ გამოყენებას, მსოფლიო ეკონომიკის გლობალიზაციას, სამრეწველო გამოცდილების გაცვლას, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების და საქონლითა და სერვისებით მსოფლიო ვაჭრობის დაჩქარებულ  განვითარებას.

  ძირითადი ტექსტი

მსოფლიო  ეკონომიკის დინამიური განვითარების შედეგად, ახალ ათასწლეულში სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის და საერთაშორისო კონკურენციის გაღრმავების ზეგავლენის ფონზე საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ფორმები შეიცვალა. მისთვის დამახასიათებელი გახდა ეკონომიკური ზრდის დინამიკის შენელება. ის უფრო დაბალია, ვიდრე  მეოთხე სამრეწველო რევოლუციის ტემპებით იყო  მოსალოდნელი. შეიცვალა გლობალიზაციის ხასიათი. მასზე ზეგავლენა იქონია, ასევე   COVID-19 პანდემიის გლობალურმა გავრცელებამ, ხოლო შემდეგ რუსეთ–უკრაინის ომმა,  ეკონომიკური აგენტების უმეტესობის ქცევაში მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ცვლილებები გამოიწვია. შედეგად, ახალი რეალობა  ერთ-ერთ მთავარ ტენდენციად უნდა ჩაითვალოს, რომელიც  მსოფლიო ეკონომიკის ამჟამინდელ განვითარებას განსაზღვრავს.

2007-2008 წლების მსოფლიო გლობალური ეკონომიკური კრიზისის დაბალი ტემპებით დაძლევა,  რომელიც გამოიხატება მსოფლიო საქონელბრუნვის ზრდის ტემპის შენელებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაკადების შემცირებით, პირველ რიგში, განვითარებადი ბაზრების ქვეყნებში, ნიშნავს იმას, რომ საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაში ახალი ტენდენციები გამოიკვეთა. ეს ეხება  წარმოების ფაქტორების საერთაშორისო მოძრაობას, ახალი ტენდენციებს კაპიტალის და სამუშაო ძალის  საერთაშორისო მოძრაობაში. ეკონომიკის გლობალიზაციაზე მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს ციფრული ეკონომიკის განვითარება, რომელიც გამოსახავს დიგიტალიზაციის ზეგავლენას საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების თითოეულ ფორმაზე. საერთაშორისო ორგანიზაციების ოფიციალური  დოკუმენტების ანალიზის საფუძველზე იკვეთება ტენდენცია,  21-ე საუკუნეში ციფრული ეკონომიკის გაფართოების და ციფრული უთანასწორობის დაძლევის შესახებ. საქართველოს ეკონომიკური განვითარების დონე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მსოფლიოს დანარჩენ ქვეყნებთან და საერთაშორისო ეკონომიკურ გაერთიანებებთან ურთიერთობის ხარისხზე.

საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები, საქართველოს მდგრადი განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. ის ხელს უწყობს:  სამეცნიერო და ტექნოლოგიური პროგრესის დაჩქარებას; ბუნებრივი რესურსების რაციონალურ გამოყენებას; მსოფლიო ეკონომიკის გლობალიზაციას; სამრეწველო გამოცდილების გაცვლას;საქონლითა და სერვისებით მსოფლიო ვაჭრობის დაჩქარებულ  განვითარებას.

საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების მნიშვნელოვანი სექტორია ვაჭრობა. საქართველოს საგარეო ვაჭრობა მეტად მოკრძალებულია საერთაშორისო ვაჭრობაში. ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, 2021 წელს მსოფლიო საქონლის ექსპორტმა 21678 მლრდ აშშ დოლარი, ხოლო საქონლის იმპორტმა 22034 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. საქართველოს საქონლის ექსპორტი მსოფლიო ექსპორტის 0.02%, ხოლო საქართველოს საქონლის იმპორტი მსოფლიო იმპორტის 0.05%-ია. ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, საქართველო მსოფლიო 100 ექსპორტიორ და იმპორტიორ ქვეყანებს შორის არაა წარმოდგენილი  (წყარო: World Trade Organization, 2022. World Trade Statistical Review). 2022 წლის წინასწარი სტატისტიკური მონაცემების მიხედვით საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 19 042.9 მლნ., საქონლის რეგისტრირებული ექსპორტი (FOB)– 5 592.8 მლნ.,  საქონლის რეგისტრირებული იმპორტი (CIF)– 13 450.1 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს. ბოლო 6 წლის პერიოდში, საგარეო ვაჭრობის უარყოფითი სალდო შესაბამისად შეადგენს: 2017 წ. –-5 311.4 მლნ., 2018 წ. –5 981.7 მლნ., 2019 წ.  –5 721.1 მლნ., 2020 წ. –4 709.4 მლნ., 2021 წ. –5 857.1 მლნ.,  2022 წ. –7 857.2  მლნ. აშშ დოლარს შეადგენს. ადგილობრივი ექსპორტი, შესაბამისად, მლნ. აშშ დოლარებში შეადგენს: 2006, 4; 2 224.1; 2 323.8; 2 409.1; 3 127.1; 3 704.2. ( წყარო საქსტატი: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/765/sakonlit-sagareo-vachroba).  

მონაცემები ცხადყოფს, რომ საანალიზო პერიოდში, ადგილობრივი ექსპორტი განუხრელად იზრდება.   თუმცა, საქართველოს საგარეო ვაჭრობის უარყოფითი სალდო აქვს და  ექსპორტი, იმპორტს 2,5–ჯერ ჩამორჩება. ასევე, ძირითადი აგროსასურსათო პროდუქტების, მათ შორის ხორბლის, სიმინდის, ბოსტნეულის, რძის და რძის პროდუქტების, ხორცის - თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტები 90%-ზე დაბალია, რაც მდგრადი სასურსათო უზრუნველყოფის მთავარ გამოწვევას წარმოადგენს. თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი ძირითადად იმეორებს ადგილობრივი წარმოების ტენდენციას. სხვა სიტყვებით, როდესაც იზრდება ადგილობრივი წარმოება, იზრდება თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტიც. თუმცა, არსებობს გამონაკლისი შემთხვევებიც, როდესაც ადგილობრივ წარმოებაზე მეტად სხვა ფაქტორი ახდენს გავლენას (უარყოფითს ან დადებითს) თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტზე. ამიტომ მნიშვნელოვანია იმპორტის ჩანაცვლებითი და ექსპორტზე ორიენტირებული წარმოებების შექმნა, რასაც ხელს ინოვაციების დანერგვა, ახალი საწარმოების აშენება და ახალი ინოვაციური ტექნოლოგიების შემოტანა და ასევე მისი გაუმჯობესება.

საგარეო ვაჭრობის განვითარება და საქონელბრუნვის ზრდა, საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის რეალიზაციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პირობაა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს:

v  ქვეყნის სავალუტო შემოსავლების შევსება;

v  ხელი შეუწყოს ადგილობრივი წარმოების გაფართოებას და მოსახლეობის დასაქმების ზრდას;

v  მოახდინოს აუცილებელ, ანუ კრიტიკულ იმპორტზე შიდა ბაზრის მოთხოვნილების დაკმაყოფილება;

v  ჯანსაღი კონკურენტული გარემოს ფორმირება და ეკონომიკის სტრუქტურული სრულყოფა;

v  დააჩქაროს მსოფლიო ეკონომიკურ სისტემაში ქვეყნის სრულფასოვანი ინტეგრირების პროცესი;

v  დააჩქაროს საგარეო ვაჭრობის დივერსიფიცირების პროცესი.

საგარეო ვაჭრობის სფეროში საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკა, 2000 წლიდან ვაჭრობის  მსოფლიო ორგანიზაციის (WTO) წინაშე აღებული ვალდებულებების შესაბამისად ხორციელდება. ქვეყანამ უნდა გააგრძელოს ლიბერალური საგარეო სავაჭრო პოლიტიკა,  რაც საქართველოს სავაჭრო პოლიტიკის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს წარმოადგენს. საქართველოს უნდა გააგრძელოს ორმხრივი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების გაფორმება საერთაშორისო თანამეგობრობის წევრ ქვეყნებთან.

ახალმა ეკონომიკურმა პირობებმა გააფართოვა „სატრანსპორტო მომსახურების“ კონცეფცია. დღეს სატრანსპორტო მომსახურება ნიშნავს არა მხოლოდ საქონლის ან მგზავრების რეალურ გადაზიდვას, არამედ ნებისმიერ ოპერაციას, რომელიც არ არის ტრანსპორტირების პროცესის ნაწილი, არამედ დაკავშირებულია მის მომზადებასა და განხორციელებასთან. როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის ანალიზით ირკვევა, ბოლო წლებში, მშპ–ს ზრდის მილართულებით, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ინფორმაციას და კომუნიკაციებს, ტრანსპორტს და დასაწყობებას. ტრანსპორტის და კავშირგაბმულობის სექტორი ყველაზე სწრაფად იზრდება. განსაკუთრებით დაჩქარდა მისი ზრდა ბოლო წლებში. 2017 წელს, წინა წელთან შედარებით, მისი ზრდა  0,8%–ს, 2018 წელს 0,3%–ს, 2019 წელს 1,0%–ს, 2020 წელს 1,3%–ს, 2021 წელს 2,4%–ს, 2022 წლის I, II და III კვარტლების მიხედვით კი შესაბამისად 2,4%–ს, 2,5%–ს, და 3,7%–ს შეადგენს, რაც ყველა სექტორზე მაღალია. (წყარო: file:///C:/Users/user/Desktop/master-presentation-for-web-31-01-2023-geo.pdf). შეიძლება ითქვას, რომ უმთავრესი პროდუქტი, რომელიც საქართველოსგან ჭირდება გარესამყაროს, სატრანსპორტო-ლოგისტიკური მომსახურება და კომუნიკაციებია. 

მსოფლიოში ახალი ფოტმატის აბრეშუმის გზა ყალიბდება. საქართველოსთვის ეს ნიშნავს ახალი ენერგომატარებლების, ელექტროსადენების, ბოჭკოვანი სადენების, ავტოსტრადების, ახალი პორტების და აეროპორტების ისტორიულ და ბუნებრივ კალაპოტს, ფინეთის ყურედან სპარსეთის ყურემდე, ბალტიის ზღვიდან არაბეთის ზღვამდე, ეგეოსის ზღვიდან კასპიის ზღვამდე, კასპიის ზღვიდან ყვითელ ზღვამდე. ამ ახალ პორტებს, ახალ ციფრულ სადენებს და ახალ ქარვასლებს ახალი ტექნოლოგიები და ინფრასტრუქტურა სჭირდება, რომ ქვეყანამ შეასრულოს სატრანსპორტო, ლოგისტიკური, ენერგეტიკული, ინფორმაციული, ფინანსური ჰაბის ფუნქციები.  იწყება აღმოსავლეთ ევროპის და კავკასიის კონტინენტური წესრიგი, როგორც კარგად დავიწყებული ძველი და ახალი აბრეშუმის გზა. მალე, საქართველოს წლიურად $35 ტრილიონის ტვირთები მოადგება, დაიწყება ანაკლიის ღრმაწყლიანი პორტის მშენებლობა, შავი ზღვის ფსკერზე ელექტრო და ინტერნეტკაბელების ჩადება და სხვა მრავალი იდეა პროექტების განხორციელება, სტრატეგიოლ პარტნიორებთან ერთად.

საქართველოსთვის მნიშვნელოვანია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა, თუმცა მისი გავლენა არ არის ცალსახად პოზიტიური. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების უდიდესი ნაწილი თბილისზე მოდის. აუცილებელია საქართველოს ყველა რეგიონში შეიქმნას ისეთი ინფრასტრუქტურული პოლიტიკური თუ ეკონომიკური გარემო, რომელიც ინვესტორებისთვის ძალზედ მიმზიდველი იქნება,  რაც მნიშვნელოვნად შეუწყოფს ხელს მის განვითარებას. ასევე მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მიერ აღებული შიდა და საგარეო ვალის ეფექტიანობის ამაღლება.

საქართველო აქტიურად ჩაერთო საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საერთაშორისო შრომითი მიგრაციის პროცესებში. 90-იანი წლებიდან მოსახლეობის დიდმა ნაწილმა სოციალურ-ეკონომიკური მიზეზების გამო დატოვა ქვეყანა და საზღვარგარეთ დაიწყო მუშაობა. საქართველოსთვის, 2022 წლისთვის,  გამოწვევაა   გაზრდილი ემიგრაცია და ასევე, გაზრდილი იმიგრაციული ნაკადები უკრაინიდან, ბელარუსიდან და განსაკუთრებით კი რუსეთიდან. უკრაინის ომის დაწყებიდან მნიშვნელოვნად არის მომატებული ნაკადები რუსეთის ფედერაციიდან. იქედან გამომდინარე, რომ რუსეთის მოქალაქეებს საქართველოსთან აქვთ უვიზო მიმოსვლა, მათთვის შედარებით მარტივია დარიალის სასაზღვრო-გამტარი პუნქტის გავლით საზღვრის კვეთა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 27 სექტემბერს ნაწილობრივი ინფორმაცია გაასაჯაროვა, სულ 10 დღის მონაცემები, სადაც მოცემული იყო რუსეთის რამდენმა მოქალაქემ გადმოკვეთა და გადაკვეთა საქართველოს საზღვარი ყველა გამშვები პუნქტიდან: გადმოკვეთა - 78 742 ადამიანმა, ხოლო გადაკვეთა - 62 120 ადამიანმა (წყარო: https://police.ge/ge/shinagan-saqmeta-saministros-gantskhadeba/15448). ამავე სტატისტიკით ირკვევა, რომ  2022 წელს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი რუსეთის 1 459 546-მა მოქალაქემ გადმოკვეთა. 2021 წელს საქართველოს საზღვარი ჯამში რუსეთის 292 512-მა მოქალაქემ გადმოკვეთა. (წყარო: https://formulanews.ge/News/83920). გაზრდილ მიგრაციას თან  სხვადასხვა ეფექტები  ახლავს. აუცილებელია მათი ჩამოსვლისა და დარჩენის მიზეზების გამოკვლევა, რათა შეფასდეს გავლენა ეკონომიკაზე. რაც უკვე შეგვიძლია ვთქვათ არის ის, რომ გაზრდილია ფასები მაგალითად, უძრავი ქონების ყიდვასა და გაქირავებაზე,  სურსათზე, გამყარდა ლარის კურსი.

2022 წლის ნოემბრის ბოლოს მსოფლიო ბანკმა KNOMAD-თან (The Global Knowledge Partnership on Migration and Development) ერთად გამოაქვეყნა ანგარიში საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილების მდგომარეობის შესახებ „Remittances Brave Global Headwinds Special Focus: Climate Migration“. პუბლიკაცია შეიცავს უამრავ სტატისტიკურ ინფორმაციას ფულადი გზავნილების შესახებ მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან 1990-იანი წლების დასაწყისიდან. შემომავალი და გამავალი ფულადი ნაკადების ანალიზი საშუალებას იძლევა არა მხოლოდ ქვეყნის შრომის ბაზრის ხარისხის დიაგნოსტიკისა, არამედ განსაზღვროს მისი გადასვლის მდგომარეობა მდგრად საბაზრო ეკონომიკაზე.

2022 წელს ფულადი გზავნილები საზღვარგარეთიდან გახდა ყველაზე დიდი სავალუტო ნაკადი დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში. მათ გადააჭარბეს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების, პორტფელის ინვესტიციებისა და სახელმწიფო საგარეო დახმარების მოცულობას. შრომითი მიგრანტები (მუდმივი, სეზონური) თავად პოულობენ დასაქმების შესაძლებლობებს, თავად ქმნიან კომპანიებს, შოულობენ ფულს და შემოსავლის ნაწილს უგზავნიან ოჯახებს სახლში. ასეთი დეცენტრალიზებული ხალხის ეკონომიკური პარტნიორობა ძალიან ღირებულია. საზღვარგარეთ მომუშავე ქართველები, იღებენ არა მხოლოდ ფულს, არამედ ცოდნას, კავშირებს, ნოუ-ჰაუს, მართვის უნარებს და კაპიტალის სხვა ფორმებს, რომელთა ინვესტიცია გარკვეულ პირობებში შეუძლიათ მშობლიურ ქვეყანაში. ჩატარებული ფართომასშტაბიანი სოციოლოგიური გამოკვლევით გამოვლინდა, რომ მსოფლიო შრომის ბაზარზე ამა თუ იმ ფორმით მონაწილეობა, საერთაშორისო შრომითი მიგრაციის მეშვეობით, საქართველოსთვის სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. არალეგალური შრომითი მიგრაცია საფრთხეს წარმოადგენს, როგორც ცალკეული ინდივიდისთვის, ასევე გამგზავნი და მიმღები ქვეყნისთვის. ამიტომ, საჭიროა გონივრული ღონისძიებების გატარება შრომის ლეგალური მიგრაციის ხელშეწყობა, რაც  შესაბამისი სახელმწიფო პოლიტიკის გაძლიერებას მოითხოვს. მნიშვნელოვანია მსოფლიო თანამეგობრობის, განსაკუთრებით საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყნებთან  შესაბამისი თანამშრომლობის დამყარება,  ლეგალური შრომითი და ცირკულარული მიგრაციის განვითარებისთვის. დღეს ქართველების მხარდაჭერის ყველაზე ღირებული ფორმა განვითარებულ ქვეყნებში, პირველ რიგში, ევროკავშირში, აშშ-ში, კანადაში, ბრიტანეთში და ა. შ., არის შემდეგი გადაწყვეტილებების მიღება: ქართველებისა და ადგილობრივი მოქალაქეების სტატუსის გათანაბრება მათ შრომით ბაზარზე; შრომის ბაზარზე შესვლის პროცედურის მაქსიმალური გამარტივება, ღირებულების შემცირება; დროებით დასაქმებულ ქვეყანაში ანგარიშების გახსნის, შიდა და გარე გადახდების შეუფერხებელი უფლების მინიჭება; დროებით საცხოვრებელ ქვეყანაში ფულადი შემოსავლის გადასახადის გადახდისაგან გათავისუფლება.

საქართველოს ეკონომიკა სწრაფად ინტეგრირდება მსოფლიო ეკონომიკაში. ვაჭრობისა და კაპიტალის მოძრაობის დინამიკა წარმოადგენს ეკონომიკური ინტეგრაციის უმთავრეს დეტერმინატებს.  ბოლო შვიდ წელიწადში, ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს ექსპორტი მზარდი ტენდენციით ხასიათდება. თუმცა, ევროკავშირის წილი საქართველოს მთლიან ექსპორტში და სავაჭრო ბრუნვაში, ასევე, მთავარი სავაჭრო პარტნიორების კომპოზიცია, მხოლოდ მცირედით შეიცვალა. ამასთან, ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს ექსპორტის სტრუქტურა თითქმის უცვლელია და მხოლოდ მცირე რაოდენობის ახალი პროქდუქცია დაემატა ტრადიციულ საექსპორტო პროდუქციას. ევროკავშირის ქვეყნებიდან განხორციელებული ინვესტიციების დინამიკაში მნიშვნელოვან პოზიტიურ ცვლილებებს ადგილი არ ქონია. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია  საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების, მათ შორის DCFTA-ს განხორციელების ეფექტიანობის ამაღლება,  საქართველოს ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის დონის მნიშვნელოვნი ზრდა.

საქართველოს მონაწილეობა ტექნოლოგიების და ინტელექტუალური საკუთრების საერთაშორისო  ბაზარზე ხასიათდება სმარტფონებისა და ინტერნეტის საბაზრო შეღწევადობის მაჩვენებლებით, რომლებიც 2021 წლის მონაცემებით, 84% და 86%-ს შეადგენს. ამ მაჩვენებლით, საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა. საქართველოში  განვითარებულია საბანკო ინდუსტრიაც, რომლებიც რეგიონში ქმნიან საუკეთესო ინოვაციურ სერვისებსა და პროდუქტებს, რაც ავითარებს ბიზნესსა და ეკონომიკას. საქართველოში არსებობს ,,ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო’’, რომლის მისიაცაა ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარებისათვის საჭირო ეკოსისტემის ფორმირება, ინოვაციების და მაღალტექნოლოგიური პროდუქტების ექსპორტის ზრდისთვის საჭირო გარემოს შექმნა, ინოვაციისა და ცოდნის კომერციალიზაციის ხელშეწყობა, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების გამოყენების სტიმულირება ეკონომიკის ყველა დარგში.

საერთაშორისო ციფრული კონკურენციის ინდექსი კარგი მაჩვენებელია საქართველოს პოზიციის შესაფასებლად ციფრული კონკურენტრუნარიანობის მიხედვით. ციფრული ეკონომიკა არის ეკონომიკური აქტივობა, რომელიც გამოწვეულია მილიარდობით ყოველდღიური ონლაინ კავშირებით ადამიანებს, ბიზნესს, მოწყობილობებს, მონაცემებსა და პროცესებს შორის. ციფრული ეკონომიკის ხერხემალი არის კავშირი, რაც გულისხმობს ადამიანების, ორგანიზაციებისა და მანქანების მზარდ ურთიერთკავშირს, რაც გამოწვეულია ინტერნეტითა და მობილური ტექნოლოგიებით. ციფრული ეკონომიკა მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა ხელოვნური ინტელექტი, კრიპტოვალუტა, ონლაინ ვაჭრობა, მომსახურება და სხვა. აღსანიშნავია, რომ კოვიდ-19-ის პანდემიის პერიოდში, კიდევ უფრო მეტად გაესვა ხაზი ციფრული ეკონომიკის მნიშვნელობას, გამოჩნდა ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების მნიშვნელობა. თუმცა, ციფრული კონკურენტრუნარიანობის ინდექსის 64 ქვეყანაში ვერ მოხვდა საქართველო. ინდექსი აჩვენებს რომ მაღალი ციფრული კონკურენტრუნარიანობით გამოირჩევა ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა: აშშ, ჰონგ კონგი, შვედეთი, დანია, სინგაპური. აღნიშნული ქვეყნები იკავებენ მოწინავე პოზიციებს რეიტინგში, როგორც 2020, ასევე 2021 წელს.

დასკვნა

საქართველო, წარმატებითაა ჩართული მსოფლიო ეკონომიკურ თანამეგობრობაში. ქვეყანა ზრდის საექსპორტო პოტენციალს, აფართოებს ეკონომიკურ თანამშრომლობას მსოფლიოს ქვეყნებთან, ამყარებს ურთიერთხელსაყრელ ურთიერთობებს ყველა სფეროში აშშ–სთან,  ევროკავშირთან, აზერბაიჯანის და სომხეთის რესპუბლიკებთან, ახლო აღმოსავლეთის, ყაზახეთის და შუა აზიის სხვა რესპუბლიკებთან, რუსეთის ფედერაციასთან,  ჩინეთთან, ევროპის ქვეყნებთან, იაპონიასთან, სრულიად მსოფლიო თანამეგობრობასთან. მნიშვნელოვანი საკითხია საქართველოს ევროპული ინტეგრაცია. ამ მოკლე დროში ქვეყნის პრიორიტეტს წარმოადგენს კანდიდატის სტატუსის მიღება და კიდევ უფრო დაახლოება ევროკავშირის წევრობასთან.

საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობებში საქართველოს მონაწილეობის სისტემური ანალიზის საფუძველზე შეიძლება დავადგინოთ არსებული გამოწვევები და მისი დაძლევის გძები, რისთვისაც საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ყველა სფერო მნიშვნელოვანია.  საქართველოს    განვითარებას უნდა განსაზღვრავდეს, სად არის საქართველო და საით მიემართება მისი სამომავლო განვითარება, რა არის პრიორიტეტული და მნიშვნელოვანი სუვერენული სახელმწიფოსთვის, როგორია ქვეყნის ინტეგრაცია მსოფლიო თანამეგობრობის ქვეყნებთან, განვითარების საგარეო ორიენტირები, რა წარმატებებს ვაღწევთ ქვეყნის მოქალაქეების უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ამაღლების მუდმივ და მდგრად უზრუნველყოფაში. ამ ამოცანების გადაჭრა, დროის მოთხოვნის შესაბამისი პრიორიტეტების განხორციელებით შეიძლება, რასაც საქართველოს ხელისუფლება ურყევად მიჰყვება. ამის მნიშვნელოვანი დადასტურებაა 2022 წლის 17 დეკემბერს, ხელმოწერილი „მემორანდუმი აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთის და უნგრეთის მთავრობებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში“,რომელსაც რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მოეწერა ხელი. ეს საუკუნის პროექტი საქართველოს ეკონომიკის განვითარების უპრეცედენტო შესაძლებლობებს ქმნის.

ლოჯისტიკური მომსახურების ბაზრის განვითარება საქართველოს საშუალებას მისცემს სრულად გამოიყენოს თავისი ხელსაყრელი გეოგრაფიული პოზიცია და გაზარდოს ბუნებრივი რესურსების, ნავთობის, ბუნებრივი აირის,  საქონლის ნაკადების ტრანზიტის გაზრდილი შესაძლებლობები ქვეყნის გავლით. საჭიროა ინფრასტრუქტურის, პორტების, სატრანსპორტო მომსახურების განვითარების, ენერგეტიკული, ინფორმაციული ჰაბის შექმნის ხელშეწყობა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, სავალუტო შემოსავლის ზრდა.

მსოფლიო შრომის ბაზარზე ამა თუ იმ ფორმით მონაწილეობა, საერთაშორისო შრომითი მიგრაციის მეშვეობით, საქართველოსთვის სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. არალეგალური შრომითი მიგრაცია საფრთხეს წარმოადგენს, როგორც ცალკეული ინდივიდისთვის, ასევე გამგზავნი და მიმღები ქვეყნისთვის. ამიტომ, საჭიროა გონივრული ღონისძიებების გატარება შრომის ლეგალური მიგრაციის ხელშეწყობა, რაც  შესაბამისი სახელმწიფო პოლიტიკის გაძლიერებას მოითხოვს. მნიშვნელოვანია მსოფლიო თანამეგობრობის, განსაკუთრებით საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყნებთან  შესაბამისი თანამშრომლობის დამყარება,  ლეგალური შრომითი და ცირკულარული მიგრაციის განვითარებისთვის. 

გამოყენებული ლიტერატურა

აბესაძე რ. (2020). საქართველოს ინოვაციური პოლიტიკა და სისტემა. თსუ პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომების კრებული. ტომი XIII. თბილისი, გვ.10–46. ელექრონული რესურსი: https://www.pgie.tsu.ge/contentimage/xxxx/shr.kreb.2020.pdf

აბესაძე რ. (2022).  საქართველოს ეკონომიკის ინოვაციური განვითარების სტრატეგიის ძირითადი მიმართულებები DOI: 10.36172/EKONOMISTI.2022.XVIII.02.RAMAZ.ABESADZE“ეკონომისტი”, “Ekonomisti” #2, გვ. 22-30.

ბურდული ვ. (2020). საქართველოში ინოვაციების გავრცელების სექტორული და რეგიონული პრობლემები. თსუ პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომების კრებული. ტომი XIII. თბილისი, გვ. 98–179. ელექრონული რესურსი: https://www.pgie.tsu.ge/contentimage/xxxx/shr.kreb.2020.pdf

მაღრაძე ზ. (2022). ახალი ფორმატის აბრეშუმის გზა. https://tv9news.ge/ka/akhali-ambebi/garthoba/article/31730

მაღრაძე ზ., (2022). საქართველოსკენ დიდი ქარავნები დაიძრება. https://tbilisipost.ge/news/zurab-maghradze---saqartvelosken-didi-qaravnebi-daidzreba/6351

მაღრაძე ზ., (2022). "ვინც მოისმენს, ის მოიგებს" - მალე, საქართველოს წლიურად $35 ტრილიონის ტვირთები მოადგება, გვინდა, რომ ფული დარჩეს პირველ რიგში ქართველ ხალხს? https://tbilisipost.ge/news/zurab-maghradze-vin-moismens-is-moigebs---male-saqartvelos-tsliurad-35-trilionis-tvirtebi-moadgeba-gvinda-rom-fuli-darches-pirvel-rigshi-qartvel-khalkhs-/6248 

პაპავა ვ. (2001). „საქართველოს საერთაშორისო ეკონომიკური ფუნქცია.“ სოციალური ეკონომიკა,“ N 5.

პაპავა ვ. (2017). “ერთი სარტყელი – ერთი გზის ინიციატივა” და საქართველო.  თბილისი, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ფონდი.

ტალიკაძე ნ., (2022). სასურსათო უსაფრთხოების მდგომარეობა - უახლესი ტენდენციები ციფრებში. https://idfi.ge/ge/food_security_latest_trends_in_numbers

უკლება მ., ციხელაშვილი მ. (2022). სამხრეთ კავკასია საგარეო ვაჭრობის განზომილებაში. https://di.gov.ge/publications/analytical-papers/samkhreth-kavkasia-sagareo-vatcrobis-ganzomilebashi-mikheil-ukleba-da-mamuka-cikhelashvili/

უკლება მ., ციხელაშვილი მ., თავაძე ნ. (2022).  სამხრეთ კავკასია გლობალურ მონაცემთა რაკურსში – ინდექსები, რეიტინგები. https://di.gov.ge/publications/analytical-papers/samkhreth-kavkasia-globalur-monacemtha-rakursshi-indeqsebi-reitingebi-mikheil-ukl-+eba-mamuka-cikhelashvili-nukri-thavadze/

ღაღანიძე გ. (2018). საქართველოს საექსპორტო პოტენციალის მენეჯმენტის აქტუალური საკითხები. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი. 149 გვ.

შენგელია თ., (2022). სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ეკონომიკური განვითარება COVID-19 პანდემიის პირობებში. შრომების კრებული, გვ.   363–370.

ხუსკივაძე მ. (2020). საქართველოს ეკონომიკის რესურსული უზრუნველყოფა თანამედროვე ეტაპზე. თსუ პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომების კრებული. ტომი XIII. თბილისი, გვ. 271–292. ელექრონული რესურსი:https://www.pgie.tsu.ge/contentimage/xxxx/shr.kreb.2020.pdf

ჯიბუტი მ. (2022).  საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გამოწვევები. შრომების კრებული,გვ.477–482.
Aslamazishvili, N. (2021). Pandemic and Recent Trends in Balance of Payments: The Case of Georgia. Globalization and Business. 12, 94-102. https://doi.org/10.35945/gb.2021.12.013
Aslamazishvili N. (2020). Georgia in the World of Coronomics: Threats and Challenges. Globalization and Business. 10, 94-102. https://doi.org/10.35945/gb.2020.10.012

Bedianashvili G. (2022). The COVID-19 Pandemic, Globalization and the Socio-Economic System of the Country (Macro Aspect). Proceedings, p.38–42.

Eteria, E. (2019). Georgia’s Trade Performance in the Light of EU-Georgia Deep and Comprehencive Free Trade Area, Ecoforum Journal, 8(2/19).

Eteria, E. (2022). Economic Dimension of the EU-Georgia Association Agreement: Theo-
ry and Practical Implications. “Ekonomisti”. N 1,VOLUME XVIII. P. 69-80.

Castles S. Miller. (2020). The Age of Migration. International Population Movement in the Modern World. Washington. 2020.

Danelia I. (2021). Impact of COVID-19 on Container Shipping Industry Case of Georgia. DOI: 10.13140/RG.2.2.27147.00807 Conference: Container Transportation in Georgia: market, claims and freight issues. https://www.researchgate.net/publication/354316469_Impact_of_COVID19_on_Container_Shipping_Industry_Case_of_Georgia

Gvelesiani, M., & Veshapidze, S. (2016). European Values: What Can We Implement from Them and How Can We Implement Them in Georgia. Globalization & Business. (1). 40-46. (In Georgian).

Gvelesiani, M., & Veshapidze, S. (2016). Values: Limits and Contradictions. Globalization & Business, (1). 35-39. (In Georgian).

Putkaradze R. (2019). Georgia in the European Union's  Eastern Partnership Countries: Historical Aspects and Challenges. Journal, Ecoforum Journal. Volume 8, Issue 1(18).

Papava V. (2020). Becoming european: challenges for Georgia in the twenty-first century. iUniverse. Bloomington.

Papava V. (2020). Georgia’s european way during the period of pandemic deglobalization. Rondeli Blog, August 6, https://gfsis.org.ge/blog/view/1091.

Shengelia, T., Berishvili, K., & Jganjgava, K. (2022). IMPROVING THE METHODOLOGY OF MEASURING SOCIAL CAPITAL IN INTERNATIONAL COMPANIES. Sciences of Europe, (97), 15-18.

Silagadze A. (2022). Economics Contemporary Global Economic Trends: Transitional Economies during Covid-Depression. BULLETIN OF THE GEORGIAN NATIONAL ACADEMY OF SCIENCES, vol. 16, no. 3, p. 130–135.

Veshapidze, S., & Zoidze, G. (2022a). On State Intervention in the Economy through the Budget in Georgia. WORLD ECONOMY AND INTERNATIONAL ECONOMIC RELATIONS. - International Scientific Collection - Vol. 5. Kyiv – CUL. https://doi.org/10.5281/zenodo.5807500.

Veshapidze, S., Otinashvili, R.,  Gvarutsidze, A., Abuselidze, G., Zoidze G. (2022). "Modern technologies to overcome the challenges of globalization". Entrepreneurship. Volume: 10, Number: 2.https://www.ceeol.com/search/article-detail?id=1074987

Veshapidze, S., & Zoidze, G. (2022). Value choices of the community in the context of the covid-19 pandemic (საზოგადოების ღირებულებითი არჩევანი კოვიდ-19 პანდემიის პირობებში) URI: http://dspace.tsu.ge/xmlui/handle/123456789/1405

Zubiashvili, T., Veshapidze, Sh. Labor Emigration and Employment in Georgia. (Co-authorship). Humanities and Social Sciences Review, Volume 09, Number 01, 2019,USA.pp.127-136.   http://www.universitypublications.net/hssr/0901/html/E9X94.xml

Zoidze,G., &Veshapidze, S. (2022)  The Modern Economy and Values. Publisher Cambridge Scholars Publishing